სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა ერევნის მერიაში ჩხრეკა ჩაატარა, და მერიის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მაქინაციის შემთხვევები გამოავლინა.
ორმა მოქალაქემ ეროვნული უშიშროების სამსახურს საჩივრით მიმართა, და აცნობა, რომ ქონების რეგისტრაციისა და მშენებლობის უფლების სანაცვლოდ, მერიაში, გარდა კანონით დადგენილი გადასახადებისა, მათ ფონდი „ერევანის“ ანგარიშზე დიდი თანხის გადარიცხვა მოსთხოვეს.
„მასალების მომზადების პროცესში გაირკვა, რომ ზემოთ მითითებული ხელზე გადახდილი სახსრების ნაწილი ფონდის ანგარიშზე არ შეუტანიათ, არამედ მიისაკუთრეს“, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
შედეგად, ეროვნული უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის ორი საქმე ორი მუხლით აღძრა – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო მძიმე შედეგი მოჰყვა, ასევე – თაღლითობა სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით.
ფონდი „ერევანი“ 2007 წელს არის დაარსებული. ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ერევნის მერი ტარონ მარგარიანი იყო. სომხეთის მედია იუწყება, რომ ფონდი „ერევანის“ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან – ტარონ მარგარიანის მოადგილე, მისი მრჩეველი, მერიის ადმინისტრაციის მდივანი, სამმართველოების უფროსები, უხუცესთა საბჭოს წევრები.