რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ფრანგულ-გერმანული კომედიის„სტალინის სიკვდილის“ გაქირავების სერთიფიკატი და ამ ფილმის ჩვენება რუსეთის კინოთეატრებში აკრძალა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე რუსმა კინემატოგრაფისტმა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივი კავშირის წევრებმა ნახეს ფილმი და დაწერეს წერილი სადაც, რუსეთის კინოთეატრებში ამ ფილმის ჩვენების აკრძალვას ითხოვდნენ.
რუსმა კინემატოგრაფისტებმა და ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც კულტურის სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრები არიან, ფილმი შეურაცხყოფად მიიჩნიეს. “ფილმში შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს ისტორიულ წარსულს, სიმბოლოებს – საბჭოთა ჰიმნს, ორდენებს და მედლებს. მარშალი ჟუკოვი კი სულელადაა გამოყვანილი”, – წერდნენ ისინი.
საბჭოს წევრებმა ჩათვალეს, რომ რუსეთის კინოთეატრებში ამ ფილმისჩვენება ხელს შეუშლიდა სტალინგრადის ბრძოლის 75 წლისთავის აღნიშვნას. ამ თარიღს რუსეთში წელს აღნიშნავენ.
„სტალინის სიკვდილი“, რომელიც რუსეთის კინოეკრანებზე 25 იანვარს უნდა გამოსულიყო, ბრიტანელი რეჟისორის არმანდო იზანუჩის კომედიაა, რომელიც პოლიტიკური ხუმრობებით საშა ბარონ კოენის ფილმს – „დიქტატორს“ წააგავს.
„სტალინის სიკვდილში“ მოთხრობილია, თუ როგორ იბრძოდნენ სსრკ-ს პარტიული მუშაკები ხელისუფლებისთვის. რეჟისორი კომიკურად წარმოაჩენს საბჭოთა ლიდერებს – ხრუშჩოვს, ბერიას, ჟუკოვს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთის ხელისუფლება კინოინდუსტრიაში ერევა. ბოლო დროს კი, ასეთი ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა.
რუსულ კინოინდუსტრიაში გასული წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალი ფილმ “მატილდას” აკრძალვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი იყო. ფილმ “მატილდას” აკრძალვის ინიციატივით სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ნატალია პოკლონსკაიას გამოვიდა. ფილმი რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზის და ბალერინა მატილდა კშესინსკაიას სიყვარულის ისტორიას ჰყვება.
ნიკოლოზი რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული, ამიტომ რუსეთის მართლმადიდებელი საზოგადოება აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ ნიკოლოზს რომანი ჰქონდა ბალერინასთან. ორგანიზაცია „ ქრისტიანული სახელმწიფო – წმინდა რუსეთი“ „მატილდას“ გამქირავებლებს ჩვენებების ძალადობრივი გზით ჩაშლით დაემუქრა.
თუმცა, ამბავი იმით დამთავრდა, რომ კულტურის სამინისტრომ ფილმის აკრძალვის მიზეზი ვერ იპოვა და „მატილდა“კინოთეატრებში მაინც აჩვენეს.