ის, ვისი სახელიც არ ითქმის
სომხეთი სამგლოვიარო იუბილეს აღნიშნავს: 16 წლის წინათ პარლამენტში ტერორისტული აქტი მოხდა, რომელმაც, ფაქტობრივად, იმდროინდელი ხელისუფლების პარალიზება მოახდინა. ტერაქტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, ორი ვიცე-სპიკერი, სამი დეპუტატი და ოპერატიული საკითხების მინისტრი შეიწირა.
გამოძიებათა მთელი წყების მიუხედავად, სომხეთი ვერ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ ვინ იდგა ამ მკვლელობების უკან. პარლამენტის ამჟამინდელმა სპიკერმა გალუსტ სააკიანმა განაცხადა, რომ მას სჯერა ამ საქმის გახსნის. “ეს იურიდიული პრობლემაა, – განაცხადა სააკიანმა,- რომლის გადაჭრის გზებსაც ოდესმე აუცილებლად ვიპოვით.”
თუმცა, ეს განცხადება ერთგვარ დიპლომატიურ ხრიკადაც შეიძლება, მივიჩნიოთ. ბუნებრივია, სპიკერი ვერ იტყოდა, რომ ეს არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური პრობლემაა და გამოძიებას ამ ტერაქტის დამკვეთი არ გამორჩებოდა თვალთახედვის არედან. ამ ყველაფერს ხმამაღლა ვერ იტყვი.
მხოლოდ ისინი გაასამართლეს, ვინც ამ ტერორისტულ აქტში უშუალო მონაწილეობდა – სულ შვიდი ადამიანი. ხუთი მათგანი პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გახსნა. შვიდივე განსასჯელი სამშობლოს ღალატსა და ტერორიზმშია მხილებულნი. 6 მათგანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, ერთს კი-თავისუფლების აღკვეთა 14 წლით.
დაპატიმრებულთაგან 3 დამნაშავე სხვადასხვა დროს გარდაიცვალა ციხეში. ერთ-ერთმა თავი მოიკლა, მეორეს დენმა დაარტყა, მესამე კი, უბრალოდ, “მოულოდნელად” გარდაიცვალა. ბრალი წაუყენეს ერთ-ერთ პარლამენტარსაც, რომელსაც დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერეს და დააპატიმრეს. მას ტერაქტის ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მისი ბრალეულობა ვერ დამტკიცდა და გაათავისუფლეს. ხსენებული დეპუტატი ამ შემთხვევიდან ძალიან მალე ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
ტერორისტების ხელმძღვანელი ნაირი უნანიანი ამტკიცებდა, რომ ბანდის უკან არავინ იდგა, და მათი მთავარი სამიზნე იყო სომხეთის პრემიერი, ვაზგენ სარქისიანი, რომელსაც ისინი ბოროტების სათავედ აღიქვამდნენ. დამნაშავეების ლიდერი აღნიშნავდა, რომ სარქისიანის სიკვდილით მათ სომხეთის მოსახლეობას უკეთესი მომავლის შანსი მისცეს.
თუმცა, სომხეთში არც ისე ბევრს სჯერა, რომ ამ ტერაქტის უკან მხოლოდ ფანატიკოსების ჯგუფი იდგა. საზოგადოებაში რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ მთლიანობაში სომეხი ხალხის უმეტესობას მიაჩნია, რომ ტერაქტი საზღვარგარეთ დაიგეგმა. ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ კვალი რუსეთში უნდა ვეძებოთ, სხვები კი ვარაუდობენ, რომ დანაშაული აშშ-ში დაიგეგმა.
აშოტ მანუჩარიანმა, რომელიც გარდაცვლილ პრემიერ-მინისტრ ვაზგენ სარქისიანთან მეგობრობდა, ცოტა ხნის წინათ კიდევ ერთხელ გაიმეორა ის ვერსია, რომელიც მან ჯერ კიდევ 2000 წელს შესთავაზა საზოგადოებას. მე მაქვს იმის დამადასტურებელი საბუთები, რომ დანაშაულის ჩადენამდე 3 დღით ადრე ერთი-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა სომხეთის ერთ სახელმწიფო მოღვაწეს მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ აცნობა. გამოძიებისთვის სპეციალური, სანდო საგამოძიებო კომიტეტის შექმნას მოვითხოვდი.
თუმცა, მსგავსი ჯგუფი დღემდე არ შექმნილა. ალბათ სომხეთის შესაბამისი ინსტანციებისა და ჩვენი ქვეყნის გარეთ არსებული ძალებისთვის ამ საქმის გახსნა არ არის პრიორიტეტული და ამიტომ მხილების ამ მექანიზმის შექმნას ერიდებიან. თუმცა, თუკი გათვითცნობიერებულ პირებს სათანადო კითხვებს დავუსვამთ, შესაძლოა, ნათელიც მოეფინოს, თუ ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან, და რატომ გაგვაფრთხილეს უცხო ქვეყნიდან.