კაფკასეული ისტორიები - რა ხდება რუსეთიდან აფხაზეთში, და უკან საზღვარზე გადასვლისას
მდინარე ფსოუზე რუსეთიდან აფხაზეთში და უკან საზღვრის გადაკვეთის პრობლემამ საზოგადოების ისეთი აღშფოთება გამოიწვია, რომ ამაზე აფხაზეთის ხელისუფლებამ და რუსეთის საელჩომ რეაქცია მოახდინა.
JAMnews დეტალებს არკვევდა.
აფხაზეთში ეს თემა ყოველ ზაფხულს აქტუალური ხდება. ადამიანები უზარმაზარი რიგების ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ და კომენტარებს გამოთქვამენ: „ეს რა ჯოჯოხეთია“, „ესენი ჩვენ დაგვცინიან“ და „როდის დასრულდება ეს ყველაფერი, სად იყურება ხელისუფლება“.
აქამდე აღშფოთება სოციალური ქსელების ფარგლებს არ გასცდენია. მაგრამ წელს ამ პრობლემას ყურადღება მიაქციეს აფხაზეთის ცნობილმა ადამიანებმაც: საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, ჟურნალისტმა ანტონ კრივენიუკმა და ფოტოგრაფმა იბრაგიმ ჭკადუამ.
თითოეული მათგანი საზღვრის გადაკვეთისას უსაზღვრო უხეშობასა და არაპროფესიონალიზმს წააწყდა.
კაფკასეული ისტორიები
თავიდან პრობლემას საგარეო საქმეთა ექს-მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ მიაქცია ყურადღება. ფეისბუკზე, თავის პოსტში – სახელწოდებით „კაფკასეული ვნებები ფსოუს საგუშაგოზე“ მან დაწერა, რომ ფსოუს საზღვრის ყოველი გადაკვეთისას ის ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის:
„ამჯერად მესაზღვრე ქალი დაწვრილებით სწავლობდა ჩემს შიდა რუსულ პასპორტს მოსკოვში ცხოვრების ნებართვით, კომპიუტერში რაღაცას კრეფდა, დოკუმენტს შუქზე ატარებდა, გვერდებს ფურცლავდა, ეჭვის თავლით დასცქეროდა ჩემს ფოტოს, და შემდეგ მკაცრად მიბრძანა: „ჩემსკენ გამოიხედეთ!“
და ისევ ფოტოსა და ჩემს ფიზიონომიას ადარებდა. ბოლოს თქვა: „დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს თქვენ ხართ! აფხაზეთში თქვენი გამგზავრების მიზანი?“
ჩემს პასპორტში გარკვევით წერია ჩემი აფხაზური გვარი და დაბადების ადგილი – აფხაზეთი. რატომ უნდა ავუხსნა მას სამშობლოში ჩასვლის მიზანი?
ზემდგომს დაუძახა. ის მოვიდა, გამჭოლი მზერა შემავლო და რაღაცის დაზუსტება დაიწყო. ერთი ათი წუთი დამაცდევინა, კომპიუტერში რაღაცას დაჟინებით ამოწმებდა, შემდეგ მოჩვენებითი სინანულით დამიბრუნა პასპორტი და თქვა, რომ გასვლა შემეძლო.
ბუნებრივია, არავითარ ბოდიშის მოხდაზე საუბარი არც ყოფილა – ალბათ, იგულისხმებოდა, რომ რადგან მაინც გამიშვეს, ისედაც მადლიერი უნდა ვყოფილიყავი“.
ჩირიკბა დასძენს, რომ მანამდე სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომელი დიდხანს აცდევინებდა რუსებს – დედას და მის ორ – 12 და 6 წლის ქალიშვილს, რომლებიც აფხაზეთში დასასვენებლად მიემგზავრებოდნენ.
„ის მომაბეზრებლად უკაკუნებდა კლავიშებს, დოკუმენტებს ყურადღებით სწავლობდა, მკაცრად დაჰკითხა ბავშვები – რამდენი წლის ხართ, ეს ქალი ვინ არის (მათი დედა), რა ჰქვია, მამას რა ჰქვია, რა მისამართზე ცხოვრობთ და ა. შ. და ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ ამ ქალსა და მის შვილებს ოფიციალური საბუთები ჰქონდათ“.
„ცხოვრებაში ბევრი საზღვარი გადამიკვეთავს – ევროპაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, აფრიკაში. მაგრამ მსგავსი … არსად არაფერი მინახავს. სრულიად გაურკვეველია, თუ რა მიზანს ისახავს ასეთი რეჟიმი, რომლისგანაც აფხაზეთის მოქალაქეებზე არანაკლებად წვალობენ მრავალრიცხოვანი რუსი სტუმრები“.
ჩირიკბა ამბობს, რომ ამ პრობლემის შესახებ მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთადაც კი იმსჯელა.
1990-იანები დაბრუნდა?
რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე არსებულმა ატმოსფერომ ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკს 1990-იანი წლები მოაგონა.
„ირგვლივ მყოფი ადამიანები მოგაგონებენ დევნილებს, რომლებიც ჰუმანიტარულ კორდონში მოხვედრას ჩაქრობენ“, – ასე აღწერა მან ნანახი EADaily-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში
„საგუშაგოს შენობაში ვართ. აქ ათზე მეტი არსებულიდან – სამი კაბინა მუშაობს. მათ წინ ასეულობით ადამიანი დაგას.
