ბრიტანეთის მთავრობას ევროკავშირიდან გასვლის ინიცირებისთვის პარლამენტის თანხმობა დასჭირდება. ამის შესახებ დადგენილება ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა. ამგვარად მან მხარი დაუჭირა ლონდონის უმაღლესი სასამართლოს ნოემბრის გადაწყვეტილებას.
გარდა ამისა, როგორც ВВС იტყობინება, სასამრთლოს დადგენილების მიხედვით, ევროკავშირიდან გასვლისთვის დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კონსულტაციები უნდა გამართოს შოტლანდიის, უელსის და ჩრდილოეთ ირლანდიის წარმომადგენლებთან.
საქმე ეხება ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ეხება.
2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ხმა მისცა საარჩევნო უბნებზე მისული მოქალაქეების თითქმის 52%-მა. თუმცა, ტერეზა მეის მთავრობამ აქამდე ვერ მოახერხა ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ინიცირება.
ადრე ბრიტანული პრესა იუწყებოდა, რომ ხელისუფლება, სასამართლოში საქმის წაგების შემთხვევაში, ამზადებდა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც პარლამენტი მეის კაბინეტს გასვლის პროცედურის დაწყების უფლებამოსილებას გადასცემს. მინისტრების ჩანაფიქრით, შესაძლებელია ამ კანონის სწრაფად გატანა თემთა და ლორდთა პალატების გავლით ისე, რომ Brexit-ის დადგენილი გრაფიკი არ დაირღვეს.
პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ადრე აცხადებდა, რომ აპირებს ბრიტანეთის გასვლის შესახებ ოფიციალურად ევროკავშირს 2017 წლის მარტის ბოლომდე აცნობოს და იმავდროულად 50-ე მუხლის მიხედვით გათვალისწინებული პროცედურა დაიწყოს. ევროკავშირთან მოლაპარაკებებს დაახლოებით ორი წელიწადი დასჭირდება.