რატომ არ არის აფხაზეთში კინოთეატრები?
გართობის ტრადიციული საშუალება – მეგობრებთან, ან საყვარელ ადამიანთან ერთად კინოში წასვლა – აფხაზეთში პრაქტიკულად საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. აქ ერთი კინოთეატრიც კი არ არის გახსნილი. ერთადერთ თავისებურ ალტერნატივას სოხუმის გარეუბანში, ე.წ. „ახალ რაიონში“ მდებარე პატარა, თითქმის საოჯახო კინოდარბაზი წარმოადგენს.
JAMnews გიამბობთ თუ როგორ მუშაობს ეს დარბაზი და რატომ არ ვითარდება გართობის ეს სფერო აფხაზეთში.
არალეგალური ფილმები მინიკინოთეატრში
ბოლო 10-15 წლის მანძილზე აგებულ საცხოვრებელ კორპუსებს შორის ჩაკარგული ეს ერთსართულიანი, დაბალი, არაფრით გამორჩეული ნაგებობა «SA-film»-ის სახელით ცნობილი მინიკინოთეატრის შენობას წარმოადგენს. მეპატრონემ გადაწყვიტა დიზაინის საშუალებით გაესვა ხაზი დაწესებულების უნიკალურობისთვის – შენობის ფასადის ნაწილი შავად შეღებული პალეტებითაა მოპირკეთებული.
სახურავზე ფრიალებს დროშა, რომელსაც ამშვენებს კინოდარბაზის ემბლემა – SA.
დარბაზში 26 ადგილია. ბილეთი 200 რუბლი [დაახლოებით 3 დოლარი ღირს]. ამ დაწესებულების მესვეურები ფილმების, მულტფილმების, ან საფეხბურთო მატჩების კომფორტულ გარემოში ყურებისათვის აუცილებელ პირობებს უზრუნველყოფენ.
შესასვლელში ბარია მოწყობილი, სადაც გამაგრილებელი სასმელებისა და პოპკორნის შეძენა შეიძლება – ზუსტად ისე, როგორც ნამდვილ კინოთეატრებში, თუმცა, ყველაფერი გაცილებით უფრო მცირე მასშტაბებით და არალეგალურად ხორციელდება.
«შეიძლება ითქვას, რომ ფილმებს ვიპარავთ – უბრალოდ ინტერნეტიდან ვიწერთ ახალ კინოპროდუქტებს და დიდ ეკრანზე ვუჩვენებთ, — ამბობს კინოდარბაზის მფლობელი საიდ ტანია. — მაყურებელს ყოველთვის აქვს არჩევანი – შეუძლია, სოჭში ჩავიდეს და პრემიერას დაესწროს, მოიცადოს, სანამ ინტერნეტში კარგი ხარისხის ვიდეოფაილი არ გამოჩნდება და სახლში ნახოს, ან ჩვენთან მოვიდეს».
მეტეოროლოგიურ პირობებზე დამოკიდებული მაყურებლები
საღამოს შვიდი საათისთვის დანიშნულ სეანსს მხოლოდ სამი ადამიანი ესწრება. ადმინისტრატორი საიდა ბერულავა ამბობს, რომ მაყურებელთა სიმცირე კარგი ამინდით აიხსნება.
«ყველა პლაჟზეა, — ამბობს საიდა, — ან – ქორწილში. დღეს ხომ შაბათია! თუმცა, 16.00-ზე დარბაზი ბავშვებით იყო სავსე. ჩვენ მულტფილმებსაც ვაჩვენებთ».
საიდას თქმით, წვიმიან დღეებში – განსაკუთრებით კი ზამთარში – კინოთეატრი ყოველთვის სავსეა.
დაგვიანებული პრემიერები
კინოდარბაზ «Sa-film»-ში ცდილობენ, მაყურებლებს ახალი ფილმები წარმოუდგინონ, მაგრამ ახალი კინოსურათის ჩვენებას მხოლოდ მას შემდეგ ახერხებენ, რაც ინტერნეტში ამ ფილმის კარგი ხარისხის ვიდეოფაილი გამოჩნდება.
«ხშირად მირეკავენ ან მწერენ და მეკითხებიან, ვაჩვენებთ თუ არა ფილმს, რომელიც სულ ახლახანს გამოვიდა გაქირავებაში. მაგრამ ეს ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება – ამბობს საიდ ტანია.
«რუსული კინოთეატრების ქსელებთან ხელშეკრულებას არ ვაფორმებ, იმიტომ რომ მსგავსი გარიგება ჩემთვის ხელსაყრელი არ იქნება, რადგანაც ამ შემთხვევაში ფილმების ყიდვა მომიწევს. როგორც ცნობილია, ფილმების გაქირავებით ფულს ვერავინ შოულოობს – კინოთეატრები შემოსავალს ძირითადად პოპკორნის, სასმელებისა და სხვა თანმდევი საქონლის რეალიზაციის გზით იღებენ. ჩვენ კი ვერც ბილეთების საკმარის რაოდენობას ვყიდით, და ვერც მითუმეტეს – სათანადო რაოდენობის პოპკორნს ვასაღებთ».
ადგილობრივი მცხოვრები პაველ კაკალია პირველად მოვიდა კინოდარბაზში – მიუხედავად იმისა, რომ SA-film-ის შენობა მისი სახლის მახლობლად მდებარეობს და უკვე თითქმის ორი წელია, რაც ეს დაწესებულება გაიხსნა.
