ახალი ერევანი ძველს ანადგურებს
ფოტომატიანე
მისი ფოტოკამერის ობიექტივი ქალაქის ცენტრში დანგრეული მორიგი შენობის უკანასკნელი ნარჩენებისკენაა მიმართული. ქალაქის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ფოტოებს შემორჩა, მაგრამ 2798 წლის ერევანში ერთი ორასწლოვანი შენობის ნახვაც კი შეუძლებელი იქნება.
“შენობები უბრალო ქვები არ არის, მათში კოდირებული ენერგიაა ჩადებული. ქალაქს ყოველთვის ბინას ვადარებ ხოლმე. ბინას რამდენიმე წელიწადში ერთხელ ვარემონტებთ, მაგრამ მასში ის ნივთები რჩება, რომლებიც უფროსი თაობისგან დაგვრჩა. და ადამიანი, რომელიც ხსოვნას აფასებს, ამ ნივთებს თავის შვილებს გადასცემს. ამ ძველ შავ შენობებში ჩვენი ქალაქის ისტორია ინახებოდა, რომელიც მომდევნო თაობებს უნდა გადასცემოდა – რაც ჩვენ არ გავაკეთეთ,” – ამბობს ფოტოგრაფი აიკ ბიანჯიანი.
ის, უკვე 13 წელია, ძველი ერევნის შენობების “დემონტაჟს” ფოტოებზე ასახავს.
2000 წელს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბევრი უბანი, სადაც ძველი ქალაქის ისტორიული და კულტურული ნიშნებია შემორენილი, “საზოგადოებრივი ინტერესების პრიორიტეტად” გამოცხადდა. ხელისუფლების თქმით, ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ზოგჯერ მისი სიცოცხლის უნარიანობისთვის საჭიროა იმ ნაწილების მოშორება, რომლებიც მისი ცხოვრების რიტმს აფერხებს. შედეგად, ერევნის ცენტრში ახლად აშენებული ელიტური სახლები წამოიმართა.
39 წლის ბიანჯიანი ამბობს, რომ ერევნის ნგრევის ყველა მომენტი აღბეჭდილი აქვს – ჩრდილოეთის პროსპექტი, ახალგაზრდული პალატა, რესტორანი “არაქილი”, “დახურული ბაზარი”, ცირკი, კინოთეატრი “ზვარტნოცი”, აფრიკიანების შენობა…
“ბიუზანდის ქუჩაზე, დანგრეული სახლების გვერდით ვცხოვრობდი. ახლა, როდესაც ამ ადგილას მოვხვდები ხოლმე, ვხედავ, რომ აქ ძველი აღარაფერია, მხოლოდ ეს ვიწრო რიგად, დრაკონებივთ ჩამწკრივებული ახლად აშენებული სახლები. თავადაც აღარ მჯერა, რომ სულ რაღაც 10 წლის წინათ ამ ქუჩაზე აბსოლუტურად განსხვავებული ატმოსფერო იყო.
ის პატარა თაღები, რომლებსაც მოჟრიამულე ბავშვებითა და ნარდის მოთამაშე კაცებით სავსე, კოლორიტულ ეზოებში შეჰყავდი… ამ ყველაფერს დაგვიანებით მივუსწარი. როგორც იტყვიან, უკანასკნელ ვაგონთან მივირბინე და მხოლოდ დამშვიდობება შევძელი,” – ამბობს აიკი.
არქიტექტორების ბრალი არ არის
2004 წელს გამოქვეყნდა მთავრობის გადაწყვეტილება №1616-Н “ქალაქ ერევნის ისტორიული ძეგლების სახელმწიფო სიის დამტკიცების შესახებ”, რამაც სიაში შესული 975 შენობიდან ბევრი ვერ დაიცვა განადგურებისგან.
არქიტექტორების კავშირის თავჯდომარე, მკრტიჩ მინასიანი აღნიშნავს, რომ ძველი ქალაქის დაცვის პრინციპი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ ერევანში ცენტრიდან წასვლა არავის სურს.
