სახელმწიფო გოგონებს ყიდის
სკოლის მოსწავლე გოგონას გატაცების მორიგი ფაქტი აზერბაიჯანულ სოფელში 28 აპრილს მოხდა.
მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოს საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მეთორმეტეკლასელი გოგონა მამაკაცმა ცოლად მოყვანის მიზნით გაიტაცა.
გოგონა 17 წლისაა. მამაკაცი მასზე 10 წლით უფროსი. პოლიციამ ორი დღის განმავლობაში ვერ იპოვა არასრულწლოვნის გამტაცებელი. ორი დღის შემდეგ გამტაცებელმა გოგონა სახლში თვითონ დააბრუნა და ოჯახს უთხრა, რომ გოგო თანახმაა მისი ცოლი გახდეს და მისთვის არაფერი დაუძალებია.
შემდეგ მოხდა ის, რაც ასობით ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე – მშობლები შვილის გამტაცებელს გაურიგდნენ და შვილი ცოლად გააყოლეს. პოლიციამ გამტაცებელთან საპროცესო გარიგება გააფორმა და ბიუჯეტში სოლიდური გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლა. მთელს ამ გარიგება-მორიგებაში თავად გატაცებული გოგონას ხმა არასოდეს ისმის. მხოლოდ გადმოცემით ვიცით, რომ გოგონაც თანახმაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა “ჯემნიუსს” განუცხადა, რომ პოლიციამ გამტაცებელიც და არასრულწლოვანი გოგონაც დაკითხა: “ორივემ განაცხადა, რომ 4 წელიწადია ერთმანეთი უყვართ, გოგოს ხელის სათხოვნელად მამაკაცი მის ოჯახში რამდენჯერმე იმყოფებოდა კიდეც. მართალია, გოგონა თანახმაა, ცოლად გაჰყვეს, მაგრამ გამოძიება ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს”.
თუმცა, სულ სხვა ვერსია ჰქონდა გატაცებული გოგონას დას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას აცხადებდა, რომ მისი და გათხოვებას არ აპირებდა და ის ძალის გამოყენებით გაიტაცეს.
ეს პირველი და, სავარაუდოდ, არა უკანასკნელი შემთხვევაა, როდესაც არასრულწლოვან გოგონას იტაცებენ და ამის გამო არავინ ისჯება. განსაკუთრებით ხშირია გატაცების შემთხვევები საქართველოს აზერბაიჯანულ სოფლებში.
სტატისტიკაც სავალალოა:
სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011–2014 წლებში საქართველოში მე-9 კლასამდე სწავლა 4 599-მა გოგონამ შეწყვიტა. 2015 წელს 611 არასრულწლოვანი პირის ქორწინება დარეგისტრირდა, 2014 წელს – 665.
ომბუდსმენის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ განათლების სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს, ოჯახის შექმნის მიზეზით, სწავლა 13-დან 17 წლამდე 408 მოსწავლემ შეწყვიტა, ხოლო 168 შემთხვევაში სწავლას თავი 18 წელს მიღწეულმა მოქალაქემ დაანება.
თუმცა, სავარაუდოდ, ეს მონაცემები არაზუსტია და ვითარება კიდევ უფრო დრამატულია, რადგან აღმოჩნდა, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში, სადაც ყველაზე ხშირია არასრულწლოვანთა ქორწინება, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ აწარმოებდნენ სტატისტიკას, თუ რამდენმა მოსწავლემ დაანება თავი სკოლაში სიარულს ოჯახის შექმნის გამო.
ქვემო ქართლში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, ნაადრევი ქორწინება ჩვეულებრივი ამბავია და როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აზერბაიჯანული ტრადიციის ნაწილია.
აშკარაა, რომ ამ ტრადიციის ტყვეობაში ხვდებიან სამართალდამცველებიც, რომლებიც ხშირად უგულებელყოფენ საქართველოს კანონმდებლობას და თვალს ხუჭავენ დანაშაულზე.
“ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა”, “ნუ გაათხოვებთ კიდევ ერთ გოგოს მოძალადეზე”, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით საქართველოს პროკურატურასთან 30 აპრილს რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას მოუწოდეს, აღასრულონ კანონი და აზერბაიჯანულ თემში გოგონების გატაცებას კანონის შესაბამისად უპასუხონ.
“პროკურატურა ელოდება, როდის გარიგდებიან ოჯახები, შემდეგ კი საპროცესო შეთანხმების შედეგად, გამტაცებელს უშვებენ. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. პოლიციამ თვითონ არ მოძებნა ეს მამაკაცი. მისი გამოჩენის შემდეგ დაკითხა და გაუშვა. არასრულწლოვნისთვის თავისუფლების შეზღუდვა, სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ეს კრიმინალია”, – ამბობს უფლებადამცველი ბაია პატარაია.
საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია მათ მიმართ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინებას ან მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას გადაწყვეტენ:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 108-ე მუხლის თანახმად, ქორწინება სრულიად დაუშვებელია 18 წლამდე.
- თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დანაშაულია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
- სქესობრივი კავშირი თექვსმეტ წლამდე ასაკის პირთან ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7-დან 9 წლამდე ვადით.
თუმცა კოდექსის 1501-ე მუხლი სამართალდამცველებს საშუალებას აძლევს, გატაცებული გოგონას ოჯახის თანხმობის შემთხვევაში, საქმე საპროცესო შეთანხმებით დაასრულონ და გამტაცებელს 6 ათასი ლარიდან 14 ათას ლარამდე ჯარიმა გადაახდევინონ.
სწორედ კოდექსის ამ მუხლს იყენებენ სამართალდამცველები ყველაზე ხშირად. შედეგად კი, ადრეულად დაქორწინებული ათასობით გოგონა განათლების უფლების გარეშე რჩება. მათ არა აქვთ პროფესია, შესაბამისად, არ აქვთ სამსახური და მთელი ცხოვრება ქმარსა და მის ოჯახზე დამოკიდებულები და თავისუფლებაშეზღუდულები რჩებიან.
გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ სხვადასხვა დროს მოძიებული ციფრების თანახმად, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% 18 წლამდეა დაქორწინებული და მათ უმრავლესობას ქორწინების შემდეგ განათლების მიღების საშუალება აღარ აქვს.
სახელმწიფო, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებაზეა ორიენტირებული, პარალელურად კი ხელს უწყობს გოგონებზე სხვადასხვა ძალადობის გამოვლინებას, ამ დანაშაულის თანამონაწილეა, – ფიქრობენ უფლებადამცველები.
“სახელმწიფო ამ გოგონებს, ფაქტობრივად, ყიდის საპროცესო შეთანხმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის ფასად. ამ გოგონების გატაცების ხარჯზე ისევ სახელმწიფო ბიუჯეტი ივსება,” – ამბობს ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ანა აბაშიძე.
აბაშიძე და კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას – გარდა გენდერული ასპექტისა, საქმე ეხება ბავშვთა უფლებების დარღვევასაც: “ამ გოგონებს არასრლწლოვან ასაკში სხვები უქმნიან ოჯახებს. ესაა ბავშვის ექსპლუატაცია, ამაზე დიდი დანაშაული არ მახსენდება”.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ გატაცების დროს ხშირია გაუპატიურების ფაქტები, რასაც მსხვერპლი გოგონები ვერ ეწინააღმდეგენიან და ამაზე ღიად არასოდეს საუბრობენ:
“გოგონას მხარს არ უჭერს ოჯახი, რომელიც სახლში არ დააბრუნებს მოტაცებულ გოგოს, რადგან მას შერცხვენილად თვლის; გოგონას გვერდით არ უდგას სახელმწიფო, საზოგადოება. ამიტომ მას სხვა გზა არ რჩება. ის ბედს ეგუება,” – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა მზერის” წარმომადგენელი, გვანცა ხონელიძე.