რასიზმის ტესტი ქართულ სკოლაში
გოგონას დედა მომხდარ ინციდენტს დაახლოებით ასე აღწერს: ერთ-ერთ გაკვეთილზე მის 15 წლის შვილს კლასელმა ბიჭმა “გული ატკინა და შეურაცხყოფა მიაყენა” კანის ფერის გამო და დაუძახა: “აფრიკაში წადი, საზოგადოებაში შენი ადგილი არ არის, ველურებში უნდა იყოო.”
რუსა სკოლის რეაქციამ უფრო აღაშფოთა, ვიდრე თავად ინციდენტმა. სკოლის დირექტორს, მასწავლებლებსა და მანდატურ ქალს მისი შვილის დასაცავად ხმა არ ამოუღიათ და არც კლასელი ბიჭისთვის უთქვამთ საყვედური დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო. როდესაც რუსა მივიდა სკოლაში, დირექტორმა მიმის აკადემიური მოსწრების დაბალ ხარისხსა და ყოფაქცევაზე დაუწყო ლაპარაკი, რასაც ინციდენტთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონდა.
“საბაზე (იმ მოსწავლეზე, ვისთანაც მიმის მოუვიდა კონფლიქტი) საერთოდ არაფერი უთქვამთ – იცავდნენ და თავზე ხელს უსვამდნენ,” – წერს რუსა ამირეჯიბი “ფეისბუკში”, თავის კედელზე.
როგორც 130-ე საჯარო სკოლის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე ვკითხულობთ, მასწავლებლები ფერადკანიან გოგონას მუდამ სიყვარულით ეპყრობოდნენ და მათი მხრიდან არასდროს ყოფილა რაიმე ზეწოლა, ხოლო თანაკლასელმა ბიჭმა, რომელმაც მას დისკრიმინაციული გამონათქვამებით მიმართა, გრძნობს დანაშაულს და ბოდიში მოიხადა.
“საზოგადოება კი დღეს ტალახს ესვრის ჩვენს სკოლას და ვიტანთ, ვითმენთ. დღეს ჩვენ ვართ დისკრიმინაციის მსხვერპლი.”
ინციდენტს განათლების სამინისტროს აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური იკვლევს. განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განაცხადა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, პირადად იზრუნებს, რომ სკოლის ადმინისტრაციის წინააღმდეგ “მაქსიმალური სანქცია” დაწესდეს.
სტუდია “თვითმხილველის” ფილმი. თბილისი, 2010
ეს ინციდენტი რასობრივი დისკრიმინაციის საჯარო განხილვის პირველ შემთხვევაა საქართველოში. ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევაა სინამდვილეში – არამხოლოდ იმიტომ, რომ ამ თემას ტაბუ ადევს, არამედ იმიტომაც, რომ საქართველოში საერთოდ არ ხდება ქვეყნის მოქალაქეების რასობრივი შემადგენლობის ანალიზი.
განათლების სამინისტროს მიხედვით, არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში 90-მდე ფერადკანიანი ბავშვია, თუმცა, როგორც სამინისტროში აგვიხსნეს, რეალურად, მსგავსი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ბავშვების დათვლა “თავის მხრივ, დისკრიმინაციაა”.
კანონის მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაკა სტივენსონი ამბობს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სკოლებში, როგორც წესი, რელიგიას უკავშირდება ხოლმე. მაკა სტივენსონის თქმით, დაზარალებულებს არ სურთ ხოლმე ამაზე ხმამაღლა საუბარი და საჩივრის შეტანაზეც უარს ამბობენ, რადგან არ უნდათ, სკოლებში შვილების მდგომარეობა უფრო მეტად დაამძიმონ.
მას შემდეგ, რაც თანასწორობის დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო, გასული წლის 2014 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე, დეპარტამენტში ორი საქმეა შესული რელიგიური ნიშნით შესაძლო/სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე, თუმცა ამ საქმის უკან არა კონკრეტულად “დაზარალებული” პირი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები დგანან.
2014 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა “ანტიდისკრიმინაციული კანონი” მიიღო. სწორედ ამ კანონზე ამყარებს იმედს რუსა ამირეჯიბი:”აუცილებლად გამოვიყენებ ამ კანონს. ვინმე ხომ უნდა იყოს პირველი, ვინც ასე მოიქცევა! ვიცი, რომ საქართველოში ერთადერთი მშობელი არ ვარ, ვინც შავკანიან ბავშვს ზრდის. კარგი იქნება, თუკი სხვებიც შემომიერთდებიან!”