“მისი დაცვის პრინციპი მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდით არ მიგვიღია. პირიქით – ჩვენ ვთქვით, რომ ეს ყველაფერი მოძველდა და ახალი უნდა ავაშენოთ. თუმცა, შეიძლებოდა, ცენტრში არ აგვეშენებინა. ქალაქს დიდი შესაძლებლობები აქვს – მიწის რესურსს ვგულისხმობ. მთელ მსოფლიოში, თანამედროვე საოფისე ცენტრებისათვის მაღალ შენობებს ქალაქის ცენტრისათვის ზიანის მიუყენებლად აშენებენ”, – ამბობს მინასიანი.
არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ბევრი არქიტექტორებს ადანაშაულებს, არადა სინამდვილეში, ისინი უბრალოდ ადმინისტრაციული ორგანოების დავალებებს ასრულებენ.
“კაპიტალი იტყვის – მე ეს ნაკვეთი მჭირდება და თუკი ქალაქს ინვესტიციები უნდა, მაშინ გამომიყოს ამ ფართობის ნაკვეთი. საბჭოთა პერიოდში ასეთი მასშტაბის შენობები მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთით შენდებოდა, დღეს კი სახელმწიფოს ხვედრითი წილი მშენებლობაში მხოლოდ 5-10%-ია, დანარჩენი კერძო ინვესტორების ხელშია.”
2008 წელს სომხეთმა ხელი მოაწერა არქიტექტურული ძეგლების კონვენციას, რომლის მიხედვითაც, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე, ისტორიისა და კულტურის ძეგლის გადატანა არ შეიძლება.
“ისტორიის, კულტურისა და ისტორიული გარემოს უძრავი ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ” კანონის21-ე მუხლის თანახმად, როგორც რესპუბლიკური, ისე ადგილობრივი მნიშვნელობის შენობის დემონტაჟი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ხელისუფლების ნებართვის საფუძველზე დაიშვება.
არქიტექტორი საშურ კალაშიანი უკიდურესი უკმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კანონი, თუმცა არ გვაქვს კანონის უზენაესობა და მხოლოდ კერძო ინტერესებია პრიორიტეტული.
“ჩვენ ვლპარაკობთ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ საზოგადოებრივ ინტერესზე, მაგრამ რომელიმე დანგრეული სახლის ადგილას სახელმწიფო მნიშვნელობის რაიმე შენობა თუ აუშენებია ვინმეს? აშენებენ კერძო ინვესტორები, სახელმწიფომ კი საზოგადოების ინტერესები უნდა დაიცვას. ამას კი ვერ ვხედავ. ცხადია, ვის ინტერესებსაც იცავს სახელმწიფო. ამ მომენტისათვის ისინი უბრალოდ ბიუჯეტის შევსების ამოცანას წყვეტენ.”
არქიტექტორები გულდაწყვეტით აღნიშნავენ, რომ ერევანმა თანამედროვე სომხური არქიტექტურის ფუძემდებლის, ტამანიანის მიერ შექმნილი იერი დაკარგა. 1934 წელს არქიტექტორმა “დიდი ერევნის” (500 ათას მოსახლეზე) დაპროექტება დაიწყო, მაგრამ ნამუშევრის დასრულება არ დასცალდა. სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას კი არაერთხელ აღუნიშნავს, რომ დედაქალაქის ცენტრი ტამანიანის პროექტის მიხედვით უნდა აშენდეს.
საშურ კალაშიანი მიიჩნევს, რომ სწორედ არქიტექტურა წარმოადგენს ეროვნული კულტურის სახეს. “როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფებით, პირველ ეგზოტიკურ შთაბეჭდილებას ვიღებთ არქიტექტურისგან, რომელიც დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა და დასრულებულ სახეს იღებდა. სწორედ ამით იწყება ჩვენი დამოკიდებულება რომელიმე ერისადმი.”
არქიტექტორების კავშირის თავმჯდომარე, მკრტიჩ მინასიანი აღნიშნავს, რომ ალექსანდრ ტამანიანი ერევანს ქალაქი-პარკის პრინციპით აპროექტებდა.
