„გადარჩენილები“ – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც კატასტროფული მოვლენების გადასატანად ემზადებიან. როგორც წესი, ისინი ინტერესის მიხედვით იკრიბებიან თემებში – ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რის გადატანას ფიქრობენ – მესამე მსოფლიო ომის, სასიკვდილო ეპიდემიის, აპოკალიფსის თუ ზომბების შემოსევის.
ასეთი თემები და ჯგუფები ფართოდ არის გავრცელებული აშშ-ში, მაგრამ სხვა კონტინენტებზეც გვხვდება.
პირველი რიგში „გადარჩენილები“ იმარაგებენ საჭმელსა და სასმელ წყალს – მათი სარდაფები და სხვენები სავსეა კონსერვებითა და გაყინული პროდუქტებით.
ისინი თავდაცვისთვისაც მზად არიან – „გადარჩენილებს“ სახლში აქვთ ცეცხლსასროლი იარაღის მთელი არსენალი და საბრძოლო მასალა, რათა დაიცვან საკუთარი რეზერვები მშიერი ხალხისგან.
ნანდერ კნობენი, ერთ-ერთი ონლაინმაღაზიის მფლობელი, რომელიც „გადარჩენილებს“ ამარაგებს, ამბობს, რომ თებერვალში იმდენივე წყლის ფილტრი, გადასატანი რადიოსადგური და აირწინაღი გაყიდა, რამდენიც 2019 წელს 6 თვის განმავლობაში.
თავად კნობენს სახლში აქვს ორი-სამი თვის სამყოფი წყლის, საკვებისა და ბენზინის მარაგი.
მისი თქმით, თავის დროზე ის მიეკუთვნებოდა ჯგუფს, რომელიც აპოკალიფსისთვის ემზადებოდა, მაგრამ ახლა ასეთ ხალხს თავს არიდებს:
„როდესაც ყოველდღე ფიქრობ იმაზე, რომ ეს მოვლენა შეიძლება მოხდეს, შენი ცხოვრება ბედნიერი არ ხდება“.
მეორე მეწარმე ინგლისიდან, რომელსაც „გადარჩენილებთან“ აქვს შეხება, ჟურნალისტებს მოუყვა, რომ მისი მაღაზიის ბრუნვა კორონავირუსის აფეთქების დაწყების შემდეგ, 20-ჯერ გაიზარდა.
ის იძულებული გახდა, დამატებითი პერსონალი დაექირავებინა და 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადასულიყო. ყველაზე უკეთ იყიდება აირწინაღები და ქიმიური თავდაცვის ტანსაცმელი.
ავტორიტეტულ გამოცემა „მარკეტინგის მენეჯმენტის მაცნეში“ გამოქვეყნდა ანგარიში, რომელშიც ამტკიცებენ:
„გადარჩენილები“ – ეს უკვე აღარ არის მარგინალური სუბკულტურა, ეს არის ადამიანების რეაქცია პერმანენტულ კრიზისებზე. ბიზნესი, რომელიც დაკავშირებულია მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან, აღმავლობას განიცდის“.