აფხაზეთში კრემლიდან კურატორი ჩავიდა, რათა არჩევნებზე მხარი მოქმედ პრეზიდენტს დაუჭიროს
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი, რომელიც კრემლში აფხაზეთთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს, 31 ივლისს სოხუმში ჩავიდა, რათა მხარი დაუჭიროს მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას 25 აგვისტოს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ამ საკმაოდ მოულოდნელ ვიზიტს, ფაქტობრივად ერთხმად, ასეთ შეფასებას აძლევენ ადგილობრივი ექსპერტები და ანალიტიკოსები სოციალურ ქსელებში.
თუმცა, მოსკოველი ჩინოვნიკის ვიზიტის ოფიციალური მიზანია ინსპექტირება ჩაუტაროს აფხაზეთში იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც რუსული ფულით შენდება.
ვლადისლავ სურკოვი – პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გავლენიანი თანაშემწე. ბევრი სურკოვს „კრემლის რუხ კარდინალს“ უწოდებს.
მისი პასუხისმგებლობის ფორმალური წრე – აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და დნესტრისპირეთი.
არაფორმალურად, ის კურირებს ასევე არაღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში, სადაც 2014 წლიდან ომი მიმდინარეობს.
სურკოვმა კარიერა რუსულ დამოუკიდებელ ნავთობკომპანია „იუკოსში“ დაცვის თანამშრომლად დაიწყო. კომპანიის განადგურების, ნაციონალიზაციისა და მისი მფლობელების დაკავების შემდეგ, 2015 წლიდან დაიწყო სურკოვის სწრაფი კარიერული წინსვლა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
სურკოვი ასევე ცნობილია, როგორც პუბლიცისტი და ავტორი ისეთი პოლიტიკური ტერმინებისა, როგორებიცაა „სუვერენული დემოკრატია“ და „ღრმა ხალხი“. სურკოვის კალამს ეკუთვნის რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებიც. კრიტიკოსებმა არაერთხელ უწოდეს მას გრაფომანი ან ხალტურა.
• აფხაზეთში მცირე ბიზნესს სჭირდება არა ფული, არამედ რეფორმები
• რითი განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?
ერთი დღის განმავლობაში, სურკოვმა დაათვალიერა რამდენიმე მშენებარე და კაპიტალურ რემონტზე მყოფი ობიექტი.
კერძოდ, აფხაზეთის პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბასთან ერთად ის იმყოფებოდა ელექტროსადგურ „გაგრა 1“-ზე, რომელიც რუსული თანხებით აშენდა.
რეკონსტრუქციამდე სადგურის სიმძლავრე 20 მეგავატს შეადგენდა, ახლა კი 50 მეგავატს აღწევს, რაც ქალაქ გაგრის ცენტრის ხარისხიანი ელექტროენერგიით მომარაგების საშუალებას იძლევა. სადგურის გაშვებამდე, გაგრაში ძაბვა მუდმივად ვარდებოდა, განსაკუთრებით, საკურორტო სეზონის დროს.
რეკონსტრუქციის ღირებულება – 167 მილიონი რუბლი (დაახლოებით, 2,6 მილიონი დოლარი).
• აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე
ამას გარდა, გუდაუთის რაიონში ვლადისლავ სურკოვმა მოინახულა ყველაზე დიდი აფხაზური სოფელი ლიხნი, სადაც ასევე რუსული ფულით სრულდება ადგილობრივი სკოლის რემონტი. ობიექტის ხარჯთაღრიცხვა 135 მილიონ რუბლს (დაახლოებით, 2,1 მილიონ დოლარს) შეადგენს.
სურკოვმა შეხვედრა გამართა პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთანაც, სადაც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რუსეთის მიერ 2020-2022 წლებში, აფხაზეთის მხარდასაჭერად განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები განიხილეს.
ვლადისლავ სურკოვმა რუსულ-აფხაზური ეკონომიკური თანამშრომლობა დაახასიათა, როგორც „ჰარმონიულად განვითარებადი“.
რუსული ინვესტიციები აფხაზეთში 2010-2019 წლებში
როგორც „კავკაზსკი უზელი“ წერს, ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს 2018 და 2019 წლებში გამოუყო, შეფასდა, დაახლოებით, 3,24 მილიარდ რუბლად (დაახლოებით, 51 მილიონ დოლარად).
2017 წელს, ვლადიმირ პუტინი რუსეთის სახელით აფხაზეთს 6 მილიარდი რუბლის (დაახლოებით, 94,5 მილიონი დოლარის) ინვესტიციას დაჰპირდა 2019 წლამდე.
„კავკაზსკი უზელი“ წერს, რომ აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2010-დან 2017 წლამდე საინვესტიციო დახმარება, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუწია, დაახლოებით, 14 მილიარდ რუბლს (დაახლოებით, 220,6 მილიონ დოლარს) შეადგენდა.