"ახალი კასაბლანკას" ჯაშუშური ვნებები
თბილისი, ქალაქის ისტორიული ნაწილი. JAMnews-ის ფოტო
მეორე მსოფლიო ომის დროს პატარა, მაგრამ ამაყი კასაბლანკა, რომელიც პატარა, მაგრამ ამაყი მაროკოს მთავარ საპორტო ქალაქს წარმოადგენდა, სხვადასხვა ტიპის პოლიტემიგრანტებისა და ლტოლვილების მიზიდვის ცენტრად იქცა. ამ ქალაქს ის ადამიანები სტუმრობენ, რომლებიც ფაშიზმს გაურბოდნენ – იმისთვის, რომ გზა გაეგრძელებინათ და თავისუფალ ქვეყნებში ჩასულიყვნენ – და აქვე განვითარდა რომანტიკული ისტორია, რომელიც ჰამფრი ბოგარტმა და ინგრიდ ბერგმანმა გაითამაშეს.
ბოლო დრომდე ბევრი აზერბაიჯანელი მიიჩნევდა, რომ სწორედ ასეთ „კასაბლანკას“ წარმოადგენს თბილისი. და ისევე, როგორც იმ ძველ ფილმში, აქაც ნამდვილი ჯაშუშური ვნებები გიზგიზებს.
ქვეყანა, სადაც თავშესაფრის პოვნა შეიძლება
სიტყვის თავისუფლების რეიტინგში აზერბაიჯანი 162-ე ადგილს იკავებს. ადგილობრივი უფლებადამცველების შეფასებით, ქვეყანაში სულ ცოტა, ასი პოლიტპატიმარია და „კადრების დენადობის“ გამო ეს მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ იცვლება: ახალი მსჯავრდებულები იმ ადამიანების ადგილებს იკავებენ, რომლებმაც „სინანულის წერილები“ დაწერეს, ან პატიმრობა მოიხადეს. უფლებადამცველები დაპატიმრების „სტანდარტულ“ მიზეზებს შორის ასახელებენ არასანქცირებულ მიტინგებში მონაწილეობას, საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ჟურნალისტური გამოძიების წარმოებასა და მთავრობის კრიტიკას სოციალურ ქსელებში.
ოფიციალური ბრალდებები, როგორც წესი, ასე ჟღერს ხოლმე – „ნარკოტიკების გავრცელება“, „ჯაშუშობა“, „სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“ და „მოწოდებები არეულობისკენ“.
„რისკის ჯგუფში“ შემავალ თითოეულ ადამიანს საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს იმ შემთხვევისთვის, თუკი მასზე ზეწოლა განხორციელდება. როგორც წესი, ისინი ან „სახიფათო პროფესიაზე“ უარის თქმას გეგმავენ, ან ბოლომდე ბრძოლას, პატიმრობას და ევროპულ სასამართლოში საქმის შეტანას, ან, უბრალოდ – გაქცევას. ყველაზე ხშირად საქართველოში გარბიან ხოლმე.
აზერბაიჯანელების თქმით, აქ «პოლიციელის გვერდით ჩავლის არ გეშინია», « შეგიძლია, ხმამაღლა წარმოთქვა პრეზიდენტის სახელი» და «ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ შვებულებით გამოგიშვეს ციხიდან».
თბილისი კავკასიის კასაბლანკაა, თავისუფლების კუნძული, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის მიუღებელი „ელემენტებისათვის“ ერთგვარ გადასასვლელ სადგურს წარმოადგენს მესამე ქვეყანაში გადასვლის დროს. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე აქ რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი გადმოსახლდა. საქართველოში ჩამოსვლით ისინი პატიმრობას გაურბიან.
