ბიბილოვი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების სიაში მეოცე ნომრად წერია. ამ გარემოებას თავად ბიბილოვი “სასაცილო შეცდომას” უწოდებს. მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა, რადგან “მას შეუძლია უკრაინის ნაციონალურ ინტერესებს რეალური, ან პოტენციური საფრთხე შეუქმნას, ხელი შეუწყოს ტერორისტულ ქმედებებს ან ადამიანისა და მოქალაქის უფლებები დაარღვიოს”. თუ ბიბილოვი უკრაინის ტერიტორიაზე რაიმე სახის ქონებას, ან ფინანსურ ანგარიშებს ფლობს, მისი ზემოაღნიშნული აქტივები სრულად იქნება ბლოკირებული.
თავად ანატოლი ბიბილოვი მიიჩნევს, რომ “შავ სიაში” ყირიმსა და “დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში” ხშირი ვიზიტების გამო მოხვდა. 2014 წლის ნოემბერში დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებს აკვირდებოდა და ამის შემდეგ ხშირი ურთიერთობა ჰქონდა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების ხელმძღვანელებთან.
ანატოლი ბიბილოვი: “ჩემზე ეს სანქციები გავლენას ვერ მოახდენს. არც ბიზნესი მაქვს უკრაინაში, და არც საბანკო ანგარიშები. ჩემს მეგობრებთან ურთიერთობას კი, ყველა ამ სანქციის მიუხედავად, მაინც გავაგრძელებ. ამ ბიჭების [იგულისხმება უკრაინის ხელისუფლება JAMnews] არაადეკვატურობაში ისედაც არ მეპარებოდა ეჭვი. შეიძლება ითქვას, რომ ეს დიაგნოზია. ამაყი ვარ იმის გამო, რომ საპატიო სიაში მოვხდი.
“ყირიმის ანექსიასა და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედედებებში” ბრალდებული ადამიანების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განმსაზღვრელ ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის 16 სექტემბერს მოაწერა ხელი. სიაში 308 ფიზიკური და 105 იურიდიული პირია შესული 23 ქვეყნიდან, მათ შორის – უკრაინიდან.
ანატოლი ბიბილოვი ჰყვება, თუ როგორ ხედავს ის სამხრეთ ოსეთის მომავალს.