სომხეთს, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი ერევანში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღნიშნეს.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება თავისუფლების მოედანზე ჩატარდა. ეს იყო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს, ბრიტანული არმიის სასულე ორკესტრ „სალამანკასა“ და სომხეთის შეიარაღებულ ძალთა ღირსების ბატალიონის საპატიო ყარაულისა და სომხეთის საჰაერო ძალთა გენერალური შტაბის სამხედრო ორკესტრის ერთობლივი კონცერტი.
კონცერტი სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროების მიერ იყო ორგანიზებული.
სომხეთში დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯუდიტ ფარნუორტმა თქვა, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა სფეროებში მყარი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა: “ჩვენ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას და გამყარებას ვაპირებთ – სომხეთისა და გაერთიანებული სამეფოს საკეთილდღეოდ“.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კარენ ნაზარიანმა ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ამ მნიშვნელოვან მოვლენას კულტურული ღონისძიებებით აღვნიშნავთ. როგორც სომხეთში, ისე გაერთიანებულ სამეფოში კულტურის დღეების ჩატარება ფასეულობათა ერთიან სისტემასა და საერთო ინტერესებზე მეტყველებს. ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნები წარმატებით თანამშრომლობენ როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ფორმატით.