ლელობურთი
წელიწადში ერთხელ, გურიის მივარდნილი სოფელი შუხუთი მთელი ქვეყნის ყურადღების ცენტრში ექცევა და აქაურობის ერთადერთი სასტუმრო ჩამომსვლელებს ვეღარ აუდის. აღდგომა დღეს სოფლის მთავარი ქუჩა იკეტება და მისი ყველა მკვიდრი, უამრავ ტურისტთან და ქართველ თუ უცხოელ ჟურნალისტთან ერთად იკრიბება ერთდღიანი ზეიმის მოსაწყობად, რომლის მთავარი მოვლენა ტრადიციული თამაშობაა – ლელობურთი.
,,აჯანყებული გურული” ქალაქ ლანჩხუთის ცენტრში მდებარეობს. კომუნისტური რეჟიმის დროიდან შემორჩენილი ეს ძეგლი ერთხანს აღებული იყო, მაგრამ შემდეგ ადგილობრივმა საზოგადოებამ მისი ადგილზე დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ლანჩხუთელები მას თავიანთი კუთხის ლამის ერთადერთ ტურისტულ სანახაობად თვლიან
ლელობურთის თამაშის ტრადიცია ოსმალეთის იმპერიის აგრესიის ხანაში იღებს სათავეს. ლეგენდის თანახმად, იმ დროს ოსმალოთა მრავალრიცხოვანი არმია გურულების მცირე ჯარს დაუმარცხებია. თამაშიც ამ შესანიშნავი გამარჯვების აღსანიშნავად და მოსაგონრად იმართება.
ამ თამაშს ხშირად ,, უწესებო რაგბის“ უწოდებენ, თუმცა მას რამდენიმე წესი მაინც აქვს:
- თამაშში ორი – ზემო შუხუთისა და ქვემო შუხუთის გუნდი მონაწილეობს:. მოთამაშეთა ოდენობა განსაზღვრული არ არის – რაც მეტი ადამიანი მიიღებს თამაშში მონაწილეობას, მით უკეთესია გუნდისთვის, ამით მისი გამარჯვების შანსი მხოლოდ იზრდება.
- ლელობურთს ქვიშითა და ნახერხით დატენილი ბურთით თამაშობენ, რომელიც ღვინითაა გაჯირჯვული და რომელიც უშუალოდ თამაშის წინ შემოაქვთ ხოლმე. ბურთი 16 კილოგრამი უნდა იყოს.
- თამაში სოფლის შუაგულში იწყება. მოთამაშეებმა ბურთი სოფლის მოპირდაპირე მხარეს ჩამავალი ორი ღელესკენ ( მათ შორის მანძილი დაახლოებით 500 მეტრია) უნდა წაიღონ. ღელეებს შორის მოქცეული არე, ეზოებიან-ბაღ-ბოსტნებიანად, სათამაშო მოედნად ითვლება.
- როდესაც ბურთი რომელიმე ღელეს წყალს გადაკვეთს, თამაში დასრულებულად ითვლება. გამარჯვებულს კიდევ ერთი პატივი ერგება: მას ბურთი ლელოს თამაშის დროს გარდაცვლილი თანასოფლების საფლავზე მიაქვს.
- თუკი რომელიმე მოთამაშე მძიმედ დაშავდა, სხვა მონაწილეები ხელებს მაღლა სწევენ: ეს ნიშანია, რომ თამაში უნდა შეჩერდეს და დაშავებული ხალხმრავლობას უნდა გაარიდონ. უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება და თამაში ჩერდება ხოლმე. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმები და ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც ხდება. ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2015 წელს მოხდა – თამაშს შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა (თუმცა თამაში გაგრძელდა).
- მოთამაშეები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა იყვნენ.
დღესასწაულისთვის მზადება დიდი ხნით ადრე იწყება. პაექრობისთვის მზადებაში ყველა ადგილობრივი აქტივისტი, კულტურისა და სპორტის სფეროს მენეჯერი მონაწილეობს. ბავშვები ვარჯიშობენ, გუნდები და მუსიკალური ჯგუფები რეპეტიციებს გადიან, ადგილობრივი მეწარმეები გასაყიდ პროდუქციას უყრიან თავს.
ლანჩხუთელთა გუნდს, ,,მხედრებს“, ქალაქის თეატრის შენობაში აქვთ რეპეტიცია. დღესასწაულზე მათ ,,კრიმანჭული’’ უნდა შეასრულონ – უნიკალური მანერით სამღერი, სპევიფიკურად გურული სიმღერა.
ერთი დღით ადგილობრივები აღდგომის ტრადიციულ წირვაზე ხვდებიან ერთმანეთს. წირვა მთელი ღამე გრძელდება და მართლმადიდებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია. შუხუთისა დ ლანჩხუთის მკვიდრნი შეხვედრით სარგებლობენ და მოახლოებულ თამაშთან დაკავშირებულ უკანასკნელ დეტალებს ათანხმებენ.
მომდევნო დღეს მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელი ლელობურთის სათამაშო ადგილას იკრიბება, ხოლო თერთმეტ საათზე საგულდაგულოდ მომზადებული ღონისძიებაც იწყება.
წელს ლელობურთი საღამოს 5 საათზე დაიწყო, რადგან ზეიმს მზიანი და ცხელი ამინდი დაემთხვა. თამაში დაახლოებით სამ საათს გრძელდებოდა, რამდენიმე შესვენებითა და ლამის ერთსაათიანი გაუგებრობით – ბურთი ( და, მასთან ერთად, ზოგიერთი მოთამაშეც) წყალგაყვანილობის მილში გაიჭედა. საბოლოოდ, ზემო შუხუთის გუნდმა მოიგო.
ლელობურთს იმდენი ადამიანი თამაშობს, თვით ბურთი სრულიად შეუმჩნეველი ხდება. თუკი ვინმე დაინახავს მას სხეულების მასაში, მაშინვე თითით მიანიშნებს მისკენ დანარჩენებს, რათა შეტევის განახლება გახდეს შესაძლებელი.
მოთამაშეები ცდილობენ, უსაფრთხოების წესები დაიცვან, ამიტომ იშვიათად, რომ ვინმემ სერიოზული დაზიანება მიიღოს, თუმცა, ამავე დროს, უმნიშვნელო დაზიანებებად აქ ძვლის მოტეხილობები და სულის ხუთვა მიიჩნევა ხოლმე.
დღე სასაფლაოზე გაშლილი სუფრით სრულდება. სუფრას ორივე მხარის მოთამაშეთა ოჯახები შლიან. ახლა ჭიქების აწევის დრო დგება: ძველი თამაშების გასახსენებლად, მონაწილეთა დასალოცად, მათი გარდაცვლილი ნათესავებისა და მეგობრებისათვის მოსაგონრად.