კონფლიქტი ომად გადაიქცევა
სამხრეთ ოსეთში ახლა აქტიურად განიხილავენ, შეიძლება ითქვას, უკვე ძველ საკითხს – რამდენად მართებულია ტერმინი ‘ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი’.
სამხრეთი ოსეთის პარლამენტის დეპუტატი, პარტია ‘ერთიანი ოსეთის’ წევრი პეტრე გასიევი, რომელმაც ეს საკითხი ხელახლა წამოწია, მიიჩნევს, რომ არასწორია საკუთრივ სიტყვა ‘კონფლიქტი’, რადგან, მისი თქმით, ეს იყო ფართომასშტაბიანი ომი; ასევე, იგი არასწორად მიიჩნევს განსაზღვრებას ‘ქართულ-სამხრეთოსური’.
‘ჯერ კიდევ 1990-იან წლებში მსჯელობდნენ იმაზე, რომ ტერმინი ‘ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი’ მომხდარი მოვლენების არსს არ გამოხატავდა; არ განსაზღვრავდა იმას, თუ ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – აგრესორი, და ამიტომ ეს ტერმინი მხარეებს, ფაქტობრივად, თანასწორ პასუხისმგებლობას აკისრებს. ანუ, არ იკვეთება საქართველოს, როგორც სამხრეთელი ოსების ეთნიკური ჯგუფის და მათ მიერ შექმნილი სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის ლიკვიდაციის მიზნით, სამხედრო მოქმედებების განმახორციელებელი აგრესორი სახელმწიფოს პასუხისმბლობა,’ – ამბობს გასიევი.
არასამთავრობო ორგანიზაცია ‘მედიაცენტრი ირის’ ხელმძღვანელის, ირინა გაგლოევას განმარტება. იგი განათლებით ისტორიკოსია და 2002-2009 წლებში სამხრეთი ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის მინისტრად მუშაობდა.
ამჟამად სამხრეთი ოსეთის პარლამენტში იქმნება სპეციალური კომისია, რომელშიც ისტორიკოსები, პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები შევლენ. მათ მოუწევთ, საბოლოო ვერდიქტი გამოიტანონ – დარჩეს ტერმინი ‘ქართულ-ოსური კონფლიქტი’, თუ მის ნაცვლად უნდა გამოიყენონ განსაზღვრება ‘სამხრეთელი ოსების 1989-2008 წლების სამამულო ომი’.
კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ახალი განსაზღვრება ოფიციალურ ტერმინოლოგიაში, სამართლებრივ დოკუმენტებში სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრდება.
პარლამენტის დეპუტატი ზინაიდა ბესაევა ამბობს, რომ შესაცვლელი იქნება ფორმულირება კანონში ომის მონაწილეების სოციალური შეღავათებით უზრუნველყოფის შესახებ, რადგან აღნიშნულ დოკუმენტში გამოყენებულია ტერმინი ‘ქართულ-სამხრეთოსური კონფლიქტი’. ასეთივე მდგომარეობაა ზემოაღნიშნულ მოვლენებში მონაწილეობისთვის გაცემულ ჯილდოებთან დაკავშირებით.
‘ოფიციალური პირები ვალდებულნი იქნებიან, მხოლოდ ახალი ტერმინი გამოიყენონ. იგივე ვალდებულება ექნებათ ისტორიის მასწავლებლებსაც. ასევე, ახალი განსაზღვრების გამოყენება დაევალებათ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.’
პოლიტოლოგი სამხრეთი ოსეთიდან, ფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდატი კოსტა ძუგაევი აღნიშნავს, რომ 1989 წლიდან დღემდე ქართულ-ოსური ურთიერთობებისთვის დამახასიათებელ მთელ მრავალფეროვნებას სავსებით შეიძლება, რომ ‘ქართულ ოსური კონფლიქტი’ უწოდო, მაგრამ აქ კიდევ ერთ პრობლემას ვაწყდებით.
‘ეს დამკვიდრებული პოლიტიკური ტერმინია. თუმცა, აღნიშნული განსაზღვრების გარდა, ჩვენთან ტერმინები ‘ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა’ და ‘ერონულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლაც’ გამოიყენებოდა. აღნიშნული განსაზღვრებებიც სავსებით ადეკვატურად გამოხატავს ქართულ-ოსური სამხედრო კონფლიქტის რეალიებს.’
კოსტა ძუგაევი
კოსტა ძუგაევი აღნიშნავს, რომ ამჟამად საზოგადოებაში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მოთხოვნა, რომელსაც სხვა ტერმინი – ‘სამამულო ომი’ აკმაყოფილებს.
‘საზოგადოების ცნობიერებაში ყოველთვის იგრძნობოდა სიზუსტის ნაკლებობა. უმრავლესობას მიაჩნია, რომ მართებული იქნება, გადმოვიღოთ აფხაზეთის მაგალითი, სადაც ტერმინი ‘სამამულო ომი’ დიდი ხანია, ოფიციალური გახდა. როგორც ჩანს, ამ მოთხოვნას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.’
ახალი ტერმინის მიღების შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთს დასჭირდება სპეციალური პროგრამა და არც ისე მცირე თანხა იმისთვის, რომ სათანადო რეფორმები განხორციელდეს და უკვე არსებული დოკუმენტები, წიგნები და სახელმძღვანელოები შეიცვალოს.
პეტრე გასიევი
გარდა ამისა, სახელმძღვანელოების ხელახლა გამოცემა და შეთანხმებების თავიდან შედგენა გაერო-ს წევრ იმ ქვეყნებსაც მოუწევთ, რომლებმაც სამხრეთი ოსეთი აღიარეს. ასეთი ქვეყნებია: რუსეთის ფედერაცია, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ.
სავარაუდო გადაწყვეტილების ხორცშესხმის პროგრამა და ფინანსური საკითხები ცხინვალში ჯერჯერობით არ განიხილება.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორის პოზიციას გამოხატავს, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.
გამოქვეყნდა: 09.05.2016