ევროსასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა
გაზიარება
გაზიარება
„რუშანია ჰუსეინოვა აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ – ამ საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 13 აპრილს გადაწყვეტილება გამოაცხადა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ჟურნალ „მონიტორის“ მთავარი რედაქტორის, ელმარ ჰუსეინოვის მკვლელობის საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ ჩაატარა და ჟურნალისტის მკვლელების პასუხისგებაში მისაცემად სათანადო ნაბიჯები არ გადადგა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ხელისუფლებამ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი დაარღვია (ეფექტიანი გამოძიების არჩატარება).
სასამართლომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოკლული ჟურნალისტის ქვრივისთვის, მორალური დანაკლისის ასანაზღაურებლად, 20 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა, ხოლო სასამართლო და იურიდიული ხარჯების დასაფარად – 10 ათასი ევრო.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რუშანია ჰუსეინოვას სიტყვებზე დაყრდნობით, ასევე ნათქვამია, რომ რომ ელმარ ჰუსეინოვი, კრიტიკული სტატიების გამო, მუდმივად განიცდიდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლასა და მუქარას. მას ბრალი 34-ჯერ წარუდგინეს. 2004 წლის იანვარში პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს მას, რომ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის შესახებ კრიტიკული სტატიების წერა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
ელმარ ჰუსეინოვი საკუთარი ბინის შესასვლელთან 2005 წლის 2 მარტს 7 გასროლით მოკლეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მის მკვლელობას მაშინვე უწოდა „დიდი ლაქა ქვეყნის რეპუტაციისთვის და დარტყმა აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარებისთვის“.
რუშანია ჰუსეინოვამ , გამოძიების შედეგების გაცნობის მიზნით, არაერთხელ მიმართა თხოვნით აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს, მაგრამ რაიმე ინფორმაციის მიღებაზე ყოველთვის უარს იღებდა.
მეუღლის მკვლელობის შემდეგ ჰუსეინოვა ერთხანს დამოუკიდებლად აგრძელებდა ჟურნალის გამოცემას (სხვა სათაურით, თავად ელმარ ჰუსეინოვის სურვილით). მას ასევე ემუქრებოდნენ, და ერთი წლის შემდეგ ის, თავის მცირეწლოვან ვაჟთან ერთად, ნორვეგიაში წავიდა ემიგრაციაში.