გაეროს ანგარიში: ბუნების მკვლელობით, კაცობრიობა თვითმკვლელობას სჩადის
გაზიარება
გაზიარება
BBC-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელსაც სამი წლის განმავლობაში მეცნიერთა მთავრობათაშორისი ჯგუფი გაეროს ეგიდით ამზადებდა, შოკისმომგვრელ დასკვნებს შეიცავს.
მთავარი არის ის, რომ ბუნების მკვლელობით, კაცობრიობა თვითმკვლელობას სჩადის.
რა ხდება
ბუნებას ყოველთვის ადგებოდა ზიანი ადამიანის ხელიდან, მაგრამ უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, ეს პროცესი უპრეცედენტოდ სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამ დროის განმავლობაში დედამიწაზე ადამიანების რაოდენობა გაორმაგდა, მსოფლიო ეკონომიკა კი ოთხჯერ გაიზარდა.
1980-დან 2000 წლამდე განადგურდა 100 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი. ძირითადად, მეცხოველეობის გამო სამხრეთ ამერიკაში და პალმის პლანტაციების გამო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
დედამიწაზე ქალაქების ტერიტორია უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ორჯერ გაიზარდა.
REUTERS/Baz Ratner
რაშია საფრთხე
ამ პროცესების შედეგად, დედამიწაზე ცხოველებისა და მცენარეების 25 პროცენტზე მეტი განადგურების საფრთხის წინაშე დგას:
ნიადაგის ნაყოფიერება საშუალოდ 23 პროცენტით შემცირდა;
მშრალი მიწის ფართობი 87 პროცენტით გაიზარდა;
პლასტიკური ნარჩენებით დაბინძურება უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ათჯერ გაიზარდა;
ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეებში ხვდება, დაახლოებით, 300-400 მილიონი ტონა მძიმე მეტალი და სხვა ტოქსიკური ნარჩენები;
თევზის რეზერვების 33 პროცენტს ბარბაროსულად იყენებენ.
მთავარი მიზეზი
მზარდი ეკოლოგიური ტრაგედიის მთავარი მიზეზი – ადამიანი, უფრო სწორად, მისი ცხოვრების სტილია.
ადამიანების რაოდენობის ზრდას მოჰყვება კვების პროდუქტებისა და ენერგიის მოხმარების ზრდა. სასოფლო-სამეურნეო მიწების გაზრდისათვის ჭრიან ტყეებს. ნავთობისა და გაზის მზარდი მოპოვება ანადგურებს დედამიწის ოზონის ფენას და ტოქსიკური ნარჩენების ძირითადი წყაროა.
და ეს ყველაფერი – ადამიანისთვის არის თვითმკვლელობა. ანგარიშის ავტორების მონაცემებით, მაჩვენებლების 72 პროცენტის თანახმად, რომელიც საარსებო გარემოს ხარისხს განსაზღვრავს, მდგომარეობა უარესდება.
სად არის გამოსავალი?
მეცნიერები ამბობენ, რომ გამოსავალი არის ჩვეულებრივი წარმოდგენების უგულებელყოფა იმის შესახებ, რომ ცხოვრების ხარისხი მხოლოდ მოხმარების მოცულობაზეა დამოკიდებული. ქვეყნებისთვის ეს ნიშნავს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი არ უნდა იყოს ეკონომიკური მდგომარეობის მთავარი მაჩვენებელი.
პრაქტიკული თვალსაზრისით, კაცობრიობა ვალდებულია:
შეცვალოს თავისი რაციონი, შეამციროს ხორცისა და რძის პროდუქტების წილი ხილ-ბოსტნეულის სასარგებლოდ;
უარი თქვან ნახშირწყალბადზე განახლებადი ენერგიის სასარგებლოდ;
უარი თქვან პლასტიკატის გამოყენებაზე იმ შემთხვევაში, თუკი მისი ჩანაცვლება შესაძლებელია ბუნებრივი მასალით.
მაგრამ, თუკი კაცობრიობას თვითმკვლელობის ჩადენა სურს, მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება საჭირო არ არის.