რას ფიქრობენ აზერბაიჯანში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის შესახებ?
«რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ბრიუსელში რამდენადმე ზერელედ უყურებდნენ, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა; ახლა ევროკავშირი ცალსახად ხვდება რომ სეპარატიზმმა, შესაძლოა, მასაც მიაყენოს ზიანი, და ამის აშკარა მაგალითია კატალონია», – რამდენიმე დღის წინ განაცხადა ევროკავშირში აზერბაიჯანის წარმომადგენელმა, აზერბაიჯანის ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ფუად ისკენდეროვმა საერთაშორისო ფორუმზე (“სეპარატიზმით წარმოშობილი საფრთხე, რომელიც საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას ემუქრება”).
თავის გამოსვლაში ელჩი აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემაზე, ყარაბაღის საკითხზე საუბრისას ვარაუდობს, რომ ბრიუსელის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე სომხეთთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ მომზადებულ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. სამიტში აზერბაიჯანის პრეზიდენტიც მონაწილეობს. სამიტის წინ აზერბაიჯანულ საზოგადოებას ყველაზე მეტად ის აინტერესებს, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთთან შეთანხმებას მოეწერება ხელი.
მსგავსი შეთანხმების გაფორმება იგეგმება აზერბაიჯანთან და ამ გეგმის პერსპექტივა დიდწილად იქნება დამოკიდებული დღევანდელი სამიტის შედეგებზე.
ბოლო დღეებში აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს.
«აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის 2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულება პარტნიორობის შესახებ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად იქცა პროექტ “სამხრეთის გაზის კორიდორის” რეალიზაციის პროცესში”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში, ალი ჰასანოვმა
«პრეზიდენტის თანაშემწემ დანანებით აღნიშნა, რომ ისეთი მოუგვარებელი პრობლემები, როგორიც სომხურ აზერბაიჯანული ყარაბაღის კონფლიქტია, აზერბაიჯანისა და ევროკავშირის მაღალ დონეზე პარტნიორობის განვითარებას აფერხებს. ევროკავშირისა და გაეროს შესაბამისი რეზოლუციების მიუხედავად, სომხეთი მაინც განაგრძობს ოკუპაციურ პოლიტიკას აზერბაიჯანთან მიმართებით»,– იუწყება ვებგვერდი cbc.az
აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი:
“ინვესტიციების სტრუქტურაში ევროკავშირის ქვეყნების წილი 24 პროცენტს შეადგენს. ამჟამად აზერბაიჯანში 1400-ზე მეტი ევროპული კომპანია ფუნქციონირებს. ქვეყანამ ევროკავშირის ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
გასულ წელს აზერბაიჯანის მთლიან ტვირთბრუნვაში ევროკავშირის წილი 35 პროცენტით განისაზღვრა. მიმდინარე წლის მონაცემები ცხადყოფს, რომ ეს მაჩვენებელი არ მცირდება და 35 პროცენტის დონეზე რჩება”.
მილი მეჯლისის (პარლამენტის) დეპუტატი, პოლიტოლოგი რასიმ მუსაბეკოვი meydanTV-ისთვის მიცემულ კომენტარში აღნიშნავს:
“სომხურ მხარეს, ტრადიციისამებრ, სურს, დოკუმენტში მისთვის საჭირო პუნქტი ჩართოს, აზერბაიჯანი კი ამის უფლებას არ იძლევა. ვფიქრობ, ევროპის კავშირი კომპრომისის სახით წარმოადგენს პუნქტს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ კონფლიქტი კონკრეტული ქვეყნების მითითებების გათვალისწინების გარეშე, ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპით უნდა გადაიჭრას. მაგრამ საქმე ისაა, რომ დოკუმენტში არსებობს პუნქტი, რომელიც უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება, მაგრამ აზერბაიჯანის მიმართ ზოგადი მიდგომაა დაფიქსირებული და მხოლოდ თვითგამორკვევის საკითხია მითითებული.
სომხეთი დოკუმენტის გაფორმებას ვერ შეძლებს იმ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანი იქნება წინააღმდეგი და მათ ორმხრივი დოკუმენტის გაფორმება მოუწევთ. საერთო დოკუმენტში უნდა აღიარებულ იქნას კონფლიქტის არსებობა და, ალბათ, რაღაც საერთო შეთანხმებაზე უნდა იყოს საუბარი. უბრალოდ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი სხვა დაპირისპირებებისგან არ უნდა გაიმიჯნოს და ბაქო სწორად იქცევა, როდესაც ამას დაჟინებით მოითხოვს».
დეპუტატის აზრით, ბაქოსთვის არაფერი დაშავდება იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთი დოკუმენტს ხელს მოაწერს, აზერბაიჯანი კი ამ შეთანხმებას არ გააფორმებს:
«სომხეთი ღარიბი ქვეყანაა, რომელიც ამ დოკუმენტს იმისთვის აფორმებს, რათა ევროკავშირის ნასუფრალი მიიღოს. აზერბაიჯანს ეს მაინცდამაინც არც სჭირდება».