მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოფიციალურად ბრალდებულები არიან
საქართველოში ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკის, TBC-ის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და მისი ყოფილი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში დაიბარეს. იქ მათ ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონო ლეგალიზებაზე.
საუბარია დაახლოებით 17 მილიონ დოლარზე.
რამდენიმე დღით ადრე, ხაზარაძემ განაცხადა, რომ სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს. ბევრმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა ეს ინიციატივა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების გეგმად შეაფასა.
_____________________
ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.
„გამოიცა დადგენილება მ. ხაზარაძისა და ბ. ჯაფარიძის მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის, 16 მილიონ 754 ათასი დოლარის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისება“, – წერია პროკურატურის მიერ 24 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
„მე ახლა საბჭოთა პროკურატურაში ვიმყოფებოდი“.
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან
რაში ადანაშაულებს პროკურატურა ხაზარაძეს?
საქმე, რომელსაც პროკურატურა იძიებს, 2008 წლით თარიღდება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, 11 წლის წინ, აპრილში, TBC ბანკმა 17 მილიონი დოლარი მისცა კომპანიებს „სამგორი მ“-სა და „სამგორი ტრეიდს“ სამუშაო კაპიტალის შესავსებად. იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სესხი გამოიყო დაჩქარებულად და პროცედურების დარღვევით.
ამის შემდეგ კი ასეთი რამ მოხდა – ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე ჩაირიცხა 17 მილიონი დოლარი. ეს თანხა იმავე კომპანიებმა გადარიცხეს, რომლებმაც TBC ბანკიდან აიღეს სესხი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ეს იყო ფულის გათეთრების სქემა და ეს 17 მილიონი დღემდე არ დაბრუნებია TBC ბანკს.
რატომ მიიჩნევენ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად? ანაკლია – მთავარი მიზეზი
რატომ გაიხსენა პროკურატურამ ეს 11 წლის წინანდელი ტრანზაქცია სწორედ ახლა?
ამ კითხვის მთავარ პასუხად ბევრი მიიჩნევს საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ანაკლიაში.
მამუკა ხაზარაძის TBC ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის TBC ბანკი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელია, რომელიც აშენებს აღნიშნულ პორტს. ექსპერტების აზრით, ეს დღესდღეობით ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბური სტრატეგიული პროექტია.
პროექტს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პორტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ისე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ვაჭრობისთვის ჩინეთსა და ევროპას შორის სახმელეთო დერეფნის გავლით.
11 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ თბილისი ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის მშენებლობას და ამით, გათავისუფლდება ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკის გავლენისგან.
რუსეთი არ მალავს, რომ აშშ-ის ეს დაინტერესება აშფოთებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საერთოდ ულტიმატუმი წამოაყენა: „თბილისმა უნდა გადაწყვიტოს: ისინი ან რეგიონული კეთილდღეობის ატმოსფეროს ირჩევენ, ან ევროატლანტიკურ დღის წესრიგს“. და თუკი საქართველო აირჩევს ამ უკანასკნელს, მისი თქმით, მას „უსიამოვნო სიურპრიზები“ ელოდება, იმის მსგავსი, როგორსაც უკრაინა გადააწყდა 2014 წელს.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, კონსორციუმმა არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ სტრატეგიული პროექტი საფრთხის ქვეშაა. პირველად, მსგავსი განცხადება 2019 წლის დასაწყისში, სწორედ მაშინ გაჟღერდა, როდესაც პროკურატურამ TBC ბანკის მიერ 11 წლის წინ განხორციელებული ტრანზაქციის შემოწმება დაიწყო, როგორც ის ფაქტი, რომ ხაზარაძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების საქმეზე დაწყებული გამოძიება, პოტენციურ ინვესტორებსა და პარტნიორებს დააფრთხობს.
ქართული პოლიტიკური ოპოზიცია და ასევე ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ქვეყნის არაფორმალური ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პორტის მშენებლობის დაბლოკვას ცდილობს, რათა არ შეაშფოთოს რუსეთი.
პოლიტიკური კონკურენტი
9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ღია კონფლიქტშია ქვეყნის არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილთან, განაცხადა, რომ 2019 წლის სექტემბერში პროდასავლურ საზოგადოებრივ მოძრაობას შექმნის, რომლის მიზანიც იქნება ქვეყნის გაერთიანება და დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ საკუთარ წერილში დაწერა, რომელიც „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა.
ბევრმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა შეაფასა ეს ინიციატივა, როგორც ხაზარაძის გეგმა, დაკავდეს პოლიტიკით და მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
პოლიტიკური ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ხაზარაძეში პოლიტიკურ კონკურენტს ხედავს და უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნებისთვის გზას ითავისუფლებს.