მჭედლობის დღესასწაული აფხაზეთში
აფხაზურ კალენდარში 14 იანვარი, ოფიციალურად, დასვენების დღედ არის მონიშნული. თუმცა, ამ დღესასწაულს არა ‘ძველით ახალი წელი’, არამედ ‘აჟირნიხუა’ (ანუ მჭედლობის დღესასწაული) ჰქვია. ჩემს ნათესავებს შორის ქრისტიანიც ბევრია, მუსლიმიც და ათეისტიც, თუმცა, ეს საერთოდ არ გვიშლის ხელს, რომ საკუთარ საგვარეულო კერიასთან „ჟირნიხუა“ ვიზეიმოთ.
ყოველ 13 იანვარს (და არც მიმდინარე წელი აღმოჩნდა გამონკლისი) დილიდან მთელ ოჯახს მანქანაში ვსვამ და სოფელ ხუაპისკენ მივეშურები. იქ, მთის ძირას დგას სახლი, რომელშიც მამაჩემი დაიბადა და ახლა ჩემი ბიძაშვილი, ასლანი ცხოვრობს. მგზავრობისთვის მზადებას დიდ დროს არ ვუთმობ და ამიტომ სოფელში პირველი მე ჩავდივარ ხოლმე. მალე, ერთი საათის განმავლობაში, სხვებიც შემოგვიერთდებიან. ცოტა ხანს დავისვენებთ და ზეიმისთვის მზადებას შევუდგებით.
სამწუხაროდ, ამჯერად არ გაგვიმართლა და დილიდან წვიმა წამოვიდა. საერთოდ ამ დროს ხუაპში თოვლი დევს ხოლმე. წელს კი თოვლი აფხაზეთში ზუსტად ახალი წლის ღამეს მოვიდა,მაგრამ ძველით ახალ წლამდე ვერ გაძლო და დადნა. მოკლედ, სამზადისი უმეტესად წვიმაში მოგვიხდა.
„ჟირნიხუას“ აღნიშვნის სტანდარტული წესი არ არსებობს. ყველა ოჯახს თავისებური ტრადიცია აქვს. თუმცა, გააჩნია ერთ გარემოებას _ არის თუ არა საგვარეულო საბუდარში აჟირა (წმინდა სამჭედლო). ჩემს ოჯახში ასეთი სამჭედლო არის, და ამიტომ ეს დღესასწაული სრულფასოვნად აღინიშნება.
ამ დღეს აუცილებლად ვკლავთ ხარს და იმდენ მამალს, რამდენი ქალიცაა ოჯახში. ვიდრე მამაკაცები ხორცსა და ღომს ამზადებენ, ქალები თხილიან და ყველიან ღვეზელებს აცხობენ, გოგონები კი სახლ-კარს ალაგებენ და სუფრას შლიან.
ამ დღეს მიღებული არ არის ვინმესთვის ვალდებულებების შეხსენება _ ყველამ ისედაც კარგად იცის, თუ რა ევალება. ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრისგან განსხვავებით, ხორცის დაჭრისა და ღომის მომზადების ოსტატობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, ამიტომ მთელ ენერგიას სანთლების დამზადებას ვახმარ. ორიოდე საათში ცვილის დიდი ნაჭრისგან „აჟირისთვის“ ერთ დიდ და თხუთმეტიოდე პატარა სანთელს ვამზადებ. მცირე ზომის სანთლები ოჯახის წევრი ქალებისა და გოგონების სახელზე მზადდება. ჰო, კინაღამ დამავიწყდა… სანთლების დამზადების გარდა, თხილის ტოტისგან კეტის გამოთლაც მევალება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
როდესაც სამზადისი დასრულებულია და სოფელი ბინდში ეხვევა, იწყება დღესასწაულის მთავარი რიტუალი _ ოჯახის წევრი მამაკაცების აჟირაში შესვლა, რომელიც ბაღში მდებარეობს. მამაკაცებთან ერთად, გამონაკლისის სახით, ამ რიტუალს გოგონებიც ესწრებიან. სახლის პატრონი ასლანი, უკვე ორი წელია, რაც ჩვენი ოჯახის ქურუმი გახდა. სწორედ მას ევალება, მიმართოს მამაზეციერს და ჩვენი გვარის დაცვა შესთხოვოს. გარდა ამისა, ასლანი ოჯახისთვის, ხალხისთვის და მთელი მსოფლიოსთვის მშვიდობასა და კეთილდღეობას შესთხოვს უფალს და, სანაცვლოდ, როგორც ოჯახის ქურუმი,მთელი მოდგმის სახელით ვალდებულებას იღებს, რომ სწორად, სინდისიერად იცხოვრებს.