მაშინვე არასასიამოვნოდ გაკვირვებს … საბუთების შემოწმების ხანგრძლივობა. ჩვენს წინ მდგომი ჩრდილოეთი ოსეთის ორი მოქალაქე მათი რუსეთის მოქალაქეობის კანონიერების შესამოწმებლად გაიყვანეს. ჩვენც ბავშვით ვართ, რომელსაც უკვე ხელში ჩაეძინა: თანამშრომელი დიდხანს ყურადღებით სწავლობს საბუთებს, რუსეთის ფედრაციის მოქალაქის პასპორტს და დაბადების მოწმობას. სამ წუთზე მეტია გასული, როდესაც ის მოულოდნელად მოითხოვს: „ბავშვი გააღვიძეთ, მინდა ვკითხო, რა ჰქვია“. ბავშვი ორი წლისაა, საეჭვოა, რომ მესაზღვრესთან დიალოგში შესვლა შეძლოს.
ნერვები აღარ გვყოფნის, და თანამშრომლებს გვარების დასახელებას ვთხოვთ. მხოლოდ ბეიჯის ნომერს წარმოგვიდგენს, ამ მონაცემებს ვიწერთ, რომ შემდეგ პროკურატურას მივმართოთ. ეს მესაზღვრეს აფხიზლებს, საბუთებს გვიბრუნებს და გასასვლელს ხსნის“,- წერს ანტონ კრივენიუკი.
„ცხოველების ფერმა“
ფოტოჟურნალისტმა იბრაგიმ ჭკადუამ ამ დღეებში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც იმის შესახებ ჰყვება, თუ რა სიძნელეებს წააწყდა ის საზღვრის გადაკვეთისას საავტომობილო გამშვებ პუნქტზე:
„რამდენი დამრღვევი გამოავლინეს და გამართლებულია თუ არა ეს ბავშვების დაკითხვა საკუთარი და მშობლების სახელების ცოდნის შესამოწმებლად?
კიბე-პოსტამენტის გაკეთება მაინც ხომ შეიძლება, დედებს საათობით რიგში დგომის შემდეგ მესაზღვრეების თვალის სიმაღლეზე ბავშვების ხელით აწევა რომ არ უწევდეთ?
კონსპირაციული თეორიების მომხრე არ ვარ, მაგრამ ის „ცხოველების ფერმა“ , რომელშიც სასაზღვრო გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, არავითარ ჯანსაღ ახსნას არ ექვემდებარება. საკმაო რაოდენობის საზღვარზე ვყოფილვარ, მათ შორის რუსულზეც, მაგრამ ასეთი რამ არსად ხდება. ეს რუსული მესაზღვრეობის ყველაზე დაბალი დონით არ აიხსნება, არეულ-დარეულობის ასეთი დონე მხოლოდ სანქცირებული შეიძლება იყოს“.
პუტინმა უნდა გადაწყვიტოს
სოციალურ ქსელებში ადამიანები არანაკლებ აღშფოთებას გამოთქვამენ. სახასიათო კომენტარები:
„გაიხსენეთ, რა ხდებოდა 10-15 წლის წინათ. სამ-სამ საათს ან მეტ ხანს ვიდექით. ავტობუსების გაჩერებიდან, კაზაკების ბაზრობის გავლით, უამრავ ხალხში და ტალახში მივაბიჯებდით, გრძელ კორიდორში. რაღაც მაინც გაუმჯობესდა. რუსულ მხარეს კი მთელი მიკრორაიონი გაჩნდა, ავტობუსებს პირდაპირ შლაგბაუმთან მიყავხარ. ყველაფერი შედარებითია“.
„დიახ, ზოგჯერ გაუგებარ შეკითხვებს სვამენ. მე საპასპორტო კონტროლზე მკითხეს, – თმა რატომ შეიჭერითო? ეს შეკითხვა მესაზღვრემ 5-7 -ჯერ გაიმეორა, ვიდრე პასპორტს ათვალიერებდა“.
„ასეთი პრობლემები ხაჯიმბამ პუტინის წინაშე უნდა დააყენოს. ამის გადაწყვეტის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს.“
ხელმოუწერელი შეთანხმება
„ეს ჩემთვის ნონსენსია, როდესაც ისეთ მეგობრულ, მოკავშირე სახელმწიფოებს შორის, როგორიც რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთია, აქამდე არ არის ხელმოწერილი შეთანხმება სასაზღვრო ზოლის გადაკვეთის თაობაზე“ — განაცხადა 2018 წლის ივლისში აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის სხდომაზე აფხაზეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი დვინიანინმა
მისი თქმით, რუსეთის მხარემ შეთანხმების პროექტი აფხაზურ მხარეს ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ გადასცა.
„როდესაც საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული რაიმე შეკითხვით ან პრობლემით მოგმართავთ, და საბაზისო ხელშეკრულება ხელმოუწერელი გვაქვს – რაზე უნდა ვისაუბროთ“, — იკითხა ელჩმა.
2018 წლის ივლისის ბოლოს აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გაჩნდა ინფორმაცია თათბირის შესახებ, რომელზეც პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ საზღვრის გადაკვეთის პრობლემა უმოკლეს ვადებში უნდა გადაიჭრას. იმ შეთანხმების პროექტი, რომელიც, რუსეთის ელჩის თქმით, აფხაზურ მხარეს გადაეცა, ხაჯიმბას არ უხსენებია.