ნუ ესვრით და ნუ შეურაცხყოფთ ჟურნალისტებს!
‘მოვითხოვთ, საჯაროდ დაიგმოს მგერ სედრაქიანის პარლამენტის დეპუტატისთვის შეუფერებელი საქციელი… ვფიქრობთ, თავად პარლამენტარებისთვისაც შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, თუკი მათ საქმიანობას ‘ნახირი’ აშუქებს. ამ განცხადებას 120-ზე მეტმა ადამიანმა (მ.შ. ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა) მოაწერა ხელი.
აქცია, მმართველი პარტიის წარმომადგენელი დეპუტატის მხილების მოთხოვნით, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი აგდებული დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ( „თავისუფალი ჟურნალისტების ასოციაცია“, „მედია და სამართალი“, „ჟურნალისტების გაერთიანება“) ინიციატივით გაიმართა.
ორგანიზატორებმა ერთი დღით ადრე განაცხადეს, რომ ეროვნული საკრებულოს შენობასთან აქციის მოწყობას აპირებდნენ და მასში მონაწილეობის მისაღებად რედაქტორები, უფლებადამცველები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვიეს. თუმცა, მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები ადამიანი შეიკრიბა.
დეპუტატმა არამ მანუკიანმა,რომელიც ჟურნალისტების მხარდასაჭირ აქციაზე მივიდა, დამსწრეთა სიმცირე იმით ახსნა, რომ საზოგადოება ამის შესახებ სათანადოდ არ იყო ინფორმირებული.
აქციის წინა დღეს ათმა ჟურნალისტურმა ორგანიზაციამ დაგმო დეპუტატ მგერ სედრაქიანის „თავხედური საქციელი“. პარლამენტარმა დერეფანში შეკრებილ კორესპონდენტებს „ნახირი“ უწოდა.მართალია, მოგვიანებით სედრაქიანი უარყოფდა , რომ მედიის წარმომადგენლები ასე მოიხსენია, თუმცა იქვე ერთ-ერთ ჟურნალისტს შეაგინა, და „ერთი ერთზე საუბარი“ შესთავაზა; ხოლო,როდესაც ჟურნალისტმა ამ სიტყვების კამერებთან გამეორება მოსთხოვა, სედრაქიანმა უპასუხა: „მზად ვარ, ვესაუბრო ნორმალურ ჟურნალისტებს, არანორმალურებთან საქმის დაჭერა არ მინდა“.
ჟურნალისტური ორგანიზაციები, დეპუტატის „უღირსი საქციელის“ გამო, უკმაყოფილებას გამოთქვამენ და მოითხოვენ, რომ მმართველი რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული შემთხვევა განიხილოს; სედრაქიანს კი მოუწოდებენ, საკუთარი ნებით თქვას უარი დეპუტატის მანდატზე.
გარდა ამისა, მედიაორგანიზაციები მოითხოვენ, რომ პარლამენტის სპიკერმა და რესპუბლიკელთა ფრაქციამ საჯაროდ ამხილონ თანაპარტიელი, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტებს შეურაცხყოფითვის ბოდიში მოუხადონ და საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდება.
‘თუ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, იმის ფიქრის საფუძველი გვექნება, რომ რესპუბლიკურ პარტიასა და ხელისუფლების სხვადასხვა რგოლში მგერ სედრაქიანისა და მისი მსგავსი პირების საქციელი ნორმად მიაჩნიათ; და რადგან სომხეთის ხელისუფლებას არ შეუძლია, ან არ სურს, მუქარებისგან, ზეწოლისა და თავდასხმებისგან დაიცვას ჟურნალისტები, იძულებულები გავხდებით, საერთაშორისო საზოგადოებას მივმართოთ’, _ აღნიშნულია განცხადებაში.
„მედიაინიციატივების ცენტრის“ ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ რესპუბლიკელების ფრაქციის ხელმძღვანელი ვაგრამ ბაღდასარიანი ესაუბარა სედრაქიანს, რომელმაც უამბო, რომ ჟურნალისტების მისამართით არ უთქვამს სიტყვა „ნახირი“ _ ის უბრალოდ ანეკდოტს უყვებოდა კოლეგებს.
ბაღდასარიანის აზრით, ზოგიერთი ჟურნალისტი, სენსაციის მიზნით, განგებ მიმართავს კომენტარისთვის გაუწონასწორებელ დეპუტატებს და მდგომარეობიდან გამოჰყავს.
თუმცა, იმავე მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენელმა, ყოფილმა ჟურნალისტმა მარგარიტ ესაიანმა დაგმო მგერ სედრაქიანის საქციელი: „თუ ადამიანი დეპუტატია, თუ ის თანამდებობის პირია, რაც უნდა მოხდეს, პროვოკაციამ წყობიდან არ უნდა გამოიყვანოს“.
ჟურნალისტი პაილაკ ფაგრადიანი, რომელმაც დეპუტატი „წყობიდან გამოიყვანა“, კოლეგებთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მან შეურაცხმყოფელი გამონათქვამის გაგონებისთანავე სედრაქიანს ჰკითხა, _ „რატომ ამბობთ ასეთ სიტყვას?“ ფაგრადიანი ამბობს: „ჩვენ პიროვნებას კი არა, მოვლენას ვებრძვით. სედრაქიანის მსგავსმა ადამიანებმა საკუთარი ადგილი უნდა იცოდნენ და ჟურნალისტებს თავაზიანად ელაპარაკონ“.
საპროტესტო აქციის ინიციატორები სედრაქიანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებენ. ეთიკის საპარლამენტო კომისიამ ჯერ კიდევ 2012 წელს განიხილა ინციდენტი, რომელიც იმავე დეპუტატს ეხებოდა და დაასკვნა, რომ სედრაქიანმა „A1+-ის ჟურნალისტის შეურაცხყოფით დეპუტატის ქცევის კოდექსი დაარღვია; 2014 წელს მანვე ‘ქუჩური სიტყვებით’ აგინა Tert.am-ის ჟურნალისტს, და საკუთრი თავისთვის არც ახლა, 2016 წლის თებერვალში უღალატია.
ასე რომ, მოვლენის რეზონანსულობის მიუხედავად, ძნელად წარმოსადგენია, რომ დეპუტატს სერიოზული სასჯელი დააკისრონ. კიდევ უფრო ძნელად წარმოსადგენია, რომ სედრაქიანმა ჟურნალისტებისადმი დამოკიდებულება შეიცვლოს.