წინა წელთან შედარებით 2018 წელს საქართველოს აეროპორტებით 23 პროცენტით მეტმა მგზავრმა ისარგებლა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპასთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, ყველაზე პოპულარულ მიმართულებად კვლავ რუსეთი რჩება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2017 წელს საქართველოს აეროპორტებით 4 მილიონ 074 ათასმა მგზავრმა ისარგებლა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5 მილიონ 033 ათასამდე გაიზარდა, წერს „ბიზნესპრესნიუსი“.
თბილისის აეროპორტი
2018 წელს თბილისის აეროპორტიდან ყველაზე მოთხოვნად ხუთ ქვეყანას შორის არც ერთი არ არის შენგენის ზონის ქვეყანა:
1) რუსეთი
2) თურქეთი
3) ირანი
4) არაბეთის გაერთიანებული საემიროები
5) უკრაინა
ქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში კი, პირიქითაა – ხუთივე პოპულარული მიმართულება შენგენის ზონის ქვეყანაა:
1) გერმანია
2) პოლონეთი
3) იტალია
4) საბერძნეთი
5) უნგრეთი
ამის მიზეზი ის არის, რომ ქუთაისიდან ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დაფრინავს. ქუთაისიდან ევროპაში გაფრენა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თბილისიდან. ამ დროისთვის Wizz Air ქუთაისიდან რეისებს ევროპის 21 ქალაქის მიმართულებით ასრულებს.
მას შემდეგ, რაც 2017 წელს საქართველომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის უფლება მიიღო, ევროპაში მოგზაურთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ბათუმის აეროპორტი
რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად ქვეყნებს ბათუმიდან, 2018 წელს:
1) რუსეთი
2) ისრაელი
3) თურქეთი
4) უკრაინა
5) ბელარუსი
* (სტატისტიკაში შედის როგორც გაფრენა, ასევე ჩამოფრენა)