ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმება უარყო
გაზიარება
გაზიარება
REUTERS/Henry Nicholls
ბრიტანეთის თემთა პალატამ სამშაბათს საღამოს ხმათა დიდი უმრავლესობით უარყო ბრიტანეთის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ შეთანხმებული პროექტი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ.
ამას, შესაძლოა, მთავრობის გადაყენება, ვადამდელი არჩევნები, „ბრეკსიტის“ გადავადება და ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელმეორე რეფერენდუმიც კი მოჰყვეს, იუწყება BBC.
შეთანხმების წინააღმდეგ ხმა 442-მა დეპუტატმა მისცა, მის სასარგებლოდ კი – 202-მა დეპუტატმა. ბრიტანეთის პარლამენტის ისტორიაში ხელისუფლების ასეთი განსხვავებით – 230 ხმით – დამარცხება ჯერ არ მომხდარა.
„ეს ხელისუფლების კატასტროფული მარცხია“, – თქვა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა და განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტისადმი უნდობლობის ვოტუმის შესახებ წინადადებას ოფიციალურად შეიტანს.
თუკი ვოტუმს მიიღებენ, მაშინ კონსერვატორებმა ორი კვირის განმავლობაში უმრავლესობის ახალი მთავრობის ჩამოყალიბება უნდა სცადონ, და თუკი მათ ეს არ გამოუვათ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გამოცხადდეს. ლეიბორისტებისა და კონსერვატორების რეიტინგები ამჟამად დაახლოებით თანაბარია და 36-41 პროცენტის დიაპაზონით მერყეობს.
რიგგარეშე არჩევნების გარდა, მოვლენების განვითარების სხვა ვარიანტებიც შესაძლებელია.
„დამანგრეველი გამოსავალი“
თუკი ორნახევარი თვის განმავლობაში ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა ვერაფრის გადაწყვეტას ვერ შეძლებს, მაშინ 29 მარტს ბრიტანეთი ევროკავშირიდან ურთიერთობების დაურეგულირებლად გავა.
„დამანგრეველი ბრეკსიტის“ წინააღმდეგ – თემთა პალატის უმრავლესობა – სხვადასხვა პარტიის დეპუტატები თანხმდებიან, რომ ეს ბრიტანეთის ეკონომიკისთვის ზედმიწევნით ძლიერი დარტყმა იქნება (და საგრძნობი დარტყმა ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნების ეკონომიკებისთვის).
ხელმეორე რეფერენდუმი
ბოლო თვეების მოვლენებმა ბრიტანეთის ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით განმეორებითი რეფერენდუმის მომხრეები ძალიან შთააგონა: ისინი იმედოვნებენ, რომ ამ რეფერენდუმით ხალხი ევროკავშირიდან გასვლას „გადაიფიქრებს“.
თუმცა, მეის მთავრობა და ევროსკეპტიკოსები – მკაცრად ეწინააღმდეგებიან ახალ რეფერენდუმს. ისინი განმარტავენ, რომ ეს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად დააპირისპირებს. გარდა ამისა, ეს დემოკრატიის საფუძვლებისთვის მიყენებული დარტყმა იქნება: ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, მისი ნება უნდა აღსრულდეს, და არა თავიდან უსვამდე იგივე შეკითხვას იმ იმედით, რომ სხვა პასუხს მიიღებ.
შეთანხმების ახალი მცდელობები
თემთა პალატამ მთავრობას უკვე დააკისრა მოვალეობა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირთან შეთანხმების პროექტი უარყოფილი იქნება, სამი სამუშაო დღის განმავლობაში პარლამენტს შეთანხმების ახალი პროექტი წარუდგინოს.
პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ და მტკიცედ განაცხადეს, რომ შეთანხმების პროექტის გადახედვას არ აპირებენ: და ეს ყველზე საუკეთესოა, რაც მათ შეუძლიათ, რომ ბრიტანეთს შესთავაზონ.