ევროპის საბჭოს წარმომადგენელი აზერბაიჯანელ ოპოზიციონერს შეხვდა
გაზიარება
გაზიარება
ილგარ მამედოვის ფოტო: Facebook-გვერდიდან
აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების თაობაზე ევროპის საბჭოს მომხსენებელი ტორჰილდურ სუნა ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით მასალის შესაგროვებლად ბაქოში ჩავიდა.
5-7 სექტემბერს მას ოფიციალურ პირებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. ასევე მას სურდა ზოგიერთ პოლიტპატიმარს შეხვედროდა, მაგრამ ფაქტობრივად ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ სუნამ ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივა“-ს ლიდერთან ილგარ მამედოვთან ერთად ივახშმა.
ტორჰილდურ სუნა აზერბაიჯანში ამ წლის ივნისში აპირებდა ჩასვლას. მაგრამ მაშინ ხელისუფლებამ მის მიღებაზე უარი განაცხადა, და მიზეზად ის დაასახელა, რომ 4-5 ივნისს ქვეყანაში რამაზანის დღესასწაულს აღნიშნავდნენ – ეს დღეები არასამუშაო იყო. ამიტომ, ვიზიტის სექტემბრისთვის გადადება მოუხდათ.
შეხვედრა ილგარ მამედოვთან
ტორჰილდურ სუნასთან შეხვედრის შესახებ ილგარ მამედოვი თავის Facebook-ის გვერდზე ჰყვება:
„ჩვენ საფუძვლიანი საუბარი გვქონდა. ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალ იანვრამდე ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს, მაგრამ წლევანდელი გამოცდილება უჩვენებს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა შესაძლებელია, და ჩვენ უფრო მეტისკენ უნდა მივისწრაფოდეთ. პოლიტპატიმართა რიცხვი ნულამდე უნდა დავიდეს. გარდა ამისა, სრულად უნდა შესრულდეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამისთვის კი პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რესურსი უნდა ამოქმედდეს.“
„მომავალ იანვარზე“ საუბრისას ილგარ მამედოვი გულისხმობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიას. ამ სესიაზე ტორჰილდურ სუნა თავის ახლანდელი მოგზაურობის ანგარიშს წარადგენს და გამოტანილ დასკვნებს გაახმოვანებს.