ბრიტანეთში ახალი კანონი მიიღეს. რას გულისხმობს "მაგნიტსკის შესწორება" და ვის შეეხება ის?
გაზიარება
გაზიარება
ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი კორუფციაში ეჭვმიტანილებისა და იმ პირების წინაღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ, – იუწყება BBC-ს რუსული სამსახური. და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის კანონდამრღვევები იგულისხმებიან – შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მეტად ეს სწორედ რუსეთს ეხება. ეს უკვე დასახელებიდანაც გამომდინარეობს – „მაგნიტსკის შესწორება“.
რუსი იურისტი სერგეი მაგნიტსკი 2009 წელს მოსკოვში საგამოძიებო იზოლატორში დაიღუპა. ის ცდილობდა, რუსეთში გაეხსნა მასშტაბური კორუფციული სქემა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი ოფიცერი, პროკურატურის თანამშრომლები, საგადასახადო ორგანოები, მოსამართლეები, ადვოკატები მონაწილეობდნენ. მისი სახელი დასავლეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.
ახლა ბრიტანეთის ხელისუფლებას შეუძლია ვიზები არ მისცეს და აქტივები შეუჩეროს მათ, ვინც, მათი აზრით, ადამიანის უფლებებს არღვევს. „მაგნიტსკის სიაში“ შეიძლება ჩინოვნიკები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები მოხვდნენ – ეს აისახება იმ რუს ბიზნესმენებზე, რომლებიც თავიანთ კაპიტალს დიდ ბრიტანეთში ინახავენ.
ახალი კანონის ცალკე პუნქტი ეძღვნება ბრიტანეთის „ზღვისპირა ტერიტორიებს“, სადაც გამარტივებული (ანუ ნულოვანი) საგადასახადო რეჟიმი მოქმედებს. ასევე – დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში შემავალ ოფშორულ ზონებს.
ახალი კანონის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი უნდა შეუწყოს, რომ ამ ტერიტორიებმა მეტი მონდომებით გახსნან იქ დარეგისტრირებული კომპანიების რეგისტრები. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით მუშაობის შესახებ ბრიტანეთის პარლამენტს რეგულარულად უნდა წარუდგინოს ანგარიში.
ბრიტანეთის პარლამენტში ოპოზიცია მეტის მიღწევას შეეცადა – დაევალდებულებინათ „ზღვისპირა ტერიტორიებზე“ დარეგისტრირებული ყველა კომპანია, რომ 2020 წლისთვის ყველა მათი ბენეფიციარის სახელი გაემჟღავნებინათ. თუმცა, პარლამენტის უმრავლესობამ ვერ გადაწყვიტა, რომ კორუფციის საწინააღმდეგო ასეთი მკვეთრი ზომებისთვის მიეცათ ხმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია Global Witness-ის მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ ტერიტორიებზე რუსეთიდან გატანილი დაახლოებით 47 მილიარდი დოლარი ინახება.
სანქციების დაწესების შესახებ კანონის მიღების აუცილებლობა უახლოეს მომავალში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას უკავშირდება; აქამდე ბრიტანული სანქციები ევროკავშირის საერთო კანონებისა და შეთანხმებების მიხედვით წესდებოდა. ამიერიდან დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება მათ დამოუკიდებლად დაარეგულირებს.
მოსალოდნელია, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ქვეყნის მიერ რუსეთის აგრესიული აქტების აღმკვეთი ზომები უფრო გამკაცრდება.
პირველი ანალოგიური „მაგნიტსკის კანონები“ აშშ-ს, კანადის და რამდენიმე ევროპული ქვეყნის კანონმდებლობაში 2012 წელს გაჩნდა.