მარცხენა ხელში ასლანს ჩემი ხელით გამოთლილი კაკლის კეტი უნდა ეჭიროს, რომელსაც რიტუალის განსაზღვრული წესით რამდენიმე ღვეზელსა და მსხვერპლად შეწირული ხარის გულ-ღვიძლს წამოაცვამს; მარჯვენა ხელს კი ღვინის ჭიქა დაუმშვენებს. მას შემდეგ, რაც მთავარი სადღეგრძელო-მიმართვა წარმოითქმება, ასლანი ღვინოს მოსვამს და ოჯახის სხვა წევრს გადასცემს. სადღესასწაულო საღამოს ამ სამჭედლოს ქვეშ შეკრებილთაგან ყველას ერგება თითო ყლუპი ამ ჭიქიდან. უფროსებმა იმდენი უნდა მოსვან, რომ ჩემი ბიძაშვილი გარის ხუთი წლის შვილიშვილს, დანატსაც ეყოს.
ამის შემდეგ სადღეგრძელოები ჩვეულებრივად ოჯახურ გარემოში გრძელდება და ყველა მთქმელი ჭიქას ბოლომდე ცლის. ისმება სამშობლოს, ხალხის, უფროსებისა და ბავშვების სადღეგრძელო. სამჭედლოში დაწყებული რიტუალი ერთ საათზე ნაკლებ დროში სრულდება. როგორც წესი, აჟირადან გამოსვლისას მიღებულია იარაღის სროლა, ამ ბოლო დროს კი ფოეიერვერკებსაც უშვებენ ხოლმე. თუმცა, ამჯერად დღესასწაულმა ზეიმის ამ ნაწილის გარეშე ჩაიარა. დღეს სოფელში ერთი ადამიანი დაასაფლავეს და ამიტომ გადავწყვიტეთ, ხმოვანი ეფექტებისგან თავი შეგვეკავებინა.
სახლში დაბრუნებისას ლოცვის რიტუალური ნაწილი არ სრულდება _ სახლის დიდ ფანჩატურში ასლანმა ქალების თანდასწრებითაც უნდა გაიმეოროს ის სიტყვა, რაც მანამდე აჟირაში თქვა.
ამ დროს ქალები თავიანთ ქალიშვილებთან ერთად ანთებული სანთლებით დგანან ქათმის ხორცითა და ღვეზელებით სავსე სარიტუალო სუფრასთან. ყველა სადღეგრძელოს შემდეგ ამ სანთლებს რიგრიგობით მიაკრავენ სახლის კედელს, სადაც საბოლოოდ ჩაიწვება კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ნადიმი. ჩვენს ოჯახში ისევ მძლავრობს პატრიარქალური ტრადიცია და ამიტომ, ქალები და მამაკაცები სხვადასხვა დარბაზებში ინადიმებენ. თუმცა, ეს წესი ჯერ არავის გაუპროტესტებია. მოკლედ, ეს ქეიფი ხანგრძლივი და მხიარული გამოდგა.
დილით მეზობლები დავიარეთ და დღესასწაული მივულოცეთ, შემდეგ კი ჩვენ თვითონ ვუმასპინძლეთ სტუმრებს და, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, ჯგუფური სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ. ჰო, კინაღამ დამავიწყდა… ფოტოზე ძებნას ნუ დამიწყებთ _ მე ვიღებდი.