რა აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა და რატომ დამარცხდა ხელისუფლების კანდიდატი?
ცესკომ უკვე ყველა უბანი დაითვალა. სახელისუფლებო კანდიდატმა არა თუ ვერ მოახერხა პირველ ტურში გამარჯვება, არამედ ცოტაც და თავის მთავარ ოპოზიციონერ კონკურენტთან საერთოდაც დამარცხდებოდა – ზურაბიშვილისა და ვაშაძის შედეგებს შორის სხვაობა ერთ პროცენტზე ნაკლებია. (ზურაბიშვილი – 38.64; ვაშაძე – 37, 74)
რას ფიქრობენ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე პოლიტიკური დამკვირვებლები:
__________
გია ნოდია, პოლიტოლოგი. “მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარე
რა იყო არჩევნების მთავარი შედეგი?
პირველი – დადასტურდა, რომ ხელისუფლების არჩევნებით დამარცხება შესაძლებელია. ხელისუფლების ძალა კი (საქართველოში) ყველაზე მეტად მისი დაუმარცხებლობის ილუზიას ემყარება. არჩევნები ჯერ საბოლოოდ მოგებული არ არის, მაგრამ ხელისუფლებამ თავისი მხრიდან უკვე წააგო. ოპოზიცია თუ ახლა საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს, ეს მხოლოდ მისი უხეში შეცდომების ბრალი იქნება.
მეორე – კიდევ ერთხელ დამარცხდა „მესამე ძალის“ ფეტიში, ანუ აზრი, რომ სანამ რაღაც „მესამე ძალა“ არ ჩამოყალიბდა, „ქართულ ოცნებას“ ვერ დაამარცხებ. “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოსულმა სამმა კანდიდატმა ჯამში 50 პროცენტზე მეტი მიიღო. (ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ეს სამი ძალა რომ ერთად ყოფილიყო, ოპოზიციის კანდიდატი პირველივე ტურში მოიგებდა: ასე არ ხდება.)
რატომ დამარცხდა ხელისუფლება?
ხელისუფლების მხრიდან რომ შევხედოთ, მარცხის ერთ-ერთი მიზეზია პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. მან სრულიად არაადეკვატური კანდიდატი შეარჩია მისივე პარტიის სურვილების საწინააღმდეგოდ. მის მომხრეებს ამან წესით მისი, როგორც ლიდერის უნარების რწმენა უნდა შეურყიოს. ქუცნაშვილი გამოვიდა მართალი [დეპუტატი უმრავლესობიდან, რომელიც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის წინააღმდეგი იყო_JAMnews] და ბიძინა – მტყუანი.
• ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე
• “ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები” – სალომე ზურაბიშვილის ბრძოლა პრეზიდენტობისთვის
• საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. პოლიტიკოსები საარჩევნო უბნებზე. ფოტო და ვიდეო
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
გაიმარჯვა თუ არა ოპოზიციამ?
რა თქმა უნდა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი პირადი გამარჯვება – გრიგოლ ვაშაძე მისი კანდიდატია. დადასტურდა, რომ ქართული პოლიტიკური კულტურა არ შეცვლილა: თუ ხელისუფლებას წყალი შეუდგა, საპროტესტო ხმები ყველაზე რადიკალური ოპოზიციისკენ მიდის. „რუსთავი-2“-მა, თავის მხრივ, უდიდესი, ალბათ, გადამწყვეტი როლი შეასრულა.
როგორია პროგნოზი
ოპოზიციური პრეზიდენტის მოსვლა ჯერ არ არის ხელისუფლების შეცვლა: ყველაფერი საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება [საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წელსაა_JAMnews].
მათი მოგებაც სრულიად შესაძლებელია ოპოზიციისთვის, მაგრამ ეს სხვა არჩევნები იქნება. არა მგონია, “ნაციონალურ მოძრაობას” მათი მოგება მარტო შეეძლოს. დღეს მეორე ტურში ოპოზიციის თანამშრომლობა უნდა იყოს ერთგვარი სკოლა იმისთვის, როგორ ითანამშრომლებს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებში.
____________
პუბლიცისტი, ილიაუნის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი
რა აჩვენა არჩევნებმა?
გამოიკვეთა ორი მთავარი ტენდენცია:
პირველი – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს: საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოში დანამდვილებით აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, პრეზიდენტს პირდაპირ ირჩევდეს ხალხი და არა რაიმე გაუმჭვირვალე კოლეგია. ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ ძალიან სუსტია, არჩევნები ხშირად ერთადერთ ინსტრურმენტად რჩება იმისათვის, რომ ამომრჩეველმა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ერთპარტიული (და ერთპიროვნული) მმართველის მიმართ. [საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ხალხი პირდაპირ ირჩევს პრეზიდენტს. 2013 წელს პრეზიდენტს უკვე საარჩევნო კოლეგია აირჩევს_ JAMnews]
მეორე – ხალხი ხმას ისევ ვიღაცის წინააღმდეგ აძლევს: ქართველი ამომრჩევლების უმრავლესობას საკუთარი ინტერესების გამომხატველი პარტიები და კანდიდატები არ ჰყავს. ასეთი ამომრჩეველი იძულებულია საპროტესტო ხმით აბალანსოს ერთპარტიული მმართველობა (რომელიც ადრე თ გვიან აუცილებლად დგება ტირანიის გზაზე). ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არც პარტიულ პროგრამას, არც პოლიტიკოსების ვინაობას, საერთოდ არაფერს, ესაა ავარიული რეჟიმი, რომელშიც ამომრჩევლის მიზანია დემოკრატიულობის მინიმუმის შენარჩუნება.
ქართველი ამომრჩევლის როგორც მინიმუმ 60 პროცენტს საკუთარი პოლიტიკური რეპრეზენტანტი არა ჰყავს და იძულებულია საპროტესტო ხმა მისცეს ანუ დასაჯოს არსებული მთავრობა.
2012 წელს ამომრჩეველმა დასაჯა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, დღეს დასაჯა “ქართული ოცნება”.