"რუსთავი 2"-ის საქმე: ვითარება იძაბება
29 ოქტომბერს გავრცელდა სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაცვის საჭიროებაზე საუბრობს. იგი ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, “რევოლუციური სცენარით” მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საჭიროა “ფიზიკური დაპირისპირება”, რომლის დროსაც უნდა იყოს “ცხვირ-პირის დანაყვები”.
ჩანაწერები გავრცელდა იმ ფონზე, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საკუთრებაზე ხმაურიანი სასამართლო დავა მიმდინარებს; და ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასულ შაბათს განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლით.
სატელეფონო საუბრები Viber-ით შედგა. გავრცელდა ორი ჩანაწერი. ერთ-ერთი ჩანაწერი მოიცავს საუბარს სააკაშვილსა და “რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას შორის; ხოლო მეორე ჩანაწერში ექს-პრეზიდენტი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ესაუბრება. ჩანაწერები უკრაინულ ვებგვერდზე http://uareview.in.ua გამოქვეყნდა.
რაზეა საუბარი ფარულ ჩანაწერებში?
სააკაშვილსა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც სავარაუდოდ 19 ოქტომბერს შედგა, ექს-პრეზიდენტი “რუსთავი 2”-ის დირექტორს ეუბნება, რომ მოსამართლე, რომელიც ტელეკომპანიის საკუთრებაზე დავას განიხილავს, გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ გამოიტანს და ასევე “ერთმნიშვნელოვნად” მოითხოვს მის დაუყოვნებლივ აღსრულებას.
გვარამიას კითხვაზე, თუ როგორ ხედავს ის მოვლენების განვითარებას ამ გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილი პასუხობს: “უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე”.
“უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, უნდა ბარიკადები გააკეთოთ… გარშემო დააწყოთ დიდი ბარიკადები, უნდა ახლავე დაიწყოთ ამის მომზადება; რკინები, ისინი, ესენი მიიტანოთ, დააწყოთ, ჩვეულებრივი ციხე-სიმაგრე უნდა გააკეთოთ… მოიმარაგოთ წყალი, ისა, ესა, და უნდა იყოს ჩვეულებრივად მრავალკვირიანი standoff [დაპირისპირება]… შემდეგი სცენარი იქნება 22-ში [ოქტომბერს] შემოსვლა და [“რუსთავი 2″-ის] აღება. ეს აღება არ უნდა დაუშვათ, 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ყოველთვის ვიშოვით, რომ გაამაგრონ. უნდა გამაგრდეთ; როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსიო, ძალიან გაუჭირდებათ. იშოვეთ ბოევიკები, რომლებიც დაიცავენ. საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება უცებ ,”- ამბობს სააკაშვილი.
მეორე სატელეფონო საუბარში სააკაშვილი ბოკერიას ეუბნება, რომ გვარამიამ “ხვალიდან უნდა დაიწყოს მშენებლობა რკინის კონსტრუქციების, ბევრი ბარიკადი უნდა გააკეთოს… თავისი დაცვით, გამაგრებებით, ბოევიკებით, რომ სროლის გარეშე ვერ შევიდნენ.”
ბოკერია ეუბნება სააკაშვილს, რომ გვარამიას არ ჰყავს ბოევიკები, სააკაშვილი პასუხობს, რომ “პარტიამ უნდა დააყენოს”.
“საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია – თუ ეს არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი. სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას,” – ეუბნება სააკაშვილი ბოკერიას.
“უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები, და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ,” – ამბობს სააკაშვილი ჩანაწერის ბოლოს.
გვარამიამაც და ბოკერიამაც დაადასტურეს ამ საუბრების ნამდვილობა.
გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი მისი ახლო მეგობარია, თუმცა ის ყოველთვის არ იზიარებს სააკაშვილის რჩევებს, ხოლო ბოკერიამ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან განიხილავდა, თუ როგორ უნდა აღუდგნენ წინ, თუ “რუსთავი 2”-ის ძალადობით ხელში ჩაგდების მცდელობა იქნება.
ორივე მათგანმა გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ქვეყანაში “უკანონო მოსმენები” გრძელდება.
კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმაც. ამ ჩანაწერების აუთენტურობა არც მან უარყო და განაცხადა, რომ “ნურავის გაუკვირდება, რომ მე ამ ბრძოლისკენ მოვუწოდებ ყველას” საქართველოში მედიის თავისუფლების დასაცავად.
ხელისუფლების რეაქცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე დაიწყო აღნიშნული ჩანაწერების ირგვლივ გამოძიება. ჩანაწერების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დაკითხვაზე დაიბარეს ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია.
პარალელურად, გავრცელდა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო.
აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ ჩანაწერებს “სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად” და “სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციად” აფასებს. ” მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა – ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ… სახელმწიფო და პირადად მე ვიქნები გარანტი, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული,” – განაცხადა ღარიბაშვილმა. პრემიერის მტკიცებით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობას შეეცდება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მიმართა ჟურნალისტებს. იგი მედიის წარმომადგენლებს ურჩევს, “კარგად დაფიქრდნენ, რათა არ მოხდეს მათი ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის” გამოყენება და უნებურად არ აღმოჩნდნენ შესაძლო შეთქმულების თანამონაწილეები.
“რუსთავი 2”-ის თანამშრომლების რეაქცია
30 ოქტომბერს “რუსთავი 2”-ის შენობასთან შეკრებას გეგმავდნენ ტელეკომპანიის მხარდამჭერები, რომლებიც არხის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავისა და ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის გაპროტესტებას აპირებდნენ, თუმცა, პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად გვარამიამ მათ მოუწოდა, ტელეკომპანიის შენობასთან არ მისულიყვნენ. “ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩვენ არ მოვუწოდებთ არავის, რომ გამოვიდნენ და დაგვიცვან. თუ დასაცავი იქნება ტელეკომპანია, თავად დავიცავთ მას. და თუ გაისვრის ვინმე და იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ იქნება, დაე, გვესროლონ ჩვენ,” – განაცხადა გვარამიამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის რჩევები არ გაითვალისწინა და ეს კარგად ჩანს, რადგან ტელეკომპანიის შენობასთან არავითარი ბარიკადები არ არის აღმართული.
აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ სპეციალური განცხადება გაავრცელეს “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმაც. “კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სახის ძალადობრივი სცენარის განვითარებას. ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ უკავშირდება არც ერთი პოლიტიკური ძალის მიზნებს და ჩვენი მიზანია მხოლოდ ის, რომ მოგვეცეს საშუალება სრულფასოვნად შევასრულოთ ჟურნალისტებზე დაკისრებული მოვალეობები…” – ნათქვამია განცხადებაში.
“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ “არც ერთი წუთით “რუსთავი 2″ რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს”. იგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ “რუსთავი 2”-თან მოხდება რაიმე პროვოკაცია, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას ეკისრება.
უკანონო მოსმენები და შანტაჟი
ამ ისტორიაში არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზეც ყურადღებას ამახვილებენ არასამთავრობო ორგანიზაციები – რამდენად კანონიერია ის ჩანაწერები, რომლებიც უკრაინულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.
თანაც, საინტერესოა ის ფაქტი, რომ გასულ კვირას ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო განცხადება გააკეთა “რუსთვავი 2”-ის პირდაპირ ეთერში იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მას ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრებითა და მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრება და აიძულებს, რომ თანამდებობიდან გადადგეს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანა ნაცვლიშვილის შეფასებთ, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომელიც უკრაინულმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიაზე შანტაჟი მართლაც ხორციელდებოდა.
“ეს ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ გვარამიაზე მართლაც ხორციელდებოდა ზეწოლა, რადგან სწორედ ამ ტიპის ჩანაწერების გასაჯაროება იყო მუქარის ერთ-ერთი ნაწილი; ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს ამ ჩანაწერების კანონიერების საკითხი,” – განმარტა ანა ნაცვლიშვილმა.
“რუსთავი 2”-ის პროცესი
სასამართლო სხდომა, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2 ნოემბრისთვის გადაიდო. სავარაუდოდ, სწორედ მომავალ კვირას მოსამართლე “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო განაჩენს გამოიტანს. იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის სარჩელი დაკმაყოფილდა, ექსპერტები ვითარების კიდევ უფრო დაძაბვას არ გამორიცხავენ.