მაგრამ მცირე ხნის წინ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
საფრთხე საქართველოსთვის
«ზოგჯერ ღიად გითვალთვალებენ მთელი დღის მანძილზე და შემდეგ ბინის კართან ფოტოებს გიდებენ. ამ ფოტოსურათებზე შენ ხარ გამოსახული იმ ადგილებში, რომლებსაც იმ დღეს ესტუმრე», – ასე აღწერს პოლიტემიგრანტი აფგან მუხტარლი იმ პრობლემებს, რომლებსაც თბილისში აწყდება.
ბაქო, 2011 წელი. მიტინგზე პოლიცია აფგან მუხტარლის დაკავებას ცდილობს
აფგან მუხტარლი აზერბაიჯანში ცხოვრობდა და წლების მანძილზე ჟურნალისტად მუშაობდა. იგი განსაკუთრებული ფიზიკური ძალით გამოირჩევა, რაც მისი პროფესიის ადამიანისათვის მეტისმეტად უჩვეულოა. ამას გარდა, იგი ცნობილია იმითაც, რომ ხელისუფლებას თანმიმდევრულად აკრიტიკებს ხოლმე. ერთხელ მან დაწერა საგამოძიებო სტატია იმის შესახებ, თუ როგორ განკარგავს თავდაცვის სამინისტრო ფულად რესურსებს და სად მიდის მოთუშული ხორცი და სხვა პროდუქტები. ამის შემდეგ ძალიან მალე ის იძულებული გახდა, თბილისში გადასულიყო.
«ბოლო ექვსი-შვიდი თვის მანძილზე გარკვეული ძალები ცდილობენ, შეავიწროვონ ის აზერბაიჯანელი პოლიტაქტივისტები, ჟურნალისტები და უფლებადამცველები, რომლებიც საქართველოში გადმოსახლდნენ, – ამბობს მუხტარლი. – აქამდე უპრობლემოდ ვცხოვრობდით – ვმუშაობდით, და კოლეგებს ვხვდებოდით, მაგრამ ბოლო დროს ბინადრობის ნებართვას აღარ გვაძლევენ. ასეთ პრობლემებს ვაწყდებით მე, ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, პოლიტაქტივისტები გიუნელ მოვლუდი და გაჯი გაჯიევი მრავალი სხვა».
გასულ წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მასობრივად დააგზავნა უარის წერილები, რომელთა ადრესატებიც ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც ბინადრობის ნებართვა ითხოვეს, ფორმულირებებით «საქართველოს ინტერესების ხელყოფა» და «მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნა». «ამასთან, არ ამბობენ, კონკრეტულად რა საფრთხის მატარებლები ვართ», – ამბობს მუხტარლი. მისი თქმით, ის და მისი კოლეგები სხვადასხვა ძალოვან უწყებაში დაიბარეს.
თბილისში აფგანის მსგავსი ბედის მქონე ათობით ადამიანი ცხოვრობს. მისი ისტორია კი მხოლოდ „აისბერგის ხილულ ნაწილს“ წარმოადგენს. ჩვენ მისი კოლეგები გამოვკითხეთ და რესპონდენტთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მუხტარლის მსგავსად, აღნიშნა, რომ მათ დევნიან და ემუქრებიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მათ უარი თქვეს სახელების გამჟღავნებაზე: ზოგჯერ უბრალოდ სიტუაციის გამწვავების ეშინიათ, ზოგჯერ კი აზერბაიჯანში დარჩენილი ნათესავების ბედი აღელვებთ. როგორც წესი, მათ საჩივრებს ქართული პოლიცია რეაქციის გარეშე ტოვებს ხოლმე, ზოგჯერ კი ძალოვნები პირდაპირ ეუბნებიან ემიგრანტებს, რომ მათი საქმიანობა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრმა, დაშიგინ აღალარლიმ აზერბაიჯანი 2014 წელს დატოვა – მას შემდეგ, რაც გადასახადების დამალვა დასდეს ბრალად და მასზე ძებნა გამოაცხადეს. 2014 წლის ნოემბერში ის საქართველოში დააპატიმრეს. დაშგინმა 6 თვე გაატარა წინასწარი დაკავების საკანში ექვსი თვე გაატარა, რის შემდეგაც ადგილობრივი უფლებადამცველების დახმარებით, გათავისუფლდა. პოლიტიკური თავშესაფარი მხოლოდ 2017 წლის დასაწყისში მიიღო, მაგრამ განსახლების სამინისტროს სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და აღალარლიმ პოლიტიკური დევნილის სტატუსი დაკარგა.
უმრავლესობისსგან განსხვავებით, აღალარლის პრესასთან ურთიერთობის არ ეშინია, იმიტომ რომ სასოწარკვეთილია და მიაჩნია, რომ საკუთარი პრობლემის გასაჯაროება მისთვისთვის თავდაცვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. თუკი საქართველოს ბოლომდე არ დატოვებს, მას დეპორტაცია ემუქრება – აღალარლის აზერბაიჯანში დააბრუნებენ, სადაც მას დააპატიმრებენ.
მიზეზები: ბენზინი და ბუნებრივი აირი?
რა აიძულებს საქართველოს ხელისუფლებას, ზეწოლა განახორციელოს აზერბაიჯანელ პოლიტემიგრანტებზე? ბევრი დისიდენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ეკონომიკურადაა დამოკიდებული აზერბაიჯანზე და აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ გარემოებას თბილისზე ზემოქმედების ბერკეტად იყენებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია „სოკარი“ საქართველოს ყველაზე მსხვილი გადასახადების ყველაზე მსხვილი გადამხდელია საქართველოში და ამ ქვეყანას ბენზინსა და ბუნებრივ აირს აწვდის.
მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც საქართველო აზერბაიჯანისგან განიცდის ზეწოლას და ამიტომ ავიწროებს დისიდენტებს, ირიბად ადასტურებს იმ აგრესიული პუბლიკაციების სერია, რომელიც ერთ-ერთ პროსახელისუფლებო ვებგვერდზე ქვეყნდება. ავტორები საყვედურს უცხადებენ საქართველოს, რომელიც აზერბაიჯანს პოლიტიკურ დევნილებს არ გადმოსცემს. საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო, რომელიც აზერბაიჯანზეა დამოკიდებული, ოფიციალურ ბაქოსთან დამყარებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს არ უფრთხილდება. და სხვათა შორის, აღნიშნავენ, რომ «საქართველოში დაახლოებით 300 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, რომლებიც იმ მიწებზე ბინადრობენ, რომლებიც ისტორიულად მათ ეკუთვნით» .
ერთადერთი, ვინც თავშესაფარი მიიღო
ახალი „კასაბლანკას“ კიდევ ერთი პერსონაჟი, უფლებადამცველი ვიდადი ისკანდერლი ერთადერთი აზერბაიჯანელი პოლიტემიგრანტია, რომელმაც საქართველოში თავშესაფარი მიიღო.
მაგრამ ისკანდერლი ამბობს, რომ თავიდან ზეწოლისა და მუქარის გადატანა მასაც მოუწია.
მას დემონსტრაციულად უთვალთვალებდნენ და ერთხელ თავშიც ჩაარტყეს. ამის შემდეგ უკვე მის ოჯახს ემუქრებოდნენ, ბოლოს კი სახის წინ პისტოლეტს უტრიალებდნენ და მოითხოვდნენ, ხელი აეღო აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკაზე.
«ამასწინათ ცოლთან და ქალიშვილთან ერთად ვისვენებდი ლისის ტბაზე. ოჯახის წევრები ორიოდე წუთით დავტოვე მარტო, მაგრამ ეს დროც საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ჩემს ცოლთან მისულიყვნენ და ეთქვათ, შენი ქმარი აშკარად დაუფიქრებლად მოიქცა და რაც მოხდება, თქვენს თავებს დააბრალეთო», – ამბობს ისკანდერლი.
