რუსეთის ლენინგრადის ოლქის ქალაქ ვიბორგის მახლობლად ადგილობრივმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს რეზიდენცია, რომელიც ოფიციალურად ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობრებს ეკუთვნით – მაგრამ სინამდვილეში მისი კუთვნილებაა.
როგორც რუსული ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება, რუსეთის პრეზიდენტი იქ, სულ ცოტა, ერთხელ მაინც ისვენებდა.
ეს 1913 წლის ისტორიული შენობაა, რომელიც ცნობილია „სელგრენის აგარაკის“ სახელით და ვიბორგის ყურეში, კუნძულ ლოდოჩნიზე მდებარეობს.
თვითონ კუნძული და იქ არსებული ნაგებობა ოლეგ რუდნოვის – ვლადიმირ პუტინის პეტერბურგისდროინდელი ძველი მეგობრის ოჯახის საკუთრებაა, მაგრამ ადგილობრივი ადმინისტრაციის წყაროს მოწმობით, რომელსაც „დოჟდი“ ეყრდნობა, რუდნოვები მხოლოდ ფორმალური მფლობელები არიან. სინამდვილეში „სელგრენის აგარაკი“ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციას წარმოადგენს.
„სელგრენის აგარაკი“, გარდა იმისა, რომ არქიტექტურული ძეგლია, საბჭოთა კინემატოგრაფის ისტორიაშიც შევიდა – იქ ცნობილი სერიალის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“-ს ორი სერიის მოქმედება ვითარდება.
მედიის მონაცემებით, ვლადიმირ პუტინს ოფიციალური, რუსეთის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი რეზიდენციების გარდა, კიდევ რამდენიმე რეზიდენცია ეკუთვნის, მათ შორის ერთი – ალტაიზე, ციმბირში, და მეორე – გელენჯიკში, შავი ზღვის სანაპიროზე.