მოსკოვში გამართულ არასანქცირებულ საპროტესტო მარშზე 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩაში გამომძიებელი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდასაჭერად, რომელიც ნარკოტიკების გასაღებაში დაადანაშაულეს.
დაკავებულთა შორის არიან „მედუზას“, „Reuters“-ის, „კომერსანტისა“ და ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტები. ასევე, წამყვანი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი.
წინაისტორია
გამოცემა „მედუზას“ საგამოძიებო ნაწილის კორესპონდენტი, ივან გოლუნოვი მოსკოვში, 6 მაისს დააკავეს, სცემეს, ტვინის შერყევამდე მიიყვანეს და რამდენიმე დღე შინაპატიმრობაში გაატარებინეს.
პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ მისი სახლის დათვალიერებისა და ჩხრეკისას, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი აღმოაჩინეს, რომლის გასაღებასაც, თითქოს, გოლუნოვი გეგმავდა.
გოლუნოვის თქმით, აკრძალული ნივთიერებები იმ გამოძიების გამო ჩაუდეს, რომელსაც ის დამკრძალავი ბიზნესის თემაზე აწარმოებდა.
მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები დაიწყო.
მოგვიანებით სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები გამოქვეყნდა: გოლუნოვის არც ორგანიზმში და არც ხელებზე, ნარკოტიკების კვალი არ აღმოჩნდა.
11 ივნისს, ივან გოლუნოვს ყველა ბრალდება მოუხსნეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ კოლოკოლცევმა განაცხადა, რომ ამ საქმის შიდა გამოძიება დაიწყო. მისი თქმით, გოლუნოვის დაპატიმრებაში მონაწილე პოლიციელებს „შიდა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილებას შეუჩერებენ“.
12 ივნისს დაანონსებულ საპროტესტო აქციას მოსკოვის ხელისუფლებამ სანქცია არ მისცა. ამის მიუხედავად, ინიციატორებმა განაცხადეს, რომ მას მაინც გამართავდნენ.
„მედუზას“ რედაქციამ მათ გეგმებზე უარის თქმისკენ მოუწოდა.
საპროტესტო მარშის მონაწილეები იძახიან: „ნაგავი – რუსეთის სირცხვილი!“