მოსაზრება: როდესაც გამოსავალი არ არის. რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა
აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ უკვე ოფიციალურად დაიწყო მეორე ვადით მოვალეობის შესრულება. მართალია, ოპოზიცია სასამართლოში უჩივის და არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, იქაც კი ესმით, რომ მატარებელმა უკვე ჩაიარა.
ასე რომ, როგორც ჩანს, რაულ ხაჯიმბას მხოლოდ ერთი შანსი აქვს მეორე ვადის შედარებით მშვიდად გასავლელად – მოელაპარაკოს ოპოზიციას რეფორმების „საგზაო რუკაზე“.
ხაჯიმბამ თანამდებობაზე ძველი ახალი პრემიერ-მინისტრი, ვალერი ბგანბა დანიშნა. პრეზიდენტი ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ მას ახლა არაფრის ეშინია და ისეთი მშვიდია, როგორც არასოდეს.
არ არის საჭირო ამომრჩეველთან თამაში, იმდენად, რამდენადაც მას უკვე მისცეს ხმა და პრეზიდენტობის მეორე ვადა დაიწყო.
ოპოზიციასთან ვაჭრობის საფუძველი არ არსებობს. არჩევნების შემდეგ, რომელიც ოპოზიციამ ასე სულელურად წააგო, ის თუ ნახევრად დაშლილ მდგომარეობაში არ იმყოფება, ძალიან ახლოს მაინც არის ამასთან. ასე რომ, საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლის კედლებთან, რომლისაც ასე ეშინია ხელისუფლებას, უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
ამის მიუხედავად, ყველაფერი არც ისე კარგად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
ამ არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა საპროტესტო ელექტორატი იყო:
• ვერცერთმა კანდიდატმა ვერ აიღო პირველ ტურში 25 პროცენტზე მეტი, მათ შორის, ვერც მოქმედმა პრეზიდენტმა.
• მეორე ტურში კი ამომრჩეველი ხმას უფრო „წინააღმდეგს“ აძლევდა, ვიდრე „კის“. ერთ ნაწილს არ უნდოდა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს გაემარჯვა, მეორე ნაწილს არავითარ შემთხვევაში არ სურდა პრეზიდენტის პოსტზე ისევ რაულ ხაჯიმბას ხილვა.
საბოლოოდ, ეს საპროტესტო კენჭისყრა ხაჯიმბას გამარჯვებით დასრულდა.
ასე რომ, ასეთი რეიტინგით დასვენება რაულ ხაჯიმბას მხრიდან ძალიან თამამი ნაბიჯი იქნებოდა. და იმის იმედის ქონა, რომ ხუთწლიან ვადას მშვიდ გარემოში ჩაამთავრებს – ძალიან დიდი დაუფიქრებლობაა.
სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, რომელიც პოლიტიკური კრიზისის პარალელურად მიმდინარეობს, უკვე დიდი ხანია ქრონიკულ ხასიათს ატარებს. ილუზია, რომ ის თავისით გამოსწორდება, არავის აქვს.
პირველივე გამოწვევისას ეს პროცესი ძალიან გართულდება.
მაგალითად, მომავალ წელს, დაახლოებით ნახევარი წელი გაგრძელდება ენგურჰესის რემონტი, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს აფხაზეთს.
ამ ელექტროსადგურის წინა, მხოლოდ სამკვირიანი გაჩერება, ბიუჯეტს, დაახლოებით, ნახევარი მილიარდი რუბლი [დაახლოებით 800 ათასი დოლარი] დაუჯდა. ის წავიდა რუსული ენერგიის შესყიდვაზე რუსული ტარიფით, რომელიც ათჯერ აღემატება აფხაზურს.
მართალია, ის ჩამოიწერებოდა იმ ფინანსური დახმარებიდან, რომელსაც რუსეთი ყოველწლიურად აძლევს აფხაზეთს.
დიახ, ამ ფულს პირდაპირ აფხაზური ხაზინიდან არ იღებდნენ, მას აჭრიდნენ იმ ფინანსური დახმარებიდან, რომელსაც რუსეთი ყოველწლიურად აძლევს აფხაზეთს. მაგრამ, ამის მიუხედავად, ეს იყო აფხაზეთის ფული.
ენგურჰესის ახალი შეჩერება ბიუჯეტს, დაახლოებით, 3,5 მილიარდი რუბლი [დაახლოებით, 50 მილიონი დოლარი] დაუჯდება. ეს თანხა ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის 2020 წელს გამოყოფილი დოტაცია.
როგორ დაფარავს ბიუჯეტი ამ სიცარიელეს, ჯერჯერობით არავინ იცის. მაგრამ ვარაუდი არ უნდა და ისედაც გასაგებია, რომ ენგურჰესის ეს შეჩერება აფხაზეთში შიდაპოლიტიკური ვითარების გამწვავების გარეშე არ გამოვა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოპოზიციური „ამცახარა“ იმ დროისთვის არ იქნება გონზე მოსული – გაბოროტებული და გაბრაზებული მოქალაქეების ნაკადი სტიქიურად შეიკრიბება პრეზიდენტის სასახლესთან. და მათი დაწყნარება, რამდენიმე მინისტრის პორტფელის მიცემის გარეშე, არ გამოვა.
საუბარია იმაზე, თუ რამდენად მყიფე და შეცდომაში შემყვანია ამჟამინდელი არჩევნებისშემდგომი ანტურაჟი.
სიტუაციის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მასშტაბური რეფორმებით ყველა სფეროში – პოლიტიკურიდან დაწყებული, ადმინისტრაციული, ეკონომიკური, სოციალური, კრიმინალსა და კორუფციასთან ბრძოლით დასრულებული.
რეფორმების იმიტაცია და ნახევარი ნაბიჯები მხოლოდ გაართულებს კრიზისს.
მეორეს მხრივ, ნდობის ასეთი ლიმიტის, ასეთი დაბალი რეიტინგის პირობებში, რეფორმების გატარება ძალიან რთულია. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.
ასე რომ, პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თავად უნდა იყოს დაინტერესებული ოპოზიციასთან რეფორმების „საგზაო რუკაზე“ შეთანხმებით. არა მოგებიანი ადგილების გაყოფით, არამედ, სწორედ, გარდაქმნების მიმართულებით.
და ამ პროექტიდან გამომდინარე დააკომპლექტოს კოალიციური ხელისუფლება. მაშინ პრეზიდენტი მოახერხებს შესრულებულ სამუშაოებზე პასუხისმგებლობის ოპოზიციასთან გაყოფას.
როდესაც ორი დომინანტი პოლიტიკური ჯგუფი ერთიანდება და მთავარ მიზნად რეფორმების გატარებას ისახავს, არა უბრალოდ გარკვეული სავარძლების განაწილებას – აუცილებლად იქნება შედეგი. ყველა შემთხვევაში უფრო უკეთ იქნება ყველაფერი, ვიდრე ახლაა.
მოახერხებენ რეფორმების გატარებას – ყოჩაღ. ვერ შეძლებენ ან არ ისურვებენ – მაშინ ეს ორი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უკვე ორი ათწლეულია ერთმანეთს ენაცვლება და ასე თუ ისე პასუხისმგებელია შექმნილ კრიზისზე, ვალდებული იქნება, საერთოდ წავიდეს ამ პოლიტიკური არენიდან და ადგილი სხვებს დაუთმოს.
ინალ ხაშიგი, ჟურნალისტი, JAMnews-ის რედაქტორი
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო