პუტინის გარემოცვას მკაცრი სანქციები ემუქრება. მათ შორის, მედვედევსაც
გაზიარება
გაზიარება
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ე. წ. „კრემლის მოხსენება“ გამოაქვეყნა. მისი გამოქვეყნების მიზეზად 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა იქცა. მოხსენებაში პუტინის გარემოცვის 210 წარმომადგენელი მოხვდა – 114 სახელმწიფო მოხელე და 96 ბიზნესმენი. ეს იმ ადამიანების “შავი სიაა”, რომლებსაც აშშ-ის მხრიდან სანქციები ემუქრებათ.
მოხსენება იმ პირების საბოლოო ჩამონათვალს წარმოადგენს, ვის წინააღმდეგაც სანქციებს დააწესებენ. ფინანსთა სამინისტრომ დოკუმენტი აშშ-ის კონგრესს გადასცა, სადაც ამ მოხსენებასთან დაკავშირებული რამდენიმე მოსმენა გაიმართება. სწორედ კონგრესში გადაწყდება, ვის მიმართ რა სანქცია დაწესდება.
მოხსენებაში თითოეული ჩინოვნიკისა და ბიზნესმენის ვლადიმირ პუტინთან კავშირის შესახებაა საუბარი. ასევე აღწერილია, რა კავშირი აქვთ მათ რუსეთში კორუფციულ გარიგებებთან და შემოსავლის რა წყაროებს ფლობენ. ასევე მითითებულია ის სავარაუდო შედეგები, რაც თითოეული პირის მიმართ სანქციების ამოქმედებას შეიძლება მოჰყვეს.
სხვებთან ერთად მოხსენებაში დასახელებულნი არიან: პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელები – ვიაჩესლავ ვოლოდინი და ვალენტინა მატვიენკო, ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, მილიარდერები – ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კერიმოვი, მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანიების – „როსნეფტისა“ და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი პირები – იგორ სეჩინი და ალექსეი მილერი.
როგორც CNN იუწყება, არსებობს სიის მეორე ნაწილიც, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ არ გამოაქვეყნა. ჯერჯერობით უცნობია, რა წერია მეორე ნაწილში.
თუ რა სანქციებს შემოიღებს აშშ-ი ამ პირთა მიმართ ჯერჯერობით ასევე უცნობია. ამაზე კონგრესმა უნდა იმსჯელოს. CNN-ის მიერ გამოკითხული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სანქციები პირველ რიგში, ამერიკულ ბანკებთან თანამშრომლობის შეზღუდვას შეეხება.