“ეს უნდა ყოფილიყო ამფითეატრში მოქცეული ქალაქი-პარკი. ერევნის ჩრდილოეთი ნაწილი შემაღლებული ადგილია, საიდანაც არარატის ველისა და არარატის მთის პანორამული ხედი იშლება. მშვენიერი ხედია და იდეაც ბრწყინვალეა – ასე არ არის? 20-ე საუკუნის დასაწყისში მან ასეთ მოედანზე ასეთი მასშტაბის ოპერის შენობის დანახვა შეძლო”.
ფანტაზიის გარდა, საბჭოთა ეპოქაში ამ ყველაფრის განსახორციელებლად გამბედაობაც იყო საჭირო. აუცილებელი იყო სხვების დარწმუნებაც, რომ სწორი გზა გქონდა არჩეული. და მან ბრწყინვალე მემკვიდრეობა დაგვიტოვა – არქიტექტორების ბრწყინვალე სკოლა, რომელმაც ტამანიანის ვექტორი აირჩია.
საბჭოთა არქიტექტურა შედარებით უფრო ფუნქციური, მკაცრი და ეროვნულ მოტივებს მოკლებული იყო. მინასიანი აღნიშნავს, რომ ერევანმა ეროვნული იერის შენარჩუნება შეძლო. სხვა შემთხვევაში, უსულო, უსახური ქალაქი შეგვრჩებოდა. ამასთან, დღეს ძველი ერევნის მცირე ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი.
“პუშკინისა და აბოვიანის ქუჩებზე ჯერ კიდევ იგრძნობა ეს ატმოსფერო და კარგი იქნებოდა, თუკი ინვესტორები შენობების ფასადებს შეინარჩუნებდნენ.” შენობას პუშკინის ქუჩა N 4-ში აწერია – “სახლს იცავს სახელმწიფო”. ეს იმ იშვიათ ისტორიულ შენობათაგან ერთ-ერთია, რომლებიც გადარჩა. შენობის სარდაფში ცნობილი მარანია განლაგებული.
ძველი ქალაქის მოსახლეები
84 წლის აშოტ კილიკიანი, რომელიც პუშკინის 4/5 ნომერში ცხოვრობს, ამბობს, რომ სახლი სახელგანთქმულ მეღვინეს, ვასილ ტიაროვს ეკუთვნოდა. აქვე ცხოვრობდა ერევნის პირველი მთავარი არქიტექტორი, ნიკოლაი ბუნიათიანი და ვასილ ტაიროვის შვილის, მკრტიჩ ტაიროვის მეუღლე, სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი, ანიკ [ანაით] მკრტუმიანი.
კალიკიანებმა სახლი 1953 წელს ანიკ მკრტუმიანისგან შეიძინეს. ამ შენობის მეზობლად ერევნის პირველი სტომატოლოგიური კლინიკა მდებარეობდა, მეორე ფრთაში კი ყველის ცნობილი საწარმო მდებარეობდა. ერევანში, სწორედ პუშკინის 4/5 ნომრის ეზოში წამოვიდა პირველად ონკანის წყალი.
ფონდ “არენის ფესტივალის” დირექტორი, ნუნე მანუკიანი ამბობს, რომ ძველი შენობები ტურიზმის მხრივაა საინტერესო:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში მეღვინეობა და ტურიზმი პრიორიტეტულ მიმართულებებადაა გამოცხადებული, უმოწყალოდ ნადგურდება ის შენობები, რომლებიც ქალაქის ისტორიის ნაწილს წარმოადგენს და ტურისტებისთვის საინტერესოა. ასეთი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქალაქი სახეს კარგავს და ამიტომ, ტურისტული პროდუქტის შექმნა და მისი გაყიდვა რთულდება.”
აიკ ბიანჯიანი აღნიშნავს, რომ უცხოელი სტუმრები ყოველთვის ეკითხებიან, თუ სადაა ძველი ქალაქი.
ძველი ერევნის მომავალი
ხელისუფლების მიერ 2013 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, პუშკინის N4 შენობა და მისი მიმდებარე მიწის ნაკვეთი “განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის” ობიექტად გამოცხადდა და სამშენებლო კომპანია “ლოკალ დეველოპერსმა” შეისყიდა.
