დამამთავრებელი კლასის 11 ათასამდე მოსწავლე საატესტატო გამოცდებზე ჩაიჭრა
გაზიარება
გაზიარება
2016-2017 სასწავლო წლის მე-12 კლასის 11 ათასამდე მოსწავლემ საატესტატო გამოცდების მინიმალური ზღვარი 5.5 ქულა ვერ გადალახა. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.
გამოცდები 21-დან 24 მაისის ჩათვლით 1500 სკოლაში ჩატარდა და პროცესში 47 ათასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან დაახლოებით 20-მა პროცენტმა გამოცდები ვერ ჩააბარა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ გასულ წელსაც დაახლოებით ასეთივე შედეგი იყო. თუმცა წელს გამოცდებზე მონაწილეობდნენ ის მოსწავლეებიც, რომლებიც წინა წელსაც ჩაიჭრნენ და მათმა ნაწილმა წელსაც ვერ გადალახა ზღვარი. გასულ წელს ჩაჭრილ მოსწავლეებს მე-11 კლასის საგნების ჩაბარებაც მოუწიათ.
მე-12 კლასში გამოცდები შემდეგ საგნებში ჩატარდა: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია, ბიოლოგია, გეოგრაფია, ფიზიკა და ქიმია. მინისტრ ჯეჯელავას განცხადებით, ბავშვებს ყველაზე მეტად ტექნიკური საგნები გაუჭირდათ.
“ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის. ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება”, – აღნიშა ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ალექსანდრე ჯეჯელავა ამბობს, რომ ეს არ არის ცუდი შედეგი. მან მაგალითად გერმანია მოიყვანა, სადაც მისი თქმით, სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების დაახლოებით 30 პროცენტი იღებს, საქართველოში კი ეს მაჩენებელი დაახლოებით 80 პროცენტია. მინისტრი მოსწავლეებს მოუწოდებს ხელობაზე გააკეთონ აქცენტი და პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარონ. “ეს არის მათთვის ძალიან კარგი შანსი, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომის ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
საქართველოს მთავრობამ სკოლებში საატესტატო გამოცდების შემოღების გადაწყვეტილება 2010 წელს მიიღო. ტესტირების შინაარსობრივ, ადმინისტრაციულ და პროგრამულ მხარეს გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს. 2013 წლიდან გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად, მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას კი (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან.