აფხაზეთში მათ სიებს აქვეყნებენ, ვინც ჯარში სამსახურს თავს არიდებს
აფხაზეთში პირველად გაასაჯაროეს მათი სია, ვინც ჯარში სამსახურს საპატიო მიზეზის გარეშე აარიდა თავი.
„ამრიდებელთა“ სიაში 18-დან 28 წლამდე ასაკის სულ 282 ადამიანი მოხვდა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ რამდენიმე ადამიანის გვარი მასში შეცდომით იყო შეტანილი და თავდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ უახლოეს მომავალში სიას დააზუსტებს.
ა
ფხაზეთის საზოგადოებაში ყველაზე ხშირი განხილვის თემაა ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი ქალაქელ ახალგაზრდებს შორის, ჯარში სამსახურის სურვილის არქონა – ამ მიზეზით ყოველდღიურობაში აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებს „გლეხურს“ უწოდებენ.
სიაში განსაკუთრებულად არის აღნიშნული ორი კატეგორია, ვისაც სამსახურისთვის თავის არიდებისთვის საპატიო მიზეზი აქვს, თუმცა სამხედრო კომისარიატისგან ოფიციალური გადავადების უფლება მიღებული არ აქვთ – ესენი არიან სტუდენტები და სპორტსმენები.
სიაში სტუდენტებისა და ასპირანტების შეყვანა საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთების მიზეზად იქცა.
„ვერ მივხვდი, ეს რა სიაა! და რატომ ვარ მე ამ სიაში? სამხედრო კომისარიატში კარგად იციან, რომ ასპირანტურაში ვსწავლობ, რაც კანონით სამსახურის გადავადების უფლებას მაძლევს. და ეს გაწვევისგან თავის არიდება არ არის!“, – ასეთ კომენტარს აკეთებს სოციალურ ქსელებში აინარ კუბრაა, ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ სიაში თავის გვარი აღმოაჩინა.
იმას, რომ „ამრიდებელთა“ სიაში სპორტსმენები მოხვდნენ, სპორტის კომიტეტში არ ეთანხმებიან:
„მინდა, თავდაცვის სამინისტროსადმი მთელი პატივისცემით, ყველას ესმოდეს, რომ ჩვენი სპორტსმენები საკუთარ მოქალაქეობრივ ვალს უკვე იმით იხდიან, რომ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე ღირსების კვარცხლბეკზე ჩვენი რესპუბლიკის დროშას აღმართავენ“, – უთხრა ჟურნალისტებს აფხაზეთის სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ ბაგრატ ხუტაბამ.
ამავდროულად სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სპორტსმენები „ფიზიკურად მზად არიან და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სამშობლოს დასაცავად დადგომა“.
სოციალურ ქსელებში ადამიანები მწვავედ და ურთიერთსაპირისპიროდ რეაგირებენ. რამდენიმე სახასიათო კომენტარი:
„ომის შემდგომ პირველ წლებში ახალგაზრდობა თავად იწევდა ჯარისკენ, რათა სამშობლოს წინაშე ვალი მოეხადათ! ახლა კი სრული გაუგებრობაა!“
„ჩვენი ქვეყნისთვის აფხაზეთის საუკეთესო შვილებმა გაწირეს თავი. ახლა (ესენი) კი ყველანაირ მიზეზს ეძებენ, რომ ჯარში არ იმსახურონ“.
„გაუგებარია რისთვის გამოაქვეყნეს ეს სიები. ნუთუ თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია, რომ თავისი საქმე საზოგადოების ჩაბმის გარეშე გააკეთოს?“
„ჯარში მართლაც არ არსებობს ელემენტარული წესრიგი, სამსახური კი, დიდი ხანია, პრესტიჟული აღარ არის“.