რუსეთი: იდუმალი ბირთვული ინციდენტი
8 აგვისტოს, არხანგელსკის ოლქის სოფელ ნიონოკსას მახლობლად, თეთრი ზღვის აკვატორიაში მდებარე საზღვაო პლატფორმაზე, ახალი იარაღის გამოცდა ტრაგედიით დასრულდა: „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, დაიღუპა 7 ადამიანი, 6-დან 15-მდე გამოცდის მონაწილემ კი მძიმე დაზიანება მიიღო.
ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია
პოლიგონზე აფეთქების შესახებ ცნობის მიღებისთანავე, თავდაცვის სამინისტროს გარემოს დაბინძურებისა და რადიაციული ფონის გაზრდის შესახებ ინფორმაციის უარყოფა მოუხდა.
მხოლოდ 9 აგვისტოს ღამით, „როსატომმა“ ოფიციალურად დაადასტურა ბირთვული გამოცდების ჩატარება პოლიგონზე და თავისი ხუთი სპეციალისტის გარდაცვალების შესახებ განაცხადა.
თავდაცვის სამინისტრომ ორი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაადასტურა.
და მხოლოდ 3 დღის შემდეგ გახდა ცნობილი ოფიციალური მონაცემები რადიაციული ფონის შესახებ: აფეთქებისთანავე ნორმა 4-16-ჯერ გაიზარდა.
12-დან 13 აგვისტოს ღამით, მოსკოვის კლინიკაში, რომელიც რადიაციულ დაზიანებებზეა სპეციალიზირებული, 10 არხანგელსკელი ექიმი შეიყვანეს, რომლებმაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს აფეთქების დროს დაშავებულებს.
დაუდასტურებელი ცნობებით, ექიმებს, რომლებსაც რადიაციამიღებულ ადამიანებთან ჰქონდათ კონტაქტი, ახლა თვითონ დასჭირდებათ გამოკვლევების ჩატარება.
არშემდგარი ევაკუაცია
პოლიგონის უახლოესი სოფლის, ნიონოკსას მცხოვრებლებმა ჟურნალისტებს აცნობეს, რომ სამხედროებმა მათ მოსალოდნელი ევაკუაციის შესახებ შეატყობინეს.
კითხვის საპასუხოდ თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მოქალაქეებს შესთავაზეს არა ევაკუაცია, არამედ, იქაურობის „ნებაყოფლობით დატოვება“ პოლიგონზე ჩასატარებელი მოსალოდნელი „სახიფათო სამუშაოების“ გამო, მაგრამ შემდეგ ამ გეგმაზე უარი თქვეს, რადგან სამუშაოები გაუქმდა.
რა აფეთქდა?
„როსატომის“ ინფორმაციის თანახმად, „რადიოიზოტოპური კვების წყაროს ძრავი“ აფეთქდა. ეს კი „შემთხვევითობათა ტრაგიკულმა ჯაჭვმა“ გამოიწვია.
არხანგელსკის ოლქში განვითარებული მოვლენები საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე ახსენა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელმაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ავარია ახალი იარაღის გამოცდისას მოხდა.
რუსი და უცხოელი ექსპერტები თანხმდებიან აზრზე, რომ სავარაუდოდ, საუბარია ახალ ბალისტიკურ რაკეტა „ქარიშხალზე“, რომელსაც ბირთვული ძრავის სისტემა აქვს. პირველად ამ იარაღის შემუშავების შესახებ, გასულ წელს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
ხელისუფლების რეაქცია
არხანგელსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ ორლოვმა ტელეინტერვიუში რეგიონში ვითარების ესკალაციაში გარკვეული გარე ძალები დაადანაშაულა.
„ის, როგორ გააშუქეს სიტუაცია, ის, როგორ მიზანმიმართულად და სისტემატურად ცდილობდნენ პანიკის დათესვას ადამიანების თავებში და მთლიანად, საზოგადოებაში – ეს უკვე აშკარა გამოწვევაა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით“.
საზოგადოების რეაქცია
„რატომ არ არის სოფლის ევაკუაცია საჭირო? ძალიან მარტივად – იქ ადამიანები არ არიან. მათ, ვინც იქ ცხოვრობს, ხელისუფლება ადამიანებად არ მიიჩნევს“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ნიონოკსას არ შემდგარი ევაკუაციის შესახებ, ცნობილმა ჟურნალისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ლევ შლოსბერგმა.
წარწერა ფოტოზე:
სოფელი ნიონოკსის მცხოვრებლები. ფოტო: