არასამთავრობო ორგანიზაციები: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ამომრჩევლების მოსყიდვა ხდებოდა
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე საათით ადრე შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ანგარიშში წერია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, თავად საარჩევნო კამპანია კი უკიდურესად პოლარიზებული და ნეგატიური იყო.
წინასაარჩევნო სამზადისი შეაჯამეს ცენტრალური საარჩევნო კომისიაშიც, სადაც ამბობენ, რომ ყველაფერი მზადაა სამართლიანი კენჭისყრისთვის.
28 ნოემბერს საქართველო მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს.
___________________
რა წერია არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში
საქართველოში მოქმედი სამი ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს იურისტთა ასოციაცია (საია), სამართლიანი არჩევნები (ISFED) და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” აცხადებს, რომ მეორე ტურის წინ ხდებოდა ამომრჩევლების მოსყიდვა, წინასაარჩევნო კამპანია კი, პირველ ტურთან შედარებით ბევრად უფრო პოლარიზებული და ნეგატიური იყო.
ამომრჩევლების მოსყიდვა
არასამთავრობო ორგანიზაციები “უპრეცედენტოს” უწოდებენ ხელისუფლების ინიციატივას 600 ათასი ადამიანებისთვის ბანკის ვალების ჩამოწერის თაობაზე და ამ ნაბიჯს ამომრჩევლის მოსყიდვად აფასებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა რეგიონებში ნახეს შემთხვევები, როდესაც ამომრჩეველს სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ პირდაპირ ფულს სთავაზობდნენ. ზოგ რეგიონში (მაგალითად, მარნეულში) სახელისუფლებო კანდიდატი მხარდაჭერის სანაცვლოდ პროდუქტებს (კარტოფილს, ხახვს) ურიგებდნენ.
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი, არასამთავრობოებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ არჩევნების გაყალბების მიზნით ყალბი პირადობის მოწმობები იბეჭდებოდა.
ანგარიშში წერია, რომ მეორე ტურისთვის ხელისუფლება მასშტაბურად იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსს – დააანონსა აშკარად საარჩევნოდ მოტივირებული ინიციატივები – ხელფასების, სოციალური დახმარებების გაზრდა, დევნილებისთვის სახლების გადაცემა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.
ვინ რამდენი დახარჯა
ანგარიშში საუბარია ფინანსებზეც. ჯამში ზურაბიშვილმა და ვაშაძემ 4 მილიონ 489,303 ლარი დახარჯეს. აქედან 2,964,704 ლარი, ანუ 85 პროცენტი სალომე ზურაბიშვილმა, 524,599 ლარი ანუ 15 პროცენტი კი, გრიგოლ ვაშაძემ. ეს ფული კანდიდატებმა შემოწირულობების სახით მიიღეს.
პრობლემატურ საკითხადაა დასახელებული მეორე ტურის დანიშვნა 28 ნოემბერს – სამუშაო დღეს. არასამთავრობოები ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ ვიდრე ამ თარიღს ცესკო გამოაცხადებდა, იგი უკვე დააანონსა თბილისის მერმა კახი კალაძემ. მანამდე, 28 ნოემბერი როგორც არჩევნების თარიღი კიდევ ორჯერ გაჟღერდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ყრილობაზე. აქედან ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ არჩევნების თარიღი ცესკოს სწორედ ხელისუფლებამ “უკარნახა”.
მედია გარემო
რაც შეეხება მედია გარემოს, არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ, რომ ორი ძირითადი ტელეკომპანია – “იმედი” და “რუსთავი2” მკვეთრად პოლარიზებული იყო მათი პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით.
„მეორე ტურის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედმა“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ „საგანგებო რეჟიმში“ გადასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ხოლო ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მკაფიოდ ატარებს ვაშაძის მხარდამჭერ და სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო სარედაქციო პოლიტიკას,“ – აღნიშნულია ანგარიშში.
ძალადობრივი რიტორიკა და გზავნილები
პირველი ტურის დასრულებისთანავე, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ ამომრჩევლებს, რომ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში სამოქალაქო ომი და დესტაბილიზაცია დაიწყებოდა; ხოლო ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობა” არწმუნებდა ხალხს, რომ მალე “ქართული ოცნების” ხელისუფლება დასრულდებოდა [კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ნომინალური ფიგურაა და ის არ განსაზღვრავს თუ ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში_JAMnews].
ასევე ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ რამდენიმე აგრესიული საზოგადოებრივი მოძრაობა გააქტიურდა.
მაგალითად, როგორც ხელისუფლება ამბობს, სწორედ საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივით გამოიფინა ბანერები გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, სადაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან გამოსახული და აწერია “არა ბოროტებას”;
ძალადობრივი ინციდენტები
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოქვეყნებულ ანგარიშში მიუთითებენ ზეწოლისა და მუქარის ფაქტებზე – მაგალითად, ახალქალაქსა და ონში მომხდარ ინციდენტებზე. ახალქალაქში ოპოზიციის წარმომადგენლებს სასტიკად სცემეს, ონში კი, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დაჭრეს.