აქებს თუ აკრიტიკებს? რას ეუბნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მთავრობას?
23 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მთავრობას დემოკრატიის და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ მოუწოდებენ.
ერთაბზაციანი განცხადება, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მორგან ორტაგუსი აწერს ხელს, და რომელიც ასი სიტყვაც კი არ არის, საქართველოში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიდი დავის საგანი გახდა.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით აშშ საქართველოს მთავრობას აქებს და მხარს უჭერს, ხოლო ოპოზიცია, ფიქრობს, რომ ამ გაცხადებით მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა და გააფრთხილა.
რა წერია განცხადებაში. სიტყვასიტყვით
____________________________________________________________________________
• რატომ არის მნიშვნელოვანი ბრძოლა პროპორციული სისტემისთვის
•ფეისბუკმა გამოავლინა საქართველოს ხელისუფლების კავშირი ასობით ყალბ გვერდთან და ანგარიშთან
____________________________________________________________________________
“ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, წარმატებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მივესალმებით სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმის შესახებ.
ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ და უზრუნველყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან სასამართლოსა და პროკურატურის თავისუფლება. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობას და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
______________________________________________________________________________
• “ერთად ერთის წინააღმდეგ”. ნოემბრის პროტესტის ისტორია სამ წუთში [ვიდეო]
______________________________________________________________________________
რას ამბობს ხელისუფლება
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ კარგად იცის, რომ ეს მხარდამჭერი განცხადებაა და განგებ ამახინჯებს თარგმანს:
“არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს ეს განცხადება, რაც მიანიშნებს, იმაზე, რომ არის აშკარად მიკერძოება… ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი განმარტებული. პოლიტიკურ პროკურატურაზე და სასამართლოზე აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, იმისათვის, რომ არ მოხდეს არანაირად პროკურატურის და სასამართლოს მიკერძოება. აქ არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო… არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე არ არის საუბარი… ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა.. და მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება არის რეალურად მხარდამჭერი განცხადება ”.
რას ამბობს ოპოზიცია
„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მთავარი ნაწილი ეხება ხელისუფლებისადმი მოწოდებას, რომ “პროკურატურამ არ განაგრძოს პოლიტიკური დევნა, ანუ არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული და ასევე, მოუწოდებს, რომ გააგრძელოს დიალოგი ოპოზიციასთან საარჩევნო რეფორმაზე“, – განაცხადა მან.
“როდესაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პროკურატურა არ იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, ეს უმძიმეს პრობლემაზე მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემაში”, – ამბობს კახიძე.
რაც შეეხება იმას, რომ აშშ ხედავს პროგრესს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კუთხით, [საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც სასამართლო სისტემაში ბოლო დროს გატარდა “მეოთხე ტალღის” სახელითაა ცნობილი, რადგან აქამდე სამჯერ იყო სასამართლო სისტემის რეფორმირების მცდელობა, მათ შორის წინა ხელისუფლებების დროსაც. “მეოთხე ტალღის” პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები _JAMnews] ამაზე ოთარ კახიძე ამბობს, რომ ეს იყო აუცილებელი “დიპლომატიური ეტიკეტი”.
„დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ერთი რაღაც პოზიტივი ჩაეწერათ…” – ამბობს კახიძე და აღნიშნავს, რომ მეოთხე ტალღის რეფორმა საკანონმდებლო დონეზე მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც, მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” კორუმპირებული და საეჭვო რეპუტაციის მქონე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნით გააფუჭა.
“განცხადებაში მთავარი გზავნილი არის ხელისუფლებისადმი მოწოდება და დაბეჯითებით მოთხოვნა, რომ არ გამოიყენოს პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ამავე დროს, ხაზგასმულია საარჩევნო რეფორმის აუცილებლობა. ეს არის ის თემები, რომლებზეც ხელისუფლებამ უნდა იმუშავოს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები… ივანიშვილმა, დაკარგა ნდობა დასავლეთისა და ქართული საზოგადოების, როდესაც მან თავისი დაპირებული სიტყვა გატეხა და უკან წაიღო, პროპორციული სისტემის შესახებ, რომელიც მისივე განცხადებით უნდა ამოქმედებულიყო 2020 წელს. სწორედ ამაზე რეაქცია იყო ძალიან მძიმე. აშშ არის ყველაზე სერიოზული, დიდი პარტნიორი და დიდი მეგობარი ჩვენი ქვეყნის“, – ამბობს კახიძე.
კონგრესმენების და სენატორის განცხადება
ბოლო დროს საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკელი პარტნიორების მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადება გაკეთდა.
16 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართეს აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წარმომადგენლებმა. წერილის ხელმოწერები მზარდ შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “უარი თქვა დაპირებულ პოლიტიკურ რეფორმებზე” და ჩააგდო სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილება.
წერილში კონგრესმენები ასევე გმობდნენ საპროტესტო აქციების ძალადობრივ დაშლას.
ღია წერილის ასლი ტვიტერზე გამოაქვეყნა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა, რომელიც წერს, რომ წერილი გიორგი გახარიას ერთობლივად გაუგზავნეს მან და მეორე თანათავმჯდომარემ, დემოკრატმა ჯერი კონოლიმ.
“ჩვენთვის შოკისმომგვრელი იყო ცნობა იმის შესახებ, რომ კოლაფსი განიცადა დაპირებულმა რეფორმებმა საქართველოს პარლამენტში, რომლითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა უნდა დანერგილიყო. საქართველო ამ რეფორმებზე წლებია მუშაობს, ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად. პირობა მიეცა არა მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველ ხალხს. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს ოფიციალური პირები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და დაამტკიცებენ ამ მნიშვნელოვანი რეფორმების პაკეტს,” – წერია განცხადებაში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მეტადაა დაახლოებული დასავლეთთან და სურთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება. სწორედ ამიტომაც გავიდა ამდენი ხალხი ქუჩებში, რათა მშვიდობიანად გამოეხატა თავისი შეშფოთება, მაგრამ მათ მოძალადე ავაზაკები დაუპირისპირდნენ,” – წერენ კონგრესმენები.
20 დეკემბერს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ კრიზისს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში გამოეხმაურა.
“მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ – მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს”, – უთხრა სენატორმა “ამერიკის ხმას”.
რიშიც, კონგრესმენების მსგავსად, მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს პროპორციულ საარჩევნო რეფორმაზე გადასვლის დაპირება.
“მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი”, – აცხადებს რიში.