“ჩვენი სახლისთვის კომპანია გვთავაზობს ფულად კომპენსაციას – 196 მილიონ 100 ათას დრამს. არადა, ჩვენს მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ ეს 932 კვადრატული მეტრი 618 მილიონ 141 ათას დრამად შეაფასა. გვძარცვავენ. 400 მილიონ დრამს უბრალოდ გვართმევენ,” – ამბობს სახლის მფლობელი აშოტ კილიკიანი და აღნიშნავს, რომ კომპენსაციის თანხის გაზრდის მოთხოვნით, კომპანია “ლოკალ დეველოპერსის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
კომპანიას ამ უბნის სხვა ბინადრებმაც უჩივლეს. ერევნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი “დოლმამაც” პუშკინის N 4-ში მდებარეობს. აქ სომხური ეროვნული კერძები გასინჯეს ჰილარი კლინტონმა, ვლადიმირ პუტინმა, საფრანგეთის სამმა პრეზიდენტმა, დებმა კარდაშიანებმა, მსახიობებმა ალენ დელონმა და ჟერარ დეპარდიემ, მომღერალმა ხულიო იგლესიასმა, მწერალმა პაოლო კოელომ და სხვა ცნობილმა ადამიანებმა.
ქალაქის განაშენიანების მინისტრმა ნარეკ სარგსიანმა უკვე აღნიშნა, რომ პუშკინის N 4-ში განლაგებული სარდაფები არ დაინგრევა.
“დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ამოცანას დავსახავთ, შეზღუდვებიც – ანუ რა შეიძლება, და რა – არა – მაშინ დამტკიცდება. შეზღუდვები ძეგლების ადგილზე შენარჩუნებას შეეხება. აქ შევა სარდაფების საკითხიც, თუკი ეს სათავსოები რაიმე ღირებულებას წარმოადგენს. აღნიშნულ სარდაფში თავად არასდროს ვყოფილვარ,” – აღნიშნა ქალაქის განაშენიანების მინისტრმა.
ერევნის ცენტრში დემონტაჟი გაუკეთდა ისტორიული მნიშვნელობის მქონე რამდენიმე შენობას, რომლებიც, შენარჩუნებისა და გადარჩენის მიზნით, სხვა ტერიტორიაზე გადაიტანეს. ამ შენობებს შორის 130 წლის სახლიცაა, რომელიც მდიდარმა ძმებმა აფრიკიანებმა ააშენეს. ამ ცნობილ შენობაში სახელგანთქმული მოქალაქეები და ელიტა იკრიბებოდნენ.
ხელისუფლების მტკიცებით, პროექტ “ძველი ერევანი”-ს ფარგლებში, ძველი შენობების დანომრილ ქვებს თავიდან დაალაგებენ – ისევ ქალაქის ცენტრში. არქიტექტორები კი ამტკიცებენ, რომ ამ პროექტს ძველ ერევანთან არაფერი აქვს საერთო.
“ახალ ნაგებობებს გვერდით მიუდგამენ ქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან რაიმე შენობას, ან შენობების ფრაგმენტებსა და ნანგრევებს. ეს უბრალოდ ბიზნესპროექტია. დიდ შენობას ააშენებენ, რომელშიც მაღაზიები იქნება. ადამიანებს მოიყვანენ და აჩვენებენ ამას? და რა მერე? ეტყვიან, რომ ესაა ერევნის სახე? დაგვცინებენ, განსაკუთრებით კი – პროფესიონალები,” – ამბობს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, მკრტიჩ მინასიანი.
“ყველაფერი გადავიღე, რაც დაანგრიეს. ჩემს თავს ვეკითხები, რა დარჩა ჩემს მიერ გადაღებული შენობებიდან? დღეს ქალაქში არის უბნები, სადაც უბრალოდ თვალებს ვხუჭავ, რადგან სევდა და ტკივილი მიპყრობს. არაფერი დატოვეს. ათიდან მხოლოდ შვიდი შენობა რომ დაენგრიათ, ქალაქი მაინც განვითარდებოდა, მაგრამ არა ისტორიის ხარჯზე,” – ამბობს ფოტოგრაფი აიკ ბიანჯიანი.
გამოქვეყნდა: 15.04.2016