აფხაზეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ, რომელიც, სავარაუდოდ, 2019 წლის აპრილში მოწამლეს, საჯაროდ თქვა უარი 25 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე.
მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა დანაშაული – „სიცოცხლის ხელყოფა“ და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მისცემს წინასაარჩევნო რბოლაში მონაწილეობის საშუალებას და გამარჯვების შემთხვევაში, ვერ შეძლებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
არჩევნები თავდაპირველად 21 ივლისს იყო დანიშნული, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ქუჩის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც მისი კანდიდატის მოულოდნელი და უცნაური დაავადების გამო გაიმართა, ერთი თვით გადაიდო.
ასლან ბჟანიამ წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელიც 15 ივლისს, სოხუმში გამართულ ბრიფინგზე წაიკითხეს მისმა მომხრეებმა.
ბჟანიამ მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებზე „ამცახარას“ და მისი კანდიდატის, ალხას კვიცინიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა – 1990-იანი წლების საქართველო-აფხაზეთის ომის ვეტერანთა პარტია.
ბრიფინგზე წაიკითხეს ბჟანიასა და მისი ორი მცველის ბიომასალებზე პოლონეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგები. მცველებიც პოლიტიკოსის მსგავსი სიმპტომებით მოხვდნენ აპრილში საავადმყოფოში.
„ჩვენ მივიღეთ დადასტურება (პოლონური ლაბორატორიიდან), რომ ასლან ბჟანია, ლევან ბჟანია და კესოუ დარსალია მოწამლეს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ დადასტურდა პოლიტიკური ტერორის აქტი“, – განაცხადა ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენელმა, თეიმურაზ ხიშბამ.
ბჟანიამ საკუთარ განცხადებაში თქვა, რომ ის გუნდში რჩება: „როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მომცემს, მზად ვარ აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“.
„არასოდეს მქონია ნებისმიერ ფასად ძალაუფლების წყურვილი. მთელი ეს წლები მხოლოდ ჩვენი ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლის რწმენა მამოძრავებდა. ისინი, ვინც ჩაიფიქრეს და განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ დანაშაული, ოპოზიციის უთავოდ დატოვების, მისი დაშლისა და მის რიგებში არეულობის შეტანის გეგმას მისდევდნენ. თუმცა, ოპოზიციური ძალები დარჩნენ შეკრული და ერთიანი“, – დაწერა ასლან ბჟანიამ.
აფხაზური ოპოზიცია მოახლოებული არჩევნების წინ დაიშალა, არადა, ავადმყოფობამდე ბჟანიამ მათი გაერთიანება მოახერხა, ის იყო საერთო კანდიდატი და წინასაარჩევნო რბოლის აბსოლუტურ ფავორიტად მიიჩნეოდა.
მის პირდაპირ კონკურენტად აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა მიიჩნეოდა. ის კვლავინდებურად რბოლის ფავორიტად რჩება, თუმცა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას მძიმე კონკურენცია ექნება რამდენიმე სხვა კანდიდატთან.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო