საქართველო: სულ მცირე ათი ქალი უფლებადამცველს სექსუალურ შევიწროებაში დებს ბრალს
სულ მცირე 10 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების სააგენტოს” (სიდა) ხელმძღვანელს და უფლებადამცველს ზვიად დევდარიანს.
სექსი დასაქმების სანაცვლოდ, შევიწროება სამსახურში, არასასურველი მესიჯები სოციალურ ქსელებში სექსუალური შინაარსის შეთავაზებებით, არასასურველი ფიზიკური კონტაქტი – ეს ის ბრალდებებია, რომლებსაც ქალები დევდარიანს უყენებენ.
ქალები საკუთარ ვინაობას საჯაროდ არ ასახელებენ. თუმცა, მათი ვინაობა ცნობილია სულ მცირე ორი ჟურნალისტისთვის, რომლებსაც მათ ინტერვიუ მისცეს, ასევე რამდენიმე უფლებადამცველისთვის და სახალხო დამცველისთვის, რომელიც უკვე შეხვდა სექსუალური შევიწროების შესაძლო მსხვერპლ ქალებს და პირადად მოისმინა მათი ისტორიები.
განცხადებაში, რომელიც სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, ომბუდსმენი ადასტურებს, რომ ის ისტორიები, რომლებიც ამ ქალებისგან მოისმინა “შეიცავდა როგორც სავარაუდო სექსუალური შევიწროების, ასევე სექსუალური ხასიათის ძალადობის ნიშნებს”.
საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა ზვიად დევდარიანმა. ის კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ მიზანმიმართული შანტაჟის მსხვერპლია. დევდარიანი ამბობს, რომ მზადაა საკუთარი სიმართლე სასამართლოშიც დაიცვას.
“ვაღიარებ, რომ ჩემი შეცდომაა ჩემი ურთიერთობა ოჯახს გარეთ, მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ ძალადობის ან ზეწოლის რაიმე ფაქტის არსებობას!” – ამბობს ის.
ზვიად დევდარიანი წლებია მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ის მუდმივად აქტიურობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა მიმართ ძალადობა, მედიის დამოუკიდებლობა, სხვადასხვა უმცირესობების უფლებები. ზვიად დევდარიანი ხშირად მონაწილებს სატელევიზიო თოქ-შოუებში, ესწრება სამოქალაქო აქტივისტების, მათ შორის “ქალთა მოძრაობის” მიერ ორგანიზებულ აქციებსა თუ დემონსტრაციებს.
ისტორიები
ინტერნეტ-გამოცემა “ტაბულასთან” ინტერვიუში ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ 8 ქალი საუბრობს. ვებ-გვერდი “ნეტგაზეთი” ორი ქალის ისტორიას აქვეყნებს. ყველა მათგანმა კონფიდენციალურად დარჩენა გადაწყვიტა. ამის ძირითად მიზეზად ოჯახის წევრების და საზოგადოების რეაქციას ასახელებენ.
ერთ-ერთ ისტორიაში, რომელსაც “ტაბულა” აქვეყნებს, ქალი ჰყვება, რომ დევდარიანმა იგი გასაუბრებაზე დაიბარა თავის ოფისში და უთხრა, რომ “მხოლოდ გარკვეული მოთხოვნების შემთხვევაში აიყვანდა სამსახურში და ამ მოთხოვნებს შორის იყო სექსუალური კონტაქტიც”:
“უკვე საღამო იყო რომ მივედი, კარები თვითონ გამიღო და შემდეგ გადაკეტა. ოფისში სხვა არავინ იყო… დამიწყო ლაპარაკი, რა მოხდებოდა, თუ სამსახურში ამიყვანდა… მითხრა, იმდენად მომწონხარ, შეიძლება ცოლს დავშორდეო, რაც იყო შოკი… გადმოვიდა ფიზიკურ შეხებაზე, კოცნას მთხოვდა. ვუთხარი თავს ცუდად ვგრძნობ და წასვლა მინდა-მეთქი… მითხრა ერთი თხოვნაც შემისრულეო, ჭკუა მეკეტება ქალის ტერფებზე და თუ გინდა რომ გავიდეთ, ფეხზე გაიხადე და მაჩვენე როგორი ფეხები გაქვსო. იმდენად მინდოდა იქედან წამოსვლა, რომ დავთანხმდი და გავიხადე ფეხზე. კოცნა დამიწყო ფეხებზე, ძალიან ცუდად ვიყავი. ვთხოვე, რომ დრო არ მაქვს, სახლში წამიყვანოს და ხვალ დავბრუნდები. წამიყვანა სახლში და გზაში თავის წიგნზე მელაპარაკებოდა, პატივისცემის ნიშნად გაჩუქებო, მითხრა. მეორე დღეს უბრალოდ აღარ მივედი…”
კიდევ ერთ ისტორიაში, რომელსაც “ნეტგაზეთი” აქვეყნებს, Cida-ს ყოფილი თანამშრომელი ჰყვება, რომ დევდარიანი მას სექსუალურად ავიწროებდა:
“დევდარიანი ჩემი უფროსი იყო. მაშინ 23 წლის ვიყავი. საქმე გავაკეთე ცუდად და მომწერა შემდეგ ჯერზე მე თვითონ გამოგყვებიო. მანქანაში ჩაჯექი და რა გეშინია კი არ ვიკბინებიო – ბრძანებითი ტონი ჰქონდა. ვიფიქრე, რომ სამსახურიდან შეეძლო გავეთავისუფლებინე. ჩემი სამსახური ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო იყო, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვნერვიულობდი. ამ მომენტიდან დაიწყო ჩვენი მიმოწერა ფეისბუქზე. 2-3 დღე გაუჩერებლად მწერდა. ერთადერთი რისიც მრცხვენია, ისაა, რომ თითქოს ავყევი, მართლა იმის მეშინოდა, რომ არ გამაგდოს სამსახურიდან-თქო. ისტერიულად ვგზავნიდი აქეთ-იქით cv-ებს, რომ მოვშორებოდი”.
როგორ დაიწყო ყველაფერი
სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ CiDA-ს დირექტორი ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთ კანდიდატად წარადგინა.
ამ ინფორმაციას აქტიური განხილვა მოჰყვა “ქალთა მოძრაობის” დახურულ ფეისბუკ-ჯგუფში (ეს ჯგუფი 1900-ზე მეტ ქალს აერთიანებს. ჯგუფის წევრები მსჯელობენ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში ქალთა მდგომარეობას და მათ უფლებებს ეხება. აქვე იგეგმება სხვადასხვა აქციები და აქტივობებიც).
ჯგუფში რამდენიმე ქალმა დაწერა, რომ ზვიად დევდარიანის ამ თანამდებობაზე არჩევა მიუღებელი იყო:
“ზვიად დევდარიანს აქვს ბევრი მიქარვა ქალებთან დაკავშირებით და ერთხელ ეს ბევრი ქალი ადგება და იტყვის ყველაფერს” – დაწერა ერთ-ერთმა. მას მხარი აუბეს სხვა ქალებმაც.
მას შემდეგ, რაც კონკრეტული ისტორიები გამოიკვეთა, “ქალთა მოძრაობამ” დაწერა ოფიციალური წერილი, სადაც მოუწოდა სახალხო დამცველს, არ დააყენოს ზვიად დევდარიანის კანდიდატურა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში და ასევე დაინტერესდეს იმ ქალების ისტორიებით, რომლებიც დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
ზვიად დევდარიანი ბრალდებებს უარყოფს
საკუთარი კანდიდატურა ზვიად დევდარიანმა მეორე დღესვე თავად მოხსნა. თუმცა, ის დანაშაულს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ “ქალთა მოძრაობის” მხრიდან მიზანმიმართული შანტაჟის მსხვერპლია, რათა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არ მოხვედრილიყო.
“ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები… მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა,” – აღნიშნულია ზვიად დევდარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგანგებოდ გავრცელებული განცხადებით, დევდარიანს მხარდაჭერას უცხადებენ მისი კოლეგები, არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს თანამშრომლები, რომლებსაც არ სჯერად დევდარიანის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების და ასევე მისი მეუღლე, რომელიც ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ სჯერა ქმრის უდანაშაულობის.
შესაძლოა, საქმე სასამართლომდე მივიდეს?
ჯერჯერობით, სასამართლოში საქმე არც ერთ ქალს არ აღუძრავს. თუმცა, უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ და სოლიდარობას უცხადებენ.
8 არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი “კოალიცია თანასწორობისთვის” სპეციალური განცხადებით მხარდაჭერას უცხადებს სექსუალური შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს და მოუწოდებს მათ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ საკუთარი უფლებების დასაცავად.
“კოალიციას მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტების გამოაშკარავება და მათზე სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია ქალთა დისკრიმინაციის ამ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ ფორმასთან საბრძოლველად,” – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ასევე მზადაა დახმარება აღმოუჩინოს სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს:
“გვსურს ყველა ქალს, რომელსაც სექსუალური შევიწროება განუცდია, გამოვუცხადოთ საჯარო მხარდაჭერა და გამოვთქვათ მზადყოფნა, გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, მათი უფლებების დასაცავად.” – წერია “საია”-ს განცხადებაში.
საზოგადოების რეაქცია: იხმაურეთ ქალებო!
ამ ისტორიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. საქართველოში, სადაც საზოგადოება პატრიარქალურია, ქალები თითქმის არ საუბრობენ სექსუალურ ძალადობაზე, რადგან ხშირად საზოგადოების მხრიდან არაადეკვატურ რეაქციას აწყდებიან – ხშირია შემთხვევები, როდესაც საზოგადოება არა მოძალადეს, არამედ თავად მსხვერპლს ადანაშაულებს.
ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ ისტორიებს ჰყვებიან, უკვე ადანაშაულებენ იმაში, თუ რატომ დუმდნენ ისინი ამდენ ხანს: “სად იყვნენ ეს ქალები აქამდე და რატომ არ იღებდნენ აქამდე ხანი ხმას?”
ასევე მათ ეძახიან “ანონიმკებს” და მოითხოვენ საჯარო გახადონ თავიანთი გვარ-სახელები და სექსუალური შევიწროების დამადასტურებელ კონკრეტულ მტკიცებულებები წარმოადგინონ. ზოგიერთს კი, მიაჩნია, რომ ის, რაზეც ქალები საუბრობენ, უბრალოდ “არშიყია” და არა ძალადობა:
“ათი ანონიმკის საფუძველზე კაცს ცხოვრებას უნგრევენ! ეტყობა, რომელიმეს უარი უთხრა დევდარიანმა, გაბრაზებულია და შურს იძიებს”;
“ლამაზიც ვარ და კარგადაც მაცვია ყოველთვის, მაგრამ ეგეთი რამე არავის უკადრებია ჩემთვის. ალბათ, თავად გამოიწვიეს”;
“მტკიცებულებები სად არის? ან სად იყვნენ აქამდე ეს ქალები, რატომ დუმდნენ?!”
ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილი სკანდალი, შეიძლება ითქვას, პირველი შემთხვევაა, როდესაც რამდენიმე ქალმა ერთდროულად გაბედა ამ თემაზე უფლებადამცველებთან და ჟურნალისტებთან საუბარი. ქართული #metoo-ს ანალოგს მოწინააღმდეგეებთან ერთად ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომლებიც ამ ისტორიას საქართველოში ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის ახალ ფურცლად მიიჩნევენ:
“მესამე ღამეა, არ სძინავთ ქალებს. ასეთი სოლიდარობა დიდი ხანია არ გვქონია. ყველგან მივაწვდენთ ხმას. არ შეგეშინდეთ, ქალებო! ილაპარაკეთ, იხმაურეთ!”
“ის კაცები ვინც სექსის სანაცვლოდ ქალებს კარიერას პირდებიან არიან ნაძირლები და მოსაკვეთი ნორმალური საზოგადოებიდან, იქნება ეს დევდარიანი თუ სუპერმარკეტის მენეჯერი”;
“ ეს არის ქვეყანა, სადაც ქალებს კლავენ, ტალახს ესვრიან, სადაც ყოველთვის ქალები არიან დამნაშავე! კაცებმა, რომლებიც მოძალადეებს იცავთ, როგორ უნდა ჩახედოთ თვალებში თქვენს გოგო-შვილებს?! პასუხს მოგთხოვენ და სათქმელი არ გექნებათ” , – წერდნენ ფეისბუკ-მომხმარებლები.