აფხაზეთში აზიური ფაროსანას ბიზნესი დაიწყო
აფხაზეთში მრისხანე სასოფლო-სამეურნეო მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპისთვის ემზადებიან. ეს ბრძოლა უკვე მესამე წელია გრძელდება, ცვალებადი წარმატებით. კერძოდ, 2017 წელს აფხაზეთში პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა კაკლისა და თხილის, ასევე ციტრუსის მოსავალი.
მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განაახლონ პროექტი, რომელიც ექსპერიმენტის სახით უკვე განახორციელეს 2018 წლის გაზაფხულზე: მოსახლეობას სთავაზობენ ფაროსანას შეგროვებას და ერთი კილოგრამის 1000 რუბლად (დაახლოებით 15 დოლარი) ჩაბარებას.
„ხელისუფლება ამ პროექტისთვის 7 მილიონ რუბლს (დაახლოებით 105 000 დოლარს) გამოყოფს“, – განაცხადა აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამირან კაკალიამ.
• აფხაზეთში ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება
• ქართული თხილის მთავარი ბაზარი ევროკავშირის ნაცვლად რუსეთი გახდა
მწერის შეგროვების დაწყება გაზაფხულის დადგომასთან ერთად იგეგმება, როდესაც ისინი ზამთრის ძილიდან დაიწყებენ გამოსვლას. როგორც ექსპერტები ამბობენ, ამის გაკეთებას აზრი სწორედ ადრეულ გაზაფხულზე აქვს, იმდენად, რამდენადაც ძილის შემდეგ ფაროსანა მოდუნებულ მდგომარეობაშია და მისი დაჭერა ადვილია.
აზიური ფაროსანა აფხაზეთში ოთხი წლის წინ გამოჩნდა და ამ დროის განმავლობაში მძიმე დარტყმა მიაყენა ადგილობრივ სოფლის მეურნეობას. ოფიციალური მონაცემების თანახმად, რესპუბლიკაში მანდარინის, თხილისა და კაკლის წარმოება – აფხაზეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურების – 70 პროცენტამდე შემცირდა. მცირედი გაუმჯობესება დაფიქსირდა 2018 წელს – მავენებლთან ბრძოლის მასშტაბური პროგრამების დამსახურებით, რომელიც UNDP-ისა და რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ დაფინანსდა.
2018 წლის მარტში რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა – რამდენიმე თვის განმავლობაში აკრძალული იყო აფხაზეთიდან რუსეთში ბოსტნეულისა და ხილის ხელბარგით შეტანა.
ბევრი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდი მისი მექანიკური შეგროვება და განადგურება გახდა, სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ პროექტის 2019 წელსაც ამოქმედება.
2018 წელს აფხაზეთში 5 ტონაზე მეტი აზიური ფაროსანა ჩააბარეს.
აზიური ფაროსანას შეჭრამ დიდი პრობლემები შეუქმნა საქართველოს დასავლეთ რეგიონებს, სადაც შედეგები კატასტროფულად ფასდება და ასევე მიმდინარეობს მასიური ბრძოლა მავნებლის წინააღმდეგ.
https://jam-news.net/%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AC/?lang=ka