რეკორდები, საჩივრები, მემები - როგორ ჩაირა წინასაარჩევნო რბოლამ აზერბაიჯანში
9 თებერვალს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 7 თებერვალს წინასაარჩევნო კამპანია დასრულდა, 8 თებერვალი სიჩუმის დღეა.
მთლიანობაში წინასაარჩევნო რბოლამ მშვიდობიანად, აქტიურად და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
„რეკორდული“ არჩევნები
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში 2019 წლის ბოლოს მას შემდეგ დაინიშნა, რაც მმართველი პარტიის „ახალი აზერბაიჯანის“ ინიციატივით, პარლამენტმა თვითდათხოვნა გამოაცხადა.
ეს არჩევნები ყველა წინასგან განსხვავებულია:
[yes_list]
- კანდიდატების რეკორდულად დიდი რაოდენობით – 1300 ადამიანზე მეტი პარლამენტში 125 ადგილზე;
- დიდი რაოდენობის დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატებით;
- ამომრჩეველთა მაღალი ინტერესით – არჩევნებზე წასვლა გადაწყვიტეს მათაც, ვისაც ეს მანამდე ეს არასდროს გაუკეთებია.
[/yes_list]
გარდა ამისა, დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიებში აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდობა, რომელიც მათ ხელმოწერების შეგროვებასა და აგიტაციის წარმართვაში ეხმარებოდა, და დამკვირვებლებად ეწერებოდა.
„ამ არჩევნებამდე არასდროს მინახავს ამდენი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებსაც დამკვირვებლობა სურდათ. ჩვენ [გვყავს კანდიდატები] 29 უბანზე, უკვე 60 ოფიციალურად დარეგისტრირებული დამკვირვებელი გვყავს“, – ამბობს ერკინ გადირლი, დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ მმართველობის წევრი, რომელიც ბლოკ „რეალურ რესპუბლიკელების“ შემადგენლობაში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
• უფრო დეტალურად აზერბაიჯანის არჩევნების შესახებ
მშვიდობიანი რბოლა
წინასაარჩევნო რბოლა ძალიან ცოცხლად მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზია არჩევნების თემას სუსტად აშუქებდა, მედიების უმრავლესობა კი მხოლოდ მმართველი პარტიის ან პროსამთავრობო დამოუკიდებელ კანდიდატებზე წერდა.
იმის გამო, რომ ტელეარხებმა საეთერო დროისთვის ძალიან მაღალი ფასი დაადგინეს, კანდიდატებმა აგიტაციის ინტერნეტით წარმართვა, ბუკლეტების დარიგება და ამომრჩევლებთან „ცოცხლად“ შეხვედრა ამჯობინეს.
სერიოზული დარღვევები არ აღნიშნულა, მაგრამ დამოუკიდებელი და ოპოზიციური კანდიდატების რამდენიმე საჩივარი მაინც შევიდა.
მაგალითად, ბლოგერმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა მეჰმან გუსეინოვმა განაცხადა, რომ მისი მეტოქე, მოქმედი დეპუტატი ფარაჯ გულიევი მის მოსყიდვას ცდილობდა.
• მეტოქის მოსყიდვის მცდელობის ბრალდება აზერბაიჯანელ დეპუტატს არჩევნებში ხელს არ შეუშლის
რამდენიმე კანდიდატმა – კერძოდ, ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრებმა დადაშ აჰმედლიმ და იაგიგიარ სადიგლიმ განაცხადეს, რომ ისინი პოლიციაში გამოიძახეს. მათი თქმით, პოლიციელები მათ სრულიად თავაზიანად ესაუბრებოდნენ, აშკარა ზეწოლას არ ახდენდნენ, არამედ არწმუნებდნენ, რომ „პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ“ და არავითარ საპროტესტო აქციას არ შეერთებოდნენ, თუკი ასეთი რამ მოხდებოდა. ამის შესახებ წერს ვებგვერდი „კავკაზსკი უზელი“.
სამოქალაქო უფლებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ბაშირ სულეიმანლის აზრით, ასეთი გამოწვევები უკვე თავისთავად უკანონოა, და საერთოდ, პოლიციას არჩევნების პროცესში ჩარევის უფლება არ აქვს.
ასევე რამდენიმე კანდიდატი ჩიოდა, რომ სხვადასხვა ჩინოსანი მათი გუნდის ზოგიერთ წევრზე ზეწოლის მოხდენას ცდილობდა, ან მათ წინასაარჩევნო პლაკატებს ანადგურებდა.
მეომარი ვეტერანი და სოციალური ქსელების სხვა გმირები
სოციალურ ქსელებში არჩევნები ასევე აქტიურად განიხილებოდა.
ეს განხილვა პერიოდულად ვირტუალური სკანდალის ფორმას იღებდა, მაგრამ უფრო ხშირად მომხმარებლები ყველაზე „ექსტრავაგანტული“ პლაკატების, ლოზუნგებისა და კანდიდატების თემაზე უბრალოდ ხუმრობდნენ.
ასე იქცა სოციალური ქსელების ერთ-ერთ გმირად ვინმე კიამილ მუსავი – აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონის კანდიდატი, რომელსაც თვალზე სახვევი ეკეთა და თავს ყარაბაღის ომის ვეტერანად წარადგენდა. თავის თანამებრძოლების გუნდთან ერთად მან თავისი რაიონის ახლანდელ დეპუტატ, ფაზაილ აგამალიევთან შეხლა-შემოხლა მოაწყო. ამ ინციდენტის ვიდეო ქსელში მოხვდა და დიდი წარმატებით სარგებლობს, ისევე როგორც მუსაევის უცენზური ლოზუნგი – „ნუ გეშინიათ, …“ რამდენად „ოფიციალურია“ ეს ლოზუნგი, არავინ იცის.
იყო ასევე სოციალური ქსელების მომხმარებელთა თვალსაზრისით, სხვა სახალისო პლაკატებიცა და ლოზუნგებიც (რომელთა ხალისიანობა, ძირითადად სიტყვების თამაშით იყო გამოწვეული, რის გამოც, მათ ციტირებას აზრი არ აქვს). როგორც ამბობენ, ერთ-ერთმა კანდიდატთაგანმა კანდიდატურაც კი მოხსნა მას შემდეგ, რაც ქსელში მის ვარცხნილობას დასცინეს.
ამ ტალღაზე ქსელში ბევრი ფეიკ-პლაკატიც გაჩნდა, ასე რომ, რაღაც მომენტში ნამდვილისა და ყალბის ერთმანეთისგან გარჩევა რთული გახდა.