საქართველოში მარიხუანის მოხმარებისთვის აღარავის დასჯიან
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას დაუჭირა მხარი. სასამართლო არაკონსტიტუციურად მიიჩნევს მარიხუანის მომხმარებლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და აუქმებს ამ პრაქტიკას.
საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაში, რომელსაც უკვე უწოდეს “რევოლუციური” წერია, რომ “პირს აქვს უფლება თავად აირჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე”, მათ შორის მოიხმაროს მარიხუანა, რადგან ეს “წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს”.
საქართველოში აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მეორადი და შემდგომი მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა (პირველადი მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს).
აღნიშნული გადაწყვეტილება საკოსტიტუციო სასამართლომ მოქალაქე გივი შანიძის სარჩელის საფუძველზე გამოიტანა. შანიძის წინააღმდეგ მარიხუანის მეორადი მოხმარების გამო სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მან პოლიტიკურმა გაერთიანება “გირჩის” დახმარებით სარჩელი შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. იგი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ჩანაწერს ასაჩივრებდა, რომლითაც დასჯადი იყო მარიხუანის მოხმარება “ექიმის დანიშნულების გარეშე”.
• საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული ნარკოპოლიტიკა მოქმედებს, რომლის შეცვლასაც უკვე წლებია ითხოვენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და აქტივისტები.
• ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია, რომელიც თბილისში გაიმართა, 2017 წლის 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მრავალათასიანი პროტესტი იყო.
• ევროპის საბჭოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალოდ ყოველი მე-3 პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის. ჯამში, სახელმწიფოს ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული პირების ციხეში შენახვა 40 მილიონ ლარამდე უჯდება. მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ ნარკომანიის მკურნალობასა და ჩანაცვლების თერაპიაზე კი, მხოლოდ 4,1 მილიონ ლარი იხარჯება.
• შსს-ს მონაცემების თანახმად, 2015 წელს 37 503 ადამინი გადაიყვანეს ნარკოშემოწმებაზე. ნარკოტესტირებაზე შარდის ანალიზისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
• ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ იმის გამო, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა ხშირად ხდება საქართველოში პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლის იარაღი და ასევე ბიუჯეტის შევსების სოლიდური წყაროც. ექსპერტების აზრით, სწორედ ამ მიზეზით არ ჩქარობენ საქართველოში მის ლიბერალიზაციას. (2009 -2012 წლებში, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2013-2014 წლებში კი, ამ გზით სახელმწიფომ 11.1 მილიონი ლარი მიიღო).
• დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემსუბუქებას მოსახლეობაც იზიარებს. ამ თემაზე „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 69%-ი მარიხუანას დეკრმინალიზაციას ემხრობა, 38%-ი კი მიიჩნევს, რომ კანაფის მოწევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობის უმრავლესობა – 54% მიიჩნევს, რომ პატიმრობა ინექციური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაშიც მიუღებელი სასჯელია და უნდა გაუქმდეს. საპირისპირო პოზიცია კი მხოლოდ 25.1%-ს გააჩნია. ამავე კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 70%-ს ნარკოდამოკიდებული ადამიანი კრიმინალი არ გონია და დაპატიმრების ნაცვლად, ადეკვატურ ნაბიჯად მათ მკურნალობას მიიჩნევს.