ექიმთან რიგის გარეშე: ერევნის პოლიკლინიკებში ელექტრონული რეგისტრაცია დანერგეს
ერევნის პოლიკლინიკებში ელექტრონული რეგისტრაცია მუშაობს. ჯერჯერობით ეს 13 პოლიკლინიკაშია ხელმისაწვდომი, მაგრამ წლის ბოლოსთვის ის დედაქალაქის 24-ვე სამედიცინო დაწესებულებაში იმუშავებს. ახლა კი მხოლოდ უბნის თერაპევტთან ან პედიატრთან კონსულტაციაზე შეიძლება ჩაწერა.
როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი
ელექტრონული სისტემით ექიმთან მიღებაზე ჩაწერას დედაქალაქის პოლიკლინიკებში 2019 წლის გაზაფხულიდან თანდათანობით ნერგავდნენ. მაგალითად, 3 მაისიდან ექიმთან ვიზიტის ახალი ფორმატი „წმინდა გიორგი განმანათლებლის“ სახელობის მედცენტრთან არსებული პოლიკლინიკის პაციენტებმა უკვე საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ახალი სისტემის წყალობით, პაციენტებს შეუძლიათ, მათთვის მოსახერხებელ დღესა და საათზე სახლიდან გაუსვლელად ჩაეწერონ უბნის თერაპევთან ან პედიატრთან მიღებაზე. ჩაწერა სამუშაო დღეებში 09:00 -დან 17:00-მდე ხდება.
პაციენტისთვის დანიშნულ მიღების დრომდე მისი მონაცემები უკვე სისტემაში ჩაიტვირთება, და ეს ექიმს დროის ეკონომიის საშუალებას მისცემს.
„მრავალი წლის განმავლობაში პოლიკლინიკებში რიგებთან და მოქალაქეების სამართლიან ჩივილთან დაკავშირებით პრობლემა იყო. ელექტრონული ჩაწერის სისტემა – კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეებისთვის მომსახურების უფრო მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, – თქვა ერევნის ვიცე-მერმა სერგეი არუთიუნიანმა.
პაციენტს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე რეგისტრაციაში მივიდეს და თავის სპეციალური ტალონი და ანკეტა მიიღოს. თითოეული მოქალაქის მიღებას 15-20 წუთი ეთმობა.
რას წერენ სოციალურ ქსელებში
სოციალური ქსელების მომხმარებლებმა, რომლებსაც ექიმთან მიღებაზე ელექტრონული ჩაწერის სისტემით ჯერ არ უსარგებლიათ, სიახლე დადებითად აღიქვეს და წერდნენ:
„ როგორც იქნა!“
„უზარმაზარი მადლობა! ეს მართლაც ძალიან მოსახერხებელი იქნება: ნერვებიც წესრიგში გვექნება, და დროც დაიზოგება“.
მაგრამ, ისინი, ვინც რეგისტრაციის ახალი სისტემით უკვე ისარგებლა, ჩივიან, რომ სინამდვილეში სიტუაცია სრულიად არ შეცვლილა:
„დღეს სიტუაცია იმ პოლიკლინიკებში უნდა გამოსწორდეს, სადაც ეს სისტემა უკვე დანერგილია, და შემდეგ უნდა დაიწყონ სხვაგან! ეს სისტემა ძალიან ცუდად მუშაობს! ვრეკავ მიღებაზე ჩასაწერად, 2 დღეა, ზარებს არ პასუხობენ! პოლიკლინიკაში მივდივარ, და მეუბნებიან, რომ უახლოეს ორ დღეში თავისუფალი დრო არ არის. და როდესაც მომდევნო დღის ტალონს ვიღებ, და მიღებაზე მივდივარ, ექიმთან მოსახვედრად ერთ-ორ საათს მაინც მიწევს ლოდინი! აბა, რა განსხვავებაა?“
„ისევ ის რიგები! და კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი!“
„არაფერი შეცვლილა! ჩვენს პოლიკლინიკაში ყველაფერი ისევ ისეა – იკავებ რიგს, და ელოდები!“
„პოლიკლინიკებში ექიმები შეცვალეთ, რათა მიღებაზე მისვლა და საათობით ლოდინი არ იყოს საჭირო“;
„დიდი ხანია, მიღებაზე შეღწევას ვცდილობ, და ვერ შევძელი! შეიძლება, რომ რიგმა მხოლოდ სამ თვეში მოგიწიოს?“
„იქნებ ეს მხოლოდ დასაწყისია – და ყველაფერი გამოსწორდეს, მაგრამ ჯერჯერობით სისტემის მუშაობა უკეთესის სურვილს იწვევს“.