ოპოზიციურ პარტიაში არსებული კონფლიქტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ცენტრშია
ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ საბჭოს თავმჯდომარე აზერ გასიმლი, პარტიის ლიდერ ილგარ მამედოვთან უთანხმოების გამო, გადადგა და პარტიიდან წავიდა.
გასიმლიმ მამედოვი ხელმძღვანელობის ავტორიტარულ სტილში დაადანაშაულა – წერს Turan.
• პროტესტები, მიტინგები და საკადრო გადანაცვლებები აზერბაიჯანში
• სატახტო თამაში: რა ხდება საქართველოს ეკლესიაში?
ამ პარტიაში ასეთი რამ პირველად მოხდა. ამიტომ მომხდარი მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება.
დაწვრილებით „რესპუბლიკური ალტერნატივას“ და ილგარ მამედოვის შესახებ
„რესპუბლიკური ალტერნატივა“ („რეალი“) – აზერბაიჯანული დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა. ის „აღმოცენდა“ იმავე სახელწოდების მოძრაობიდან, რომელიც 2009 წელს ახლგაზრდა პოლიტიკოსთა ჯგუფმა დააარსა.
მოძრაობის ლიდერი ილგარ მამედოვი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას აპირებდა, მაგრამ ის დააპატიმრეს და არეულობების ორგანიზების ბრალდებით, პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო უფლებადამცავმა ორგანიზაციებმა ის სინდისის პატიმრად აღიარეს და რამდენიმე წლის განმავლობაში მოითხოვდნენ მის გათავისუფლებას. ილგარ მამედოვი 2018 წლის აგვისტოში პირობით გათავისუფლდა.
პარტია „რეალი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.
რით არის უკმაყოფილო გასიმლი
რამდენიმე დღის წინათ ილგარ მამედოვმა პარტიის წევრებს სტრუქტურის რეფორმირება შესთავაზა. კერძოდ კი – მმართველობის, საბჭოს და საკონტროლო-სარევიზიო კომისიის გაუქმება, და მათ ნაცვლად, ერთიანი სტრუქტურის დაფუძნება, რომელსაც პირობითად პოლიტიკური კომიტეტი დაერქმევა.
აზერ გასიმლის ეს იდეა ძალიან არ მოეწონა. მან განაცხადა, რომ ეს კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების წესზე დარტყმაა, და მან პარტია დატოვა.
„მმართველობის მუშაობის შემოწმებას ვერავინ შეძლებს. საბჭოს არარსებობა ნიშნავს იმ სტრუქტურის არარსებობას, რომელიც მმართველობას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს და მას ანგარიშის ჩაბარებას მოსთხოვს“, – განმარტა მან საკუთარი გადაწყვეტილება.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
აქამდე „რეალი“ ძალიან შეკრული პარტიის შთაბეჭდილებას ახდენდა. მის შიგნით კონფლიქტები თუკი ხდებოდა, ამის შესახებ ვერც ჟურნალისტები და ვერც საზოგადოება ვერაფერს იგებდა.
ის, რაც ახლა ხდება – „რეალის“ პირველი უთანხმოებაა, რომლის შესახებაც საზოგადოებრიობამ შეიტყო.
მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მოსაზრებები
პარტიის ბევრმა წევრმა გასიმლის ეს ქმედება ნეგატიურად აღიქვა, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც მას მხარი დაუჭირა და პარტია მასთან ერთად დატოვა.
თავად ილგარ მამედოვს მომხდარზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი ნატიგ ჯაფარლი ლიდერს სრულად ემხრობა:
„რეალი“ არასდროს ყოფილა და ვერ იქნება ერთის პარტია. ილგარ მამედოვი ყოველ დილით სხვებზე ადრე მიდის ოფისში, ჩაის აყენებს, პარტიის რიგით წევრებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მასთან მისვლა და საკუთარი პრეტენზიებისა და წინადადებების გამოთქმა. ასეთი ადამიანის ავტორიტარიზმში დადანაშაულება სრულიად უადგილოა. „რეალი“ ლიდერების ორგანიზაციაა, რომლებსაც ყოველთვის შეეძლოთ საკუთარ წყენებსა და ამბიციებზე მაღლა დადგომა. ეს ასეა, და ასეც იქნება!“
პარტიის საბჭოს თავმჯდომარემ ერკინ გადირლიმ აზრი უფრო ბუნდოვნად გამოთქვა:
„აზერ გასიმლის „რეალი“-დან წასვლით არაფერი დაუკარგავს. „რეალისთვის“ კი ეს მძიმე დანაკარგია. ასე არ უნდა ხდებოდეს. „რეალი“ არჩევანის წინაშე არ უნდა აღმოჩნდეს“: ერთ ადგილას დარჩეს, და არაფერი დაკარგოს, თუ დანაკარგებით წინ წავიდეს. აზერი კი წავიდა, და პარტია ამ არჩევანის წინაშე დატოვა. იჩქარა. „რეალმა“ აზერი დაკარგა, მაგრამ თავი არ დაუკარგავს. არც ჩვენი მეგობრობა წასულა არსად. კარგი საქმეები ნელა ხდება. ჩვენ არსად გვეჩქარება“.
„რეალის“ ადამიანური რესურსების მდივანი თორღულ ისმაილოვი მათ შორის აღმოჩნდა, ვინც პარტია დატოვა.
„ასეა თუ ისე, მე „რეალისადმი“ მორალური მიჯაჭვულობა არ დამიკარგავს, მაგრამ თამაშის ახალ წესებს არ ვეთანხმები“, – ამბობს ის.