ნუცა, რომელსაც მე ვგავარ
ბავშვობაში საშინლად ცელქი ვიყავი. საკმარისი იყო რაიმე უხეშად მეთქვა ან გამეკეთებინა, ჩემი ოჯახის წევრებიც არ აყოვნებდნენ და ნუცას მადარებდნენ. “ნუცასავით იქცევი”-კომპლიმენტი არასდროს ყოფილა.
თავისებური ხასიათის ნუცა ბებიაჩემის და იყო. თავისი სახლი არ ჰქონდა, სწორედ ამიტომ ბებოსთან და ბაბუსთან ცხოვრობდა. ნუცას სახლიდან გასვლა და ჩემი ოჯახის წევრების მხირდან ვიღაც დათიკოს ქება-დიდება ერთი იყო. დათიკოზე საუბრები რუტინულად ქცეული გაურკვევლობით სრულდებოდა. ვერ ხვდებოდნენ როგორ შეიძლებოდა ადამიანი დათიკოსნაირ კაცს გაშორებოდა.
ვერც მე ვხვდებოდი. ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ის, რომ უხეშმა ნუცამ ოჯახი დაანგრია და უნაკლო ადამიანს უმიზეზოდ გაშორდა.
ნუცა რომ სიტყვა ყოფილიყო აუცილებლად სიამაყე იქნებოდა. მაღალი, გამხდარი, მუქი თმით და ნათელი, ყავისფერი თვალებით. 80 წლის იყო, სახე ნაოჭებით სავსე ჰქონდა, მაგრამ იმდენად ლამაზი იყო ეს ნაოჭებიც მელამაზებოდა. ნუცას შემთხვევაში სილამაზესა და სიამაყესთან ბრძოლა, დრომ მწარედ წააგო.
ბევრი ლაპარაკი არასდროს უყვარდა. როდესაც 15 წლის ვიყავი მასთან ერთად სახლში მარტო დავრჩი. ჩემს თავს 1 საათის განმავლობაში ყოველ წამს ვარწმუნებდი, რომ უნდა მეკითხა. ბოლოს მსოფლიოში რაც გამბედაობა იყო სრულად მოვიკრიბე და დათიკოზე ვკითხე. მას შემდეგ მგონია, რომ უფრო გავიზარდე და ამ გაზრდამ გამოუსწორებელი, უსამართლობის სიმძიმეც მოიტანა.
იმერეთის ერთ-ერთ სოფელში თავისუფალი სულით, საოცრად ლაღი დაიბადა. მის მშობლებს ნუცას გარდა კიდევ 6 შვილი ჰყავდათ. ნუცა უფროსი იყო.
როცა 14 წლის გახდა მშობლებმა მისი გათხოვება გადაწყვიტეს. საქმროც თავად მოუძებნეს, გადაწყვეტილებაც მის მაგივრად მიიღეს და გათხოვების შესახებ მას უბრალოდ აცნობეს. ნუცას ბედი მასზე 16 წლით უფროს, 30 წლის დათიკოს დაუკავშირეს.
გათხოვება და ქორწინება რას ნიშნავდა საერთოდ არ იცოდა. აუხსნეს, რომ დათიკოსთან ერთად, სახლიდან შორს, ბათუმში უნდა წასულიყო. ცოლის მოვალეობაც კარგად განუმარტეს და ასწავლეს, რომ ცხვარივით ყველგან ქმრის ნაკვალევს უნდა გაყოლოდა.
მას შემდეგ რაც სიტყვა “ქორწილის” განმარტება გაიგო, გათხოვებაც მალე მოუწია. მის ცხოვრებაში ყველაზე საშინელმა დღემაც არ დააყოვნა. ქორწილის დღეს ნუცას 2 საათი ეძებდნენ. შემდეგ მაგიდის ქვეშ დამალული, აცრემლებული თვალებით იპოვეს.
“არა, არ მეშინოდა, უბრალოდ სახლში, ჩემს ოჯახთან ერთად მინდოდა. უცხო ადამიანთან ერთად შორს წასვლა უბრალოდ არ მსურდა”, – ამბობდა ნუცა.
ამ ისტორიის მოყოლის დროს თავისი ყოფილი ქმარი სახელით არასდროს მოუხსენიებია, სულ უცხო ადამიანს ეძახდა. ნუცასთვის დათიკო სამუდამოდ უცხო ადამიანად დარჩა.
საბოლოოდ გათხოვდა, ბათუმშიც გადავიდა. სოფლიდან და ოჯახიდან შორს. ნუცას ქმარი მდიდარი იყო, მისი გათხოვების მიზეზიც სწორედ ეს გახლდათ.
“მართლა ვუყვარდი. ძალიან კარგად მექცეოდა, ზემდეტადაც კი. ყველაფერს მყიდულობდა, მივლიდა. ყოველ დილით საწოლთან ყვავილები და წერილი მხვდებოდა. არცერთი მათგანი არ წამიკითხავს”, – ყვებოდა ნუცა.
10 წლიანი ქორწინების განმავლობაში, ნუცას ერთადერთი ოცნება და მიზანი ჰქონდა – არ დაორსულებულიყო.
“დავიფიცე, რომ ერთ მშვენიერ დღეს იმ სახლიდან წამოვიდოდი. ბავშვი საშინლად არ მინდოდა, ვიცოდი, რომ ყველაფერს გაართულებდა”, – ამბობდა ნუცა.
დათიკოს ექიმიდან ექიმთან დაყავდა. ყველა ექიმი თანხმდებოდა, რომ ბავშვის გასაჩენად მზად იყო, ვერცერთი მათგანი უშვილობის მიზეზს ვერ ხსნიდა. დათიკოსთვის სამწუხაროდ და ნუცასთვის საბედნიეროდ შვილი არ ეყოლათ.
ამ 10 წლის განმავლობაში ყველაფერს სწავლობდა. 24 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო და როგორც იქნა ქმრის სახლიდან წამოვიდა.
“სამსახურში იყო. ის ტანსაცმელი ჩავიცვი რაც ჩემით ვიყიდე, ჩემი პატარა ჩანთა ავიღე და წამოვედი. არცერთი მისი ნაჩუქარი ნივთი არ წამომიღია. არ მინდოდა რაიმე ისეთი მქონოდა რაც მასთან დამაკავშირებდა”, – ამბობდა ნუცა.
სახლში დაბრუნებაზე ოცნებობდა, ოცნება ვერ აისრულა. ნუცას მშობლებმა მისი გაშორება არ მიიღეს, ეს ამბავი სოფელს დაუმალეს და მოიტყუეს, რომ ნუცა საზღვარგარეთ იყო წასული. სწორედ ამიტომ ნუცა მამის დაკრძალვის დღემდე მშობლიურ სახლში ვერ ჩავიდა.
დათიკო 15 წლის განმავლობაში სთხოვდა შერიგებას. არ შერიგებია. მარტო ცხოვრობდა. ჯერ ბათუმში, შემდეგ უკვე თბილისში. აღარ გათხოვილა. როდესაც ვუყურებდი, ერთადერთი რასაც ვხედავდი სიამაყე იყო. ამაყობდა საკუთარი თავით. საკუთარი საქციელით. ამაყობდა იმით, რომ დანაპირები, შეუსრულა იმ 14 წლის გოგოს, რომელიც მაგიდის ქვეშ, აცრემლებული უცხო კაცს ემალებოდა.
ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ სიტყვების მოძებნა რთული იყო. მეც არაფერი ვთქვი. ერთმანეთს ვუყურებდით. მეცოდებოდა, ალბათ ჩემს თვალებშიც სწორედ ამას ხედავდა. მე სიამაყეს ვხედავდი.
უსამართლობით გაგიჟებულმა ისტორია ოჯახის სხვა წევრებსაც მოვუყევი, როგორც აღმოჩნდა უკვე იცოდნენ, მაგრამ მაინც თვლიდნენ, რომ ნუცა “სულელურად” მოიქცა, როდესაც დათიკოს გაშორდა. დათიკო ხომ მთელს ბათუმში საუკეთესო კაცი იყო და მერე რა, მაშინ ხომ ყველას პატარა ასაკში ათხოვებდნენ.
ამ ისტორიის მოყოლიდან 4 წლის შემდეგ სიმსივნით გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ისევ მშობლებთან ერთად ყოფნაზე ოცნებობდა, სწორედ ამიტომ, იმერეთში, მშობლების საფლავების გვერდით დავკრძალეთ. დაკრძალვის დღეს ვიგრძენი, რომ მიაღწია იმას, რისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა.
14 წლის ნუცას ოცნება, 84 წლის ნუცამ აისრულა და მშობლების გვერდით სამუდამოდ დაიძინა.