ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან
აზერბაიჯანის სამხრეთი (ასტარა და ლენქორანი) „ეგზოტიკური“ ხილით (ფეიხოათი, კივით, ფორთოხლითა და მანდარინით) არის ცნობილი. მაშხანი ტიპური ასტარული სოფელია, სადაც ეს ყველაფერი მოჰყავთ.
ოქტაის ნაკვეთში მანდარინის ხეების საერთო რიცხვი 120-ს აღწევს. რაც მთლიანობაში დაახლოებით 2,5 ტონა მოსავალს იძლევა.
ოქტაის სულ უფრო მეტად უჭირს ხილის კრეფა, ამიტომ ამ საქმეში მას მისი ვაჟი, ემინი ეხმარება.
«წელს ქარმა ბევრი მანდარინი გააფუჭა, – ამბობს ოქტაი, – მაგ ქარს „გიალმიშს“ [«მომხდურს» – რედ. შენ.] ვეძახით. ირანიდან ზღვისკენ უბერავს. ზაფხულში ისედაც ცხელა და ჩვეულ ხვატს ეს ქარიც ემატება ხოლმე. მანდარინი ნელ-ნელა, პირდაპირ ხეებზევე იწყებს ხოლმე ლპობას. თუკი ასეთ ნაყოფს ყუთში ჩადებ, სხვა მანდარინსაც გააფუჭებ».
«ბაზარზე სხვადასხვანაირი გვხვდება – ირანული, თურქული და ა.შ. ჩემი აზზრით, ჩვენი, აზერბაიჯანული მანდარინი საუკეთესოა, იმიტომ რომ უფრო ტკბილია. იმპორტული მანდარინი უფრო „ლამაზად“ გამოიყურება, რაც იმის ბრალია, რომ ზოგჯერ წყალი არ გვყოფნის ხეების სათანადოდ მოსარწყავად».
«პლასტიკატის სათავსოს კი უკეთესი ვენტილაცია აქვს და ამიტომ პლასტმასის ყუთებში ოთხი თვითაც კი შეიძლება ხილის შენახვა. კივის შემთხვევაში კი ყველაფერი მარტივადაა – მაგარ ნაყოფებს უბრალოდ კვერცხის ბადეზე დებ. ასე შენახული ნაყოფი ადგილზე მწიფდება ხოლმე».
«ხილის ქურდობის არ გვეშინია. ყველას აქვს საკუთარი ნაკვეთი, სადაც ხეხილის ბაღია გაშენებული. რა აზრი აქვს ქურდობას?»
«თუკი მანდარინი ცუდად გაიყიდება, ძალიანაც არ ვიდარდებ, – ამბობს ემინი. მე, მაგალითად, ცხვრები მყავს – 59 სული. ოთხი მამალია, დანარჩენი ორმოცდათხუთმეტი კი – დედალი. ზაფხულში სათლები რომ არ ვათრიო შორიდან, მათთვის წყაროდან პატარა არხი გავთხარე.
რაც უფრო მაღალმთიანია რეგიონი, მით უფრო კარგად ხარობს მასზე მანდარინი. ამიტომ დაბლობი, მეტწილად, საძოვრად გამოიყენება
წვიმის შემდეგ საძოვრებისკენ მიმავალი გზა ჭაობდება. მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. საბჭოთა პერიოდში ეს მიწა საერთო საკუთრებაში იყო და აქ კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ. გზაზე ყოველთვის ვინმე დადიოდა და ასე უპატრონოდ არ იყო მიგდებული.
ამის შემდეგ მიწა ხალხს დაურიგეს. აქაურები ხორბლის მოყვანა-გახარებას შეეცადნენ, მაგრამ ეს საქმე ხელსაყრელი არ გამოდგა. ამჟამად ამ მიწებს აღარავინ უვლის, თუმცა, ამ ლერწამით ცოცხებს ამზადებენ».
«სოფელში კონკურენცია არ გვაქვს. თუკი ვინმე უფრო იაფად იწყებს მოსავლის გაყიდვას, ყველა გაგებით ეკიდება – რადგანაც ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანს ბანკის ვალი აქვს გასასტუმრებელი.
2015 წელი ცუდი გამოდგა. კილოგრამ მანდარინს 40 გიაპიკად ვაბარებდით, ახლა კი 70-80 გიაპიკად ვყიდით.
მძიმე ცხოვრება გვაქვს – მხოლოდ იმ ფულით ვსულდგმულობთ, რასაც სეზონზე ვშოულობთ. მაგრამ მაღაზიების გამყიდველები ჩვენზე უარეს დღეში არიან. მათ საქონლის ნისიად გაცემა უწევთ და შემდეგ სეზონის დადგომას ელოდებიან ხოლმე – იმ პერიოდს, როდესაც მათი მევალეები შემოსავალს მიიღებენ და მათ გაუსწორდებიან. უბრალოდ სხვანაირად ვერ იხდიან! და ვერც იჩხუბებ – სუყველა ერთმანეთის ახლობლები ვართ. ამიტომაც კეტავენ მაღაზიებს», – ამბობს ემინი.
კივი უბრალოდ გემრიელი ხილი როდია – ზოგიერთი მემწვადე ამ მცენარის ნაყოფს მაგარი ხორცის სწრაფად „დაბასტურმებისთვის“ იყენებს.
«საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხის დიდმა ნაწილმა ფულის საშოვნელად ირანს მიაშურა, – ამბობს ოქტაი – სწორედ იქ გავიცანით კივი, დაახლოებით ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. ძალიან მოგვეწონა ეს ხილი, მაგრამ თავიდან ადგილებრივები მას „თმიან კარტოფილს“ ეძახდნენ».
ამავე სოფელში მცხოვრები ალიაგის ბაღში მანდარინის 80 ხე დგას. ადრე უფრო მეტი ჰქონდა, მაგრამ 1985 წლის საზარელმა ზამთარმა ბევრი ახალგაზრდა ხე შეიწირა.
ხანიმს, მის შვილიშვილს, ძალიან უყვარს მანდარინი, მაგრამ ხიდან ჩამოკრეფილი ნაყოფის უცბად ჭამა არ შეიძლება – ცივი ლებნები ყელს ატკიებს. მანდარინი სახლში უნდა წაიღო და უნდა დაელოდო, სანამ გათბება.