აზიური ფაროსანა ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგში მოხვდა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდი 10-11 ოქტომბერს გაიმართა, სადაც ტრადიციულად უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები განიხილებოდა. თუმცა, იყო ახალი თემაც – აზიური ფაროსანა, როგორც რეგიონის ახალი საფრთხე.
თბილისის პოზიცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 41-ე რაუნდზე განხილვის მთავარი თემა იყო „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურებაზე გაამახვილა ყურადღება. ქართული მხარე ამ ფაქტს აფასებს, “როგორც ცხინვალის რეგიონში ქართული კვალის გაქრობის მიზანმიმართულ მცდელობას და ეთნიკური წმენდის გაგრძელებას”.
კიდევ ერთი განსახილველი საკითხი იყო „გალის რაიონში მიმდინარე ეთნიკური დისკრიმინაცია“, მათ შორის ზეწოლა ადგილობრივ ქართულ მოსახლეობაზე, რომ გვარები და ეთნიკური იდენტობა შეეცვალათ. ასევე, გალისა და ახალგორის ქართულ სკოლებში განათლების მშობლიურ ენაზე აკრძალვასა და გალში არსებული მძიმე სოციალურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე.
ქართულმა მხარემ რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „ფაქტობრივი ანექსიის“ საკითხიც დააყენა. ანექსიის გაგრძელებად აფასებს თბილისი კრემლის გადაწყვეტილებას სოხუმში რუსეთის სპეციალური საბაჟო პუნქტის შექმნის თაობაზე.
„რუსეთი კვლავ უარს ამბობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის განხილვაზე, რითაც მოსკოვი უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მეხუთე პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის პოზიცია
ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჟენევის დისკუსიის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, აქცენტი გაკეთებულია თბილისისა და ნატოს თანამშრომლობაზე, რასაც მოსკოვი “შემაშფოთებელს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს „რეგიონულ უსაფრთხოებას რეალურ საფრთხეს უქმნის“.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში 2017 წელს საქართველოში ჩატარებულ ნატოს სამხედრო წვრთნებია ნახსენები. მოსკოვის აზრით, თბილისის და ალიანსის ამგვარი ქმედებები ჟენევის დისკუსიების ფორმატს აუფასურებს და რეგიონში დაძაბულობას იწვევს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააკრიტიკა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო რეზოლუცია საქართველოს შესახებ და მას „მიუღებელი და პროვოკაციული“ უწოდა.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ბუქარესტში 6-9 ოქტომბერს გამართულ ყოველწლიურ სესიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი საკითხების შესახებ რამდენიმე, შესასრულებლად არასავალდებულო რეზოლუცია მიიღო, რომელთაგანაც ერთი საქართველოსაც ეხება.
რეზოლუცია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ, რომელიც უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტმა წარადგინა და პლენარულ სხდომაზე 9 ოქტომბერს იქნა მიღებული, ღრმა შეშფოთებას გამოხატავს „რეგიონში მზარდი დაძაბულობის“ გამო და გმობს „საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას რუსეთის მიერ, ასევე მისი სამხედრო ძალების ზრდას“.
სოხუმის პოზიცია
სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა კვლავ ვერ მიაღწიეს კომპრომისულ შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტზე.
განცახადებაში, რომელსაც სოხუმი ავრცელებს, ასევე ნათქვამია, რომ აფხაზურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აზიურ ფაროსანის მომრავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე – “აზიური ფაროსანა სერიოზულ საფრთხეს უქმნის სასოფლო სამეურნეო კულტურებს აფხაზეთში” – ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმი საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვს, ყურადღება მიაქციონ ამ ეკოლოგიურ პრობლემას და დახმარება აღმოუჩინონ აფხაზეთს მასთან საბრძოლველად.
ცხინვალის პოზიცია
ცხინვალის მიერ გაკეთებული განცხადება იმეორებს რუსეთის წუხლს საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მიმართ.
ცხინვალი თბილისს მოუწოდებს ერთობლივად იმუშაონ “სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის“ საკითხებზე და “პროვოკაციულს” უწოდებს ქართული მხარის აქტივობებს საზღვრისპირა სოფლებში [იგულისხმება მავთულხლართების გავლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო მიტინგები და აქციები].
ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია
აშშ-ის დელეგაციამ მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მან პროტესტი გამოთქვა აფხაზეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის და ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლებზე ფიზიკური ბარიერების და სადემარკაციო ნიშნების აღმართვის გამო, რაც „საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა“.
„ამგვარი ქმედებები ზღუდავს თავისუფალ გადაადგილებას და ადგილობრივი მაცხოვრებლების სასიცოცხლო გარემოს ზიანს აყენებს“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
აშშ-ის წარმომადგენლებმა ასევე პროტესტი გამოთქვეს სოფელ ერედვში ეთნიკური ქართველების სახლების დანგრევის გამო და აღნიშნეს, რომ „ქართველებს აქვთ სახლში დაბრუნების უფლება“.
მათ ასევე წუხილი გამოთქვეს სოხუმის გადაწყვეტილების გამო საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის საკითხს, ამერიკელმა დიპლომატებმა „მოუწოდეს მხარეებს, რომ განაგრძონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები ურთიერთმისაღები განცხადების მიღების მიზნით“.
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა პრესისთვის კომუნიკეც გაავრცელეს, სადაც განხილულ საკითხებს შორის ჩამოთვლილია „დაკავებები გამყოფი ხაზების გასწვრივ, წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, სამხედრო საქმიანობებზე ინფორმაციის გაცვლა და სერიოზულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების უზრუნველყოფის საჭიროება“ – ასევე კონსულტაციები ძალის გამოუყენებლობის შესახებ განცხადებაზე.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერსაა დაგეგმილი.
• 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის შეიქმნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. მას შემდეგ წელიწადში ტარდება 4 რაუნდი. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.
• ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში; პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს (მაგალითად, რუსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა), ხოლო მეორეში – იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხი, ასევე სხვა ჰუმანიტარული საკითხები (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
მასალა მომზადებულია ოფიციალური დოკუმენტებისა და civil.ge-ის ინფორმაციაზე დაყრნობით