«ქართული სახელმწიფო ვერ მიცავს, მაგრამ ამას ოფიციალურად ვერ აღიარებს, – ამბობს ის. – მინდა, აღიაროს, იმიტომ რომ ასეთ შეთხვევაში, საშუალება მომეცემა, სხვა ქვეყნებს მივმართო – იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლიათ.».
იატაკქვეშეთთან ბრძოლა
„აზერბაიჯანულ იატაკქვეშეთთან“ ბრძოლის ფარგლებში წელს თბილისში რამდენიმე ადგილობრივმა აზერბაიჯანელმა MeydanTV-ს საწინააღმდეგო მიტინგი გამართა. ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ MeydanTV-ს ზიანი მოაქვს საქართველოსთვის.
MeydanTV არის რესურსი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანში დაიბლოკა. ამ მედიასაშუალებაში მომუშავე ჟურნალისტების უმრავლესობა უკვე რამდენიმე წელია, რაც „სტოპლისტში“ ირიცხება – ანუ მათ ოფიციალურად ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება. ამას გარდა, MeydanTV-ს კორესპონდენტებს ხშირად აპატიმრებდნენ და აკავებდნენ. ძალოვნები ამ ადამიანებს დაკითხვებს უწყობდნენ.
MeydanTV-ს თანამშრომლები, რომლებმაც აზერბაიჯანის დატოვება მოასწრეს, ხშირად ჩადიან თბილისში, სადაც შეხვედრებს მართავენ, სემინარებს ესწრებიან და უბრალოდ, ახალ რეპორტაჟებს ამზადებენ. 19 აპრილს ერთ-ერთი მათგანი, პოლიტემიგრანტი ჯამალ ალი საქართველოში არ შეუშვეს.
«აეროპორტში ჩამოსვლისთანავე ყოველგვარი ახნა-განმარტების გარეშე ჩამსვეს სტამბოლის თვითმფრინავში და თურქეთიდან კი ბერლინში გამამგზავრეს, – ამბობს ის. – ამასთან, ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ არა ბერლინში, არამედ ბაქოში დამაბრუნებდნენ».
ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ვებგვერდი ამ საკითხს ასე ეხმაურება: «რატომ არ დააკავეს ალი? და რატომ არ გადმოსცეს აზერბაიჯანს? როგორ მოიქცეოდა ბაქო იმ შემთხვევაში, თუკი ოფიციალური თბილისი მიმართავდა მსგავსი თხოვნით?! განა ეს არ იცის ქართულმა მხარემ?!».
იმავე სტატიაში თბილისში მცხოვრები თითქმის ყველა პოლიტემიგრანტის სახელია ნახსენები. ავტორი თითოეულ მათგანს შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებს და სამშობლოს მოღალატეებსა და „შეთქმულ ოპოზიციონერებს“ უწოდებს.
ოფიციალური სახელმწიფო უფლებადამცველის, საქართველოს ომბუდსმენის (სახალხო დამცველის) აპარატმა ასეთი განცხადება გაავრცელა:
«ჩვენ აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქის საქმეეებს ვსწავლობთ. ყველა მათგანი ბინადრობის ნებართვის, ან პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ უკავშირდება. როგორც წესი, ბინადრობის ნებართვის, ან პოლიტიკურ თავშესაფრის მოთხოვნაზე მიღებული უარი განპირობებულია სახელმწიფო უშიშროების ინტერესით, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება საიდუმლო მასალებს, რომლებზეც ვერ ვისაუბრებთ».
არასამთავრობო ორგანიზაცია Human rights House-ის კოორდინატორი ნათია თავბერიძე აზერბაიჯანის პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტივისტებს იურიდიულ დახმარებას უწევს. ამ პოზიციაზე ის 2014 წლიდან მუშაობს. თავბერიძე აცხადებს, რომ ამჟამად ორგანიზაციას დახმარების თხოვნით დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიმართა. ამ რიცხვში არამხოლოდ აქტივისტები, არამედ მათი ოჯახების წევრებიც შედიან.
ამავდროულად, თავბერიძე არ ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე საქართველოში აზერბაიჯანელი აქტივისტების მდგომარეობა გაუარესდა. მისი თქმით, ჯერ არავის უცდია, ორგანიზაციის საქმიანობისთვის შეეშალა ხელი. თავბერიძე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი აქტივისტების საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტაციის პრეცედენტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ნესტან ლონდარიძე იურისტია. ის აზერბაიჯანის იმ მოქალაქეების საქმეებზე მუშაობს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. ლონდარიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის გამოცხადების მიზეზად საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურთან არსებული კონტრტერორისტული ცენტრის დასკვნაც შეიძლება იქცეს. ამასთან, ეს ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და ადვოკატებს უფლება არ აქვთ, ამ მასალებს გაეცნონ.
“ზოგჯერ, სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს, მისამართლეს სახეზე ეტყობოდა, რომ კონტრტერორისტული ცენტრის დოკუმენტს კითხულობდა. სასამართლო გადაწყვეტილებას იმ მასალებზე დაყრდნობით იღებს, რომლებიც ჩვენთვის მიუწვდომელია”, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.
JAMnews-მა საქართველოს განსახლებისა და დევნილთა საქმეების სამინისტროს მიმართა შეკითხვით იმის შესახებ, თუ რატომ ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვაზე აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქეს. ამას გარდა, გვინდოდა გაგვერკვია, რით ამტკიცებს სამინისტრო იმას, რომ ზოგიერთი აზერბაიჯანელი აქტივისტი საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. თუმცა არაერთი დაპირების მიუხედავად უწყებამ გვაცნობა, რომ ქართული კანონმდებლობის თანახმად, ასეთი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მსგავსი ცნობების გაზიარების უფლება არ აქვთ.
JAMnews-მა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურს სთხოვა, განეცხადებინა, თუ რამდენად შეეფერება სიმართლეს ის, რომ ეს უწყება (უშიშროების სამსახური) სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს საიდუმლო მასალებს აწვდის აზერბაიჯანის მოქალაქეების შესახებ და გამოვლინდა თუ არა სამართალდარღვევები, ან კონკრეტული საფრთხეები, კონკრეტული აქტივისტების მხრიდან. ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის სამსახურის წარმომადგენლებს ჩვენს თხოვნაზე პასუხი არ გაუციათ.
შიში
აი, რას ყვება აზერბაიჯანის ქალთა კრიზისული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მეტანეტ აზიზოვა იმ პერიოდის შესახებ, როდესაც ბაქოდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც გენპროკურატურაში დაკითხეს.
«გსმენიათ ოდესმე გამოთქმა „ცხოველური შიში“? სწორედ ასეთი გრძნობა დამეუფლა. შეუძლებელია ამ შიშის სიტყვებით აღწერა. როდესაც გზაზე საგზაო ინსპექციის თანამშრომლოებმა გაგვაჩერეს, ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა, როდესაც საზღვარზე სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა ადამიანმა გაგვაჩერა, მეგონა, რომ ამით ყველაფერი დასრულდა. როდესაც თბილისიდან ბაქოში დავრეკე და მითხრეს, რომ ჩემი ბინა გაჩხრიკეს, თავზარი დამეცა და მივხვდი, რომ დიდ უბედურებას გადავურჩი. თავიდან მხოლოდ შიშს ვგრძნობდი, მოგვიანებით კი ეს შეგრძნება დაბნეულობამ, გაურკვევლობამ, და საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების გადარჩენის აუცილებლობის შეგრძნებამ ჩაანაცვლა.
მაგრამ ეს ამბავი 2014 წელს მოხდა. მაშინ მხარდაჭერა და დახმარება აღმომიჩინეს. დღეს კი ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში დარჩნენ და ევროპამდე ვერ მიაღწიეს, გადაუჭრელი პრობლემების ჭაობში იმყოფებიან».