«მე კინოკომპანია «Marvel»-ის თაყვანისმცემელი ვარ. როდესაც მათი ფილმი გამოდის, აუცილებლად ჩავდივარ სოჭში და პრემიერას ვესწრები ხოლმე. იმიტომ რომ მასეთი ფილმები კარგი აუდიოსისტემით აღჭურვილ დიდ ეკრანზე უნდა ნახო. თანაც კინოთეატრში განსაკუთრებული ატმოსფერო სუფევს», — ამბობს ის.
როგორც წესი, სხვა ფილმებს სახლში უყურებს – ინტერნეტის ხარისხი ამის საშუალებას აძლევს. ამბობს, რომ სავარაუდოდ, «Sa-film»-ს აღარ ესტუმრება. მისი თქმით, სახლში უფრო მყუდროდ გრძნობს თავს და თან ნაკლები ფული ეხარჯება.
შეხვედრების ადგილი
კინოდარბაზის მეპატრონე, საიდ ტანია ამბობს, რომ, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კინოდარბაზის ხარჯების ამოღებაც ხერხდება და შემოსავალიც მოაქვს. ამ დაწესებულებას რამდენიმე ფუნქცია აქვს – სხვა ყველაფერთან ერთად „SA-film“-ი შეხვედრის ადგილის ფუნქციასაც ასრულებს.
ამბობენ, რომ „SA-film“-ს ხშირად სტუმრობენ წყვილები, მაგრამ მალულად. სხვადასხვა მანქანებით მოდიან და ერთმანეთს დარბაზში ხვდებიან. კინოთეატრში არც სრულფასოვანი დიალოგის გამართვის საშუალება აქვთ და არც ერთმანეთის დანახვის. მაგრამ სამაგიეროდ ერთად, ერთ დარბაზში ყოფნის და საუბრის საშუალება
საქმე ისაა, რომ აფხაზეთში დღემდე მოქმედებს ძველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდები საჯარო ადგილებში პაემნების დანიშვნას ერიდებიან.
ჩვენ ერთ-ერთ ასეთ წყვილს გავესაუბრეთ – იმ პირობით, რომ ორივე მათგანის სახელებსა და სახეებს არ გავასაჯაროებთ. გოგონას თქმით, იგი ტრადიციული აფხაზური ოჯახიდანაა. მას ძალიან მკაცრი მამა ჰყავს და ამიტომ მხოლოდ ისეთ ადგილებში შეუძლია შეხვდეს თავის მიჯნურს, სადაც მათ ვერავინ დაინახავს.
«ერთმანეთი ამ კინოდარბაზში გავიცანით — ამბობს ვაჟი, — იმედი მაქვს, ეს დაწესებულება კიდევ დიდხანს იმუშავებს – იმისათვის, რათა ამ შენობაში ჩვენი შვილები მოვიყვანოთ და ვუთხრათ, რომ სწორედ აქ დაიწყო ჩვენი ოჯახი».
შეკითხვას, სურთ თუ არა, რომ სოხუმში ნამდვილი კინოთეატრი გაიხსნას, ორივე მათგანი უარყოფით პასუხს სცემს:
«სოჭი ძალიან ახლოსაა. თუკი ვინმეს რომელიმე ფილმის პრემიერაზე წასვლის სურვილი აქვს, შეუძლია, იქ ჩავიდეს. ყველაზე მეტად აუზი გვჭირდება – იმისათვის, რათა წელიწადის ნებისმიერ დროს შევძლოთ ცურვა»
ერთი 250 ათას ადამიანზე
მთელი აფხაზეთის მოსახლეობა დაახლოებით 250 ათას ადამიანს შეადგენს, მათგან 80 ათასი სოხუმის მკვიდრია. „ახალ რაიონში“, სადაც კინოთეატრი «SA-film»-ი მდებარეობს, დაახლოებით 25 ადამიანი ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ამდენი ადამიანი ცხოვრობს, აქ ერთი რეალური კინოთეატრიც კი არ არის გახსნილი. რატომ?
«მთავარი მიზეზი მოთხოვნის არარსებობაა, —.ამბობს ერთადერთი აფხაზი „კინობიზნესმენი“, საიდ ტანია — მოსახლეობის რაოდენობა არაა საკმარისი იმისთვის, რათა მოთხოვნის ფორმირება მოხდეს. ასეთი მცირე აუდიტორიის პირობებში ვერც კინოთეატრის ხარჯების ამოღება მოხდება და, მითუმეტეს, ვერც გასართობი ცენტრი იქნება რენტაბელური. ამიტომ ინვესტორები ასეთ პროექტებს ერიდებიან».
საიდის თქმით, თავიდან – როდესაც ბიზნესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო – ავტოსამრეცხაოს, ვულკანიზაციის, ან .კიდევ ერთ სასურსათო მაღაზიის გახსნას აპირებდა, მაგრამ შემდეგ მეგობრებს ჰკითხა რჩევა და საბოლოოდ კინოდარბაზის გახსნა გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისი ნათესავები ამ ტიპის დაწესებულებისათვის შესაფერის კომერციულ ფართს ფლობდნენ, რომელიც მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს.
– “ახალი რაიონი“ ქალაქის გარეუბანს წარმოადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებსაც სურთ, საცხოვრებელი ადგილის მახლობლად, შორს წასვლის აუცილებლობის გარეშე გაერთონ. აქ სხვა გასართობი არ არის. გადავწყვიტე, ეს კინოდარბაზი გამეხსნა და ნამდვილად არ ვნანობ, – ამბობს საიდ ტანია, — კმაყოფილი ვარ იმით, რომ ეს ბიზნესი ვითარდება და ხალხისთვის სარგებელი მოაქვს».