პუტინი აფხაზეთში - პასუხი აშშ-ს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 8 აგვისტოს აფხაზეთში ჩავა. ეს ვიზიტი ემთხვევა 2008 წელს რუსეთის საქართველოსთან ომის წლისთავს, რომლის დაასრულების შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. ვლადიმირ პუტინი ბოლოს აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა, როდესაც პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი იყო.
ოფიციალური ვერსიით, ახლანდელი ვიზიტის მიზანი აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებებია. მთავარი საკითხი სამხედრო, სამართლებრივ და საინვესტიციო სფეროებში თანამშრომლობა იქნება. შეგახსენებთ, რომ:
—რუსეთი და აფხაზეთი ცდილობენ განახორციელონ სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელიც ერთობლივი სამხედრო დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს.
—რუსეთი და აფხაზეთი ცდილობენ, ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის გზით, სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის კოორდინირება მოახდინონ.
—რუსეთის მხრიდან ფინანსური დახმარება (4 მილიარდი რუბლი 2017 წლისთვის, დაახლოებით $56 მილიონი) აფხაზეთის ბიუჯეტის დაგეგმილი საშემოსავლო ნაწილის ნახევარზე ოდნავ ნაკლებს შეადგენს.
გარდა ამისა, პუტინის ვიზიტი უნდა იქცეს საქართველოში ახლახან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პენსის ვიზიტის პასუხად. საქართველოში ვიზიტის დროს პენსმა მკვეთრი ანტირუსული პოზიცია გამოხატა. სოხუმში პუტინის ვიზიტის გაუხმაურებელი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის იმიჯის გამყარებაც. არჩევნები 2018 წლის მარტში ჩატარდება, თუმცა წინასაარჩევნო კამპანია დე-ფაქტო უკვე დაწყებულია.
ამერიკელი პოლიტიკოსი „აქტიურ აგიტაციას ეწევა საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, და ამით მთელ რიგ პრეტენზიებს აღვივებს, მათ შორის – აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ტერიტორიებსა და ხალხებზე საქართველს იურისდიქციის ძალადობრივი გზით აღდგენის ჩათვლით“, – აღნიშნა კრემლთან დაახლოებულმა პოლიტოლოგმა კონსტანტინ ზატულინმა.
ამასთან ერთგვარი შოკი გამოიწვია მოსკოვში მიღებულმა ამასწინდელმა საკადრო გადაწყვეტილებამ: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთის კურატორი 31 წლის ვლადიმირ ვლადიმიროვი გახდა, რომელიც მანამდე მოსკოვში ბიბლიოთეკების ქსელის განვითარებით იყო დაკავებული. ამის შესახებ პო.რტალი იუწყება.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ამ პოსტზე გამოუცდელი ვლადიმიროვის დანიშვნა მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის საკითხში სტრატეგიული პოზიცია არ გააჩნია, ამიტომაც ამ მიმართულებით საკადრო გადაწყვეტილებებიც შემთხვევითი ხასიათისაა.
მთლიანობაში რუსული მედია პრეზიდენტ პუტინის აფხაზეთში ვიზიტზე საუბარს დიდ დროს არ უთმობს. გაცილებით დიდ ინტერესით შუქდებოდა აფხაზეთშიახლახან მომხდარი ორი ამბავი – ბიჭვინთის რაიონში რუს ტურისტებზე თავდასხმა და პრიმორსკოეში საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება, რომლის დროსაც ასევე რუსი ტურისტები დაიღუპნენ.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო