ერევნის სატრანსპორტო ქსელი რეფორმიდება და მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტზე გადავა
ერევნის მერიაში ახალი სატრანსპორტო ქსელის საბოლოო ვარიანტი წარადგინეს. მისი შემუშავება დავალებული ჰქონდა საერთაშორისო კონსალტინგურ კომპანიას WYG International Limited. წინასწარი გამოთვლებით, რეფორმები დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.
• „მე თბილისის ვაგზალზე ვმუშაობ“. ფოტო და ისტორიები
რა ცვლილებები მოხდა
ბრიტანული კონსალტინგური კომპანია WYG პროექტზე 2014 წლიდან მუშაობდა. სამუშაო ჯგუფის წევრებმა რეფორმების პროექტი დედაქალაქის საკრებულოების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარუდგინეს
ცვლილებები შეეხება ავტობუსების მარშრუტების რაოდენობას. დედაქალაქში, ადრინდელი 111 მარშრუტის ნაცვლად, მხოლოდ 42 იმოქმედებს. სამჯერ შემცირდება მთლიანი ქსელის სიგრძე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრული დაფარვა არ იქნება. როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, სიგრძის შემცირება გამეორებადი მარშრუტების ლიკვიდაციის ხარჯზე მოხდება.
შემცირდება სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობაც – სულ გამოყენებული იქნება 845 ავტობუსი და 101 ტროლეიბუსი.
ეს ყველაფერი სერიოზული ეკონომიის მიღწევის საშუალებას გააჩენს, რაც სატარიფო პოლიტიკაზე პოზიტიურად აისახება. პროექტის შემქმნელების აზრით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამედროვე, ერთიანი სატრანსპორტო ქსელი ტარიფებისა და ბილეთების უფრო მოქნილ სისტემას უზრუნველყოფს.
კიდევ რას შესთავაზებს პროექტი
ამიერიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებზე მორგებული გახდება. ამჟამად ერევანში შესაბამისი მექანიზმით მხოლოდ ზოგიერთი ავტობუსია აღჭურვილი.
რაც შეეხება იმ საკითხს, იქნება ტრანსპორტი სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუ კერძო სექტორში გადავა, ამასთან დაკავშირებით ერევნის მერმა აიკ მარუტიანმა თქვა:
„ჩვენთვის ტრანსპორტი სტრატეგიული მნიშვნელობის ელემენტს წარმოადგენს, ამიტომ მოცემულ მომენტში პროგრამის 100%-ით საკრებულოებისა და სახელმწიფო ხარჯებით განხორციელებისკენ ვიხრებით, შემდეგ კი მივხვდებით, თუ რა ნაწილის დელიგირება იქნება შესაძლებელი კერძო სექტორისთვის“.
მერი იმედოვნებს, რომ ახალი ქსელის დანერგვის პროცესი ორ წელიწადზე მეტ ხანს არ გაგრძელდება. პროექტის შემქმნელები წინასწარ ორიდან ოთხ წლამდე ვადას ასახელებდნენ.
რას წერენ სოციალური ქსელებში
მერიის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით სოციალური ქსელების მომხმარებელთა აზრი გაიყო.
ერთი ნაწილი მერს უპირობოდ უჭერს მხარს, სხვები მომავალ რეფორმებს უნდობლად ეკიდებიან.
აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:
„ბრავო! ამ ურთულეს პირობებში ძალიან სწრაფად და ოპერატიულად მუშაობთ“
„ამ ახალ ტრანსპორტში კონდიციონერი თუ იქნება? იმიტომ, რომ თუ არ იქნება, იმედი ნუ გექნებათ, რომ ზაფხულის თვეებში ქუჩები კერძო მანქანებისგან გათავისუფლდება – და ადამიანების ტრანსპორტში გადასხდებიან. ოცდაათგრადუსიან სიცხეში ხალხით გატენილი ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლებელია!“
„რაღაც მთლად გასაგები არ არის, ფასებთან დაკავშირებით რა იქნება?
„თუ ტრანსპორტი გაძვირდება, ადამიანები ვეღარ ისარგებლებენ! “