"რომაული არდადეგები" დასრულდა
დროის მიხედვით, რომის პაპის ვიზიტი სანქტ-პეტერბურგში ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებს თითქმის დაემთხვა, უფრო ზუსტად კი მოჰყვა. და ვიზიტის თარიღი წინასწარ, დიდი ხნით ადრე რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სომხეთის ხელისუფლებას განგებ სურდა, საზოგადოების ყურადღება აქტუალური, მწვავე, ძველი და ახალი პრობლემებიდან ამ მოვლენაზე გადაეტანა.
ფრანცისკე პირველის ვიზიტი სუფთა ჰაერის ნაკადივით იყო – უბრალოდ, თავისი სტუმრობითაც კი სიმშვიდესა და სათნოებას ავრცელებდა. და ეს ჩვეულებრივი ქათინაური არ არის – ეს კარგად ჩანდა ყველა იმ ადამიანის სახეზე, ვინც მისი ნახვა და მისი ნათქვამის მოსმენა შეძლო.
ცნობილი გამოთქმის პერეფრაზირებას თუ მოვიშველიებთ, შეიძლება ასე ვთქვათ: პაპი მოვიდა, ის ნახეს და მან გაიმარჯვა. და, რადგანაც პონტიფიკოსს პირადი მიზნები არ ამოძრავებდა, და ის მხოლოდ მშვიდობისთვის ლოცულობდა, ასევე იმისთვის, რომ ადამიანებს “სიკეთე ბოროტებისგან განესხვავებინათ, გამოდის, რომ მისი გამარჯვება საერთო, მეტიც – საყოველთაო მნიშვნელობის იყო.
პონტიფიკოსმა კიდევ ერთხელ წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც სომხეთის მოსახლეობას გულზე მალამოდ მოეცხო და კიდევ ერთხელ აღაშფოთა თურქეთი. საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამოსვლისას რომის პაპმა კიდევ ერთხელ უწოდა “გენოციდი” 1915 წელს ოსმალურ თურქეთში მომხდარ ამბებს. თუმცა, წინასწარ მომზადებულ ტექსტში სიტყვა “ტრაგედია” იყო ჩაწერილი.
“დაე ხსოვნა სომეხი ხალხის ტრაგედის შესახებ ჩვენს ცნობიერებას დარჩეს. მომავალში სწორედ ხსოვნა აგვაცილებს თავიდან მსგავს დანაშაულებს,”- მომდევნო დღეს გენოციდის მსხვერპლთა მემორიალის საპატიო სტუმრების წიგნში ჩაწერა ფრანცისკე პირველმა.
რომის პაპი გარშემომყოფებს თავმდაბლობით აოცებდა. იაფი, დაუჯავშნავი მანქანით გადაადგილდებოდა, და დაცვის თანამშრომლებს იმ მორწმუნეების შეკავების უფლებას არ აძლევდა, რომელთაც პონტიფიკოსისათვის ხელის ჩამოთმევა სურდათ.
ამიტომ, არავინ გაოცებულა, როდესაც მშვიდობისათვის აღვლენილი საერთო ლოცვის შემდეგ, რესპუბლიკის მოედნის დატოვებისას პაპი იქვე მყოფ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს მიუახლოვდა და სათითაოდ გადაეხვია თითოეულ მათგანს.
პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პონტიფიკოსმა უარი თქვა სომეხი ბიზნესმენების მისალმებაზე, არ დათანხმდა მისთვის განკუთვნილ აპარტამენტებში დარჩენას და სურვილი გამოთქვა, ღამე მოხუცებულთა თავშესაფარში გაეთენებინა.
ეს რომის პაპის გაკვეთილები იყო – ვისაც ყურები აქვს, ისმინოს. იმდენად სასიამოვნოა ამ ყველაფრის ჩამოთვლა, რომ აღარც კი მოგინდება მის გარეშე არსებულ რეალობაში დაბრუნება, სადაც დაგროვილ კითხვებზე პასუხები ჯერაც არ არსებობს.
ეს საკითხები მხოლოდ რამდენიმე სომხურმა მედიასაშუალებამ არ დაივიწყა, და მიუხედავად რომის პაპის ვიზიტისა, მაინც აშუქებდნენ იმ მტკივნეულ პრობლემებს, რაც სამომავლოდ ქვეყანას ისევ დაუდგება. რეიტინგის მიხედვით, პრობლემების სიას სათავეში ედგა ყარაბაღის საკითხის მოგვარება, ანუ ის მშვიდობა, რომლისთვისაც სომხეთში ფრანცისკე პირველმა ილოცა.
პუტინს, სარგსიანსა და ალიევს შორის სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შედეგების შეჯამებისას მოჰყვდათ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, ნოვრუზ მამედოვის განცხადება იმის შესახებ, რომ სანქტ-პეტერბურგის სამიტზე მხარეებმა ყარაბაღის საკითხის ეტაპობრივი დარეგულირების შეთანხმებას მიაღწიეს. და იქვე აღინიშნებოდა ისიც, თუ რა მკვეთრი კატეგორიულობით უარყო მამედოვის ნათქვამი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ.
მთავარ დასკვნად იქცა ის, რომ თავად სომხეთის ხელისუფლება ბოლომდე არ ამხელს ყველაფერს და თავის ხალხს მოლაპარაკების სრულ სურათს არ უჩვენებს. შესაბამისად, მედიასაშვუალებები მათ ხელთ არსებულ ინფორმაციასა და პრესაში გავრცელებულ ცნობებს (იმ იმედით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება) თავისებურ ანალიზს უკეთებენ.
სომხეთში ყველაზე მწვავედ განიხილებოდა ის საკითხი, რომ რუსეთი დარეგულირების ინიციატივის ხელში ჩაგდებასა და ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე “ეუთოს მინსკის ჯგუფის” როლის დაკნინებას შეეცადა. სხვათა შორის, ამ საკითხზე არამხოლოდ პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები, არამედ ინტელიგენციის აქტიური წარმომადგენლებიც საუბრობდნენ.
რაშუნ ხარატიანი, ეთნოგრაფი: “ისე ჩანს, თითქოს მინსკის ჯგუფი არც კი ცდილობს, წინ აღუდგეს რუსეთის ინიციატივებს – მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის სომხეთში წარგზანილმა ელჩმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მზადაა, მომდევნო შეხვედრას თავად უმასპინძლოს. თუმცა, გაურკვეველია, რომელი შეხვედრა იგულისხმება – სამმხრივი (საფრანგეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით), თუ მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებები, რომლებიც უბრალოდ საფრანგეთში გაიმართება.
მინსკის ჯგუფის არსებობა ნაწილობრივ ამცირებს მკვეთრი ცვლილებების ალბათობას. ყოველ შემთხვევაში, მანამ, ვიდრე სამი მონაწილე ქვეყნიდან ორი ერთმანეთს ეჯიბრება. მართალია, გამყოფ ზოლზე მომხდარი ინციდენტების გამოძიების მექანიზმების დანერგვაზე აზერბაიჯანმა უარი განაცხადა, და ეს რუსეთის აქტიური მხარდაჭერით მოხდა. სამაგიეროდ კი, აშშ-ს წარმომადგენელი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, რომ არ განაცხადოს [მთიანი ყარაბაღის მიმდებარე] რაიონების დაბრუნების აუცილებლობის შესახებ, რასაც რუსეთი უსიტყვო იდუმალებით პასუხობს. ეს “ურთიერთკონტროლი” ნაწილობრივ აბალანსებს სიტუაციას.”
ამ კონტექსტშივე განიხილება სომხურ-რუსული ურთიერთობებიც. რუსეთი სომხეთში ერთმნიშვნელოვან მეგობრად აღარ მოიაზრება. “საქმე ის არის, რომ მოსკოვი, უკვე დიდი ხანია, რაც რეალურად აღარ არის სომხეთის მოკავშირე, მაგრამ ნომინლურად, დოკუმენტების დონეზე, ერევანთან მაინც სამოკავშირეო ურთიერთობებში რჩება და შესაბამისად, ამ პარტნიორობის ყველა თანმდევი ვალდებულებაც ძალაშია. მოსკოვი უკვე იმ წერტილამდე მივიდა, როდესაც ნომინალური მოკაშირეობა და ფაქტობრივი არამოკავშირეობა ერთად შეუძლებელი ხდება”, – წერს Lragir.am-ის კომენტატორი, აკოფ ბადალიანი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ (რომელშიც აღნიშნულია, რომ საკითხი “აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ჩარჩოებში უნდა დარეგულირდეს”, “მთიანი ყარაბაღი არასდროს მიიღებს დამოუკიდებლობას” და “მთიანი ყარაბაღის სტატუსი მომავლის საკითხია”), მწერალმა და პუბლიცისტმა, ვაგრამ მარტიროსიანმა აღნიშნა: “თუკი ალიევი მხოლოდ ეტაპობრივ გეგმას მიიჩნევს დასაშვებად, და ამავდროულად, სურს, რომ რამდენიმე ეტაპი უბრალოდ შემდეგ მოიფიქროს, მოგვცეს რაიმე ამის სანაცვლოდ. თუ არა და, საერთოდ რა თემაზე იმართება მოლაპარაკებები?!”
ამავდროულად, მინსკის ჯგუფის ამერიკელმა თანათავმჯდომარემ ჯეიმზ უორლიკმა განაცხადა, რომ არსებობს კომპრომისის მიღწევის საშუალებები იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც უთანხმოებას იწვევს. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ კონფლიქტის დარეგულირებას მივუახლოვდეთ. თუმცა, დიპლომატს არ უთქვამს, თუ რა აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს.
ამის შემდეგ მედიამ გამოაქვეყნა თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწიდებენ, “მოისპოს ყველა ის პრობლემა, რაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის მისიის გაფართოებას აბრკოლებს”, “შეინიშნებოდეს პროგრესი მოლაპარაკებებში და ეუთოს [მიერ გამყოფ ზოლზე მომხდარი ინციდენტების] გამოძიების მექანიზმის შექმნის საკითხთან დაკავშირებით.”
სომხური პრესის მიმოხილვას ემატება ანალიტიკოსთა უმრავლესობის მიერ ხელისუფლების ქმედებების მიმართ გამოთქმული უკმაყოფილება და აღშფოთება. Lragir.am-ის მთავარი რედაქტორი, აიკაზნ გაგრიანი წერდა:
“სიტუაცია ამგვარად შეიძლება დახასიათდეს – აზერბაიჯანისთვის სამხედრო მოქმედებების დაწყება პრობლემური გახდა, რადგანაც რუსეთმა მიახვედრა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში, აზერბაიჯანს კატასტროფა ელის. “ეუთო [ზავის დარღვევის შემთხვევების გამოძიების] მექანიზმების დანერგვას, და შესაბამისად, სტატუსკვოს აღიარებისგან თავის შეკავებას მოითხოვს. მიწების დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან იხსნება და რჩება მხოლოდ ის, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ მოცემული სიტუაციის ადეკვატური, დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს…”
გამოქვეყნდა: